Facebook Twitter

საქმე N 010141224010120344

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №811-24 15 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თ., N811-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ქ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 1 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა თ. ქ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით, თ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა და გასაღებისთვის) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ქ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 27 აპრილიდან.

3. ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, თ. ქ–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, თ. ქ–ს მიმართ არ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

5. თ. ქ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით. საქართველოს სსკ-ის დღეს მოქმედი რედაქციით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღებისთვის (ნარკოტიკული საშუალების ოდენობების გათვალისწინებით), შესაბამისად ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღებისათვის მსჯავრდებულ პირებზე.

4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ათავისუფლებს საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებს. ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან შესაძლოა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალოს და კონკრეტული ქმედებები საქართველოს სსკ-ის სხვადასხვა მუხლებსა ან/და პუნქტებში მოექცეს, ისე როგორც ეს 2021 წლის 1 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით (რაც ამოქმედდა 2021 წლის 21 დეკემბერს) მოხდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლთან მიმართებით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, მოექცა ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში.

5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მართალია თ. ქ–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დანაშაულის დროს მოქმედი რედაქციით), რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას, თუმცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისია, რაზეც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი არ ვრცელდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ. ქ–ს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი. შესაბამისად, კანონმდებლის მკაფიო მოთხოვნიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. ქ–სის მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის გათვალისწინებით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას თ. ქ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ქ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ქ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე