საქმე N 330100122006596524
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №820აპ-24 29 ნოემბერი, 2024 წელი
ნ. გ. №820აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ჭ–ს და ს. კ–ს – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. გ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ორი ან მეტი პირის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ს–ს მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირებისას, რაც ჩხუბში გადაიზარდა, ნ. გ–მ დ. ხ–ს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა პნევმატური პისტოლეტი. ნ. გ–სის განზრახი ქმედებით დ. ხ–სმა თავის არეში მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.3. 2022 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით, 17:30 საათზე, ნ. გ–ე იმავე დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო განაწყენებული, ანგარიშსწორების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, დ. ხ–ს და მასთან მყოფი პირების მოკვლის მიზნით, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, მივიდა ს–ში მცხოვრებ დ. ხ–სთან. მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, დ. ხ–სის სახლთან, ავტომანქანაში მჯდომ აგრესიულად განწყობილ, ნ. გ–სთან შესახვედრად მივიდა დ. ხ–ს მეგობარი გ–ი, სადაც დ. ხ–ი და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეიკრიბნენ. ამ დროს, ნ. გ–მ ავტომანქანიდან, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მრავალჯერ გაისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა გ–ი, ხოლო დ. ე–მ, ი–მ, ნ. შ–მ და ქ. ხ–მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება. ნ. გ–მ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო დ. ხ–სის და ზემოთ აღნიშნული დაზიანებული პირების მკვლელობის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ნ. გ–ს ქმედების შედეგად, ასევე ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო ამ უკანასკნელის ნათესავმა – თ–აა.
1.4. ნ. გ–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „აკს“-ის მოდელის, 5,45 კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (N......) და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა 2022 წლის 17 სექტემბერს, ს–სთან მისვლისას, დ. ხ–სის სახლთან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დროს. 2022 წლის 17 სექტემბერს, ს–ი, ნ. გ–ს საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ეზოდან ამოღებული იქნა „აკს“-ის მოდელის, 5,45 კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით, ნ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. კ–მ და მოითხოვა ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 4 ივლისს, მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ჭ–მა და ს. კ–მ, საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნობა, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულად დაკვალიფიცირება და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
3.3. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშაკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მისი ქმედების ხასიათს. მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ 2022 წლის 17 სექტემბერს გ–იი გარდაიცვალა, ხოლო ქ. ხ–ს, ი–ს, დ. ე–ს, ნ. შ–ს და თ. მ–ს დაუზიანდათ ჯანმრთელობა. ნ. გ–სე არ გაურბოდა მის წილ პასუხისმგებლობას და აღიარებდა იმას რაც ჩაიდინა, თუმცა ვერ აღიარებს ვინმეს მოკვლის განზრახვის არსებობას, რადგან ამგვარი განზრახვა მას არ ჰქონია. მართალია, ნ. გ–მ შემთხვევის ადგილზე სხვების შესაშინებლად მიიტანა იარაღი, თუმცა ჰქონდა თავდაცვის მიზანი და გაისროლა მას შემდეგ, რაც დაზარალებული ეცადა მისთვის იარაღის წართმევას. საგულისხმოა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ ადამიანებთაგან ნ. გ–სე მხოლოდ დ. ხ–სზე იყო განაწყენებული, თუმცა მისთვის არ უსვრია, ხოლო გ–თან მას კონფლიქტი არასოდეს ჰქონია და, შესაბამისად, მოკვლის განზრახვა ვერ ექნებოდა. მისი სიკვდილი იარაღის გავარდნამ გამოიწვია. აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი, ბრალდების მხარის მოწმეები კი, ფაქტს ურთიერთსაწინააღმდეგოდ და მიკერძოებულად აღწერენ, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა (მოწმე პ–ე) იძლევა შესაძლებლობას დასკვნისათვის, რომ იარაღი დამიზნებით არ არის ნასროლი და ადგილი აქვს შემთხვევით გავარდნას. ამასთან, ნ. გ–ს, ვინმეს მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, დ. ხ–სის სახლთან თ. მ–ა და ე–თან ერთად არ დაბრუნდებოდა და მანქანაში არ დარჩებოდა დაქოქილი ძრავით, არამედ მისვლისთანავე ავტომატმომარჯვებული გადავიდოდა მანქანიდან. დამაჯერებლობასაა მოკლებული, რომ მიზანმიმართული სროლის შემთხვევაში ნ. გ–ე ესროდა ქალებს, მით უმეტეს, მის ცოლის დას – თ. მ.... აღნიშნული სწორედ უკონტროლო გასროლაზე მიუთითებს. ბრალდების მხარის მოწმეები არ არიან გულწფერლნი, როდესაც მიუთითებენ, რომ ავტომანქანასთან მისულმა გ–იმა ავტომანქანის სახურავზე დადო ხელი და ისე ესაუბრებოდა ავტომანქანაში მყოფ ნ. გ–ს. ისინი ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოდ აღწერენ შემთხვევის დროს მომხადრ ფაქტებს. ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზებით დადასტურდა გ–ს ხელებზე არსებული დამწვარი დენთის კვალი, რაც სწორედ შესაძლოა ავტომატზე ჯაჯგურის შემთხვევაში დარჩენილიყო. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან ვერ დგინდება, თუ რა გარემოებებმა მიიყვანა სასამართლო დასკვნამდე, რომ ნ. გ–ე მოქმედებდა არაპირადაპირი განზრახვით. ამასთან, სააპელაციო სასამართლო უხეშად შეიჭრა მხარეთა კომპეტენციაში, დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი და არსებითად გასცდა წარდგენილი ბრალდების ფარგლებს. დაცვის მხარე თავს იცავდა სწორედ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და ამტკიცებდა, რომ უსაფუძვლო იყო მითითება, თითქოს ნ. გ–ე შემთხვევის ადგილზე ვინმეს მკვლელობის განზრახვით მივიდა. ბრალდების უცვლელობის პრინციპი მოითხოვს, რომ სუბიქტისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, თუ რას ედავება მას ბრალდების მხარე, რადგან შეძლოს დაცვის მხარის სათანადოდ განხორციელება. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, კვალიფიკაცია არ შეცვლილა, თუმცა დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელი არის განზრახვის დადგენა, რაც შინაარსით ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელია. ამასთან, ბრალდების მხარემ ნ. გ–ს ქმედება დააკვალიფიცირა განზრახ მკვლელობის მცდელობად, მხოლოდ იმიტომ რომ მას არ მისცემოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსაჯადობის უფლება. აღნიშნულის თაობაზე ნ. გ–ს მიმართული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. საკასაციო საჩივრით, დაცვის მხარე ითხოვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შეფასებას, რა დროსაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეაჩერა საქმის წარმოება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოხსენებული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს. კასატორები ასევე ითხოვენ ნ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაწილში, ხოლო ცეცხლსაროლი იარაღის შეძენა, შენახვისა და ტარების ბრალდება - არ გამხდარა სადოვოდ. შესაბამისად, მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი: ნ. გ–სა და დ. ხ–ს შორის შემთხვევამდე ადგილი ჰქონდა ფულად თანხასთან დაკავშირებულ უსიამოვნებას. 2022 წლის 17 სექტემბერს, ურთიერთობის გასარკვევად, ნ. გ–ე შვილთან – გ. ნ–სთან ერთად სასაუბროდ შეხვდა დ. ხ–სს ამ უკანასკნელის სახლთან. ერთის მხრივ, მამა-შვილ ნ-სა და, მეორე მხრივ, დ. ხ–სა და მასთან მყოფ პირებს შორის სიტყვიერი უთანხმოება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შემდეგაც ნ-ებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი. ფიზიკური დაპირისპირების დროს გ. ნ–მ დაკარგა ავტომანქანის გასაღები, რის გამოც, ავტომანქანა ვერ წაიყვანა და დატოვა დ. ხ–ს სახლთან. რამდენიმე წუთის შემდეგ ნ. გ–სე ცოლის დასთან – თ. მ...ა და შვილის საცოლესთან – ე-თან ერთად, მეუღლის ავტომანქანით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. მას თან ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდან გასროლის შედეგად დაიჭრა რამდენიმე პირი. მათგან გ–ი გარდაიცვალა, ხოლო დ. ე–მ, ი–მ, ნ. შ–მ და ქ. ხ–მ, ასევე თვით ნ. გ–ს ცოლის დამ – თ–ა მიიღეს სხეულის დაზიანებები.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. გ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დ. ხ–სთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ბრალდებით ნ. გ–სის უდანაშაულობის შესახებ და ყურადღებას გაამახვილებს ზემოხსენებულ ინციდენტში მონაწილე პირების – დ. ხ–ს, ნ–სის, თ–ა-ის, კ-სა და გ. ნ–ის, ასევე ფაქტის თვითმხილველი მოწმეების – ქ. ხ–ის, ნ. შ-ს და მ-ის ჩვენებებზე, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ კონფლიქტის დროს ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ნ. გ–სე და დ. ხ–სი, ხოლო გ. ნ–თანე უპირისპირდებოდა ნ–ს, კ-ს და თ–ა–ს. ხსენებული პირების ჩვენებებით ასევე დგინდება ის ფაქტი, რომ ინციდენტის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო დ. ხ–სმა. სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დ. ხ–სმა განმარტა, რომ კონფლიქტის დროს ნ. გ–მ ამოიღო იარაღი და 3-4 ჯერ ჩაარტყა თავში. ნ. გ–ს მიერ დ. ხ–თვის თავის მიდამოში იარაღის ჩარტყმის ფაქტი დადასტურებულია ასევე მოწმეების: ნ–სის, ქ. ხ-ის, ნ. შ-ს და მ-ის ჩვენებებით. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნით კი, დადგინდა, რომ ,,სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N-ის, შპს კ.მ.ც–ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N–ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად, მოქ. დ. ხ–ს 2022 წლის 17 სექტემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა: თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თავის მიდამოში ჭრილობები, ჰემატომები და ექსკორიაციები. გამოძიების მიერ წარმოდგენილი მოქ. დ. ხ–ს კომპიუტერული ტომოგრაფიის ელექტრონული ჩანაწერი შესწავლილი იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: არსებულ გამოსახულებებზე ვლინდება ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა დისლოკაციის გარეშე. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (17.09.2022) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით“. 2022 წლის 17 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ბეტონის ბარიერის ზედაპირიდან ამოღებული იქნა პისტოლეტის მაგვარი საგანი, რაც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2022 წლის 18 სექტემბრის სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, არის ქარხნული წესით დამზადებული „POWERLINE 5501” მოდელის, 4,5 მმ კალიბრის პნევმატური პისტოლეტი. მსჯავრდებულმა ნ. გ–მ კი სასამართლოში დაადასტურა, რომ როდესაც 2022 წლის 17 სექტემბერს, პირველად მივიდა დ. ხ–სთან თან ჰქონდა პნევმატური იარაღი, რომელიც ამოუვარდა შემთხვევის ადგილზე.
5.5. ზემოხსენებული მტკიცებულებების გათვალიწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც ადასტურებს, ერთის მხრივ, ნ. გ–ს მიერ დ. ხ–სთვის თავის არეში იარაღის ჩარტყმის, ხოლო მეორეს მხრივ ისეთი დაზიანების მიყენების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.6. საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, აღნიშნულ ეპიზოდში შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას, რომ სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.7. რაც შეეხება ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებას, საკასაციო პალატა თავდაპირველად მიმოიხილავს აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებულ მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შემდგომ კი სამართლებრივად შეაფასებს ნ. გ–ს ქმედებას.
5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ნ. გ–მ გ–ის სიცოცხლე მოუსპო გაუფრთხილებლობით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე ნ. გ–სე მივიდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომლიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა გ–ი, ხოლო დ. ე–მ, ი–მ, ნ... შ–მ, ქ. ხ–მა და თ–ა მიიღეს სხეულის დაზიანებები. სადავოა მსჯავრდებულისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების კვალიფიკაცია.
5.9. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, დ. ხ–ს ჩვენების თანახმად, მასსა და მის მეზობელ ნ. გ–ს შორის არსებობდა კონფლიქტი. 2022 წლის 17 სექტემბერს, შუადღისას, ტყის პირას, შეხვდა ნ. გ–ე, რომელიც შეეცადა მასთან დალაპარაკებას. ვინაიდან, ჰქონდა რთველი და სტუმრებს ელოდა, ნ. გ–ს სთხოვა სხვა დროს გარკვეულიყვნენ სიტუაციაში. სახლში დაბრუნებულს, დაახლოებით 20 წუთში მიაკითხა აგრესიულად განწყობილმა ნ. გ–მ, რომელმაც ამოიღო იარაღი და 3-4 ჯერ ჩაარტყა თავის არეში. ამ ფაქტს მოჰყვა მასსა და ნ. გ–ს შორის ფიზიკური დაპირისპირება. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ჩაერთვნენ ნ–ე, კ–ა, თ. ა–ი, ნ... შ–ა, ქ. ხ–ი და მ–ე. საბოლოოდ, ისინი დაშოშმინდნენ და ნ. გ–სე წავიდა. თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. მალევე მასთან სტუმრად მივიდნენ მისი მეგობრები – ი–მე და დ. ე–ე, ასევე თანასოფლელები – გ–ი, ხ–ი და თ-ი. ისინი მომხდარი დაპირისპირების თაობაზე საუბრობდნენ. რა დროსაც ნ. გ–ე კვლავ მივიდა მის სახლთან, ქალბატონებთან ერთად. გარედან ისმოდა ყვირილის ხმა, რის გამოც, გ–ი გავიდა ნ. გ–სთან სასაუბროდ. მას გაჰყვნენ ხ-ი, თ-ი, ი–მე, დ. ე–ე და მისი ოჯახის წევრები. თვითონ ყველაზე ბოლოს გავიდა გარეთ და ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა ნ. გ–სის ავტომანქანასთან მისულ გ–ის. როდესაც ის იმყოფებოდა გ–იისგან, დაახლოებით, 30-40 სმ-ის მოშორებით, დაინახა, რომ ამ უკანასკნელმა მარცხენა ხელი ნ. გ–ს ავტომანქანის სახურავზე ჩამოდო და როდესაც მეორე ხელის დადებას აპირებდა, სახეშეცვლილმა გამოიხედა, რა დროსაც ავტომანქანიდან მოულოდნელად დაიწყო ავტომატური იარაღიდან სროლა. ნ. გ–სა და გ–ის შორის საუბარი არ შემდგარა. მან ჩაიხედა ავტომანქანაში და დაინახა, რომ ნ. გ–ს ფეხებზე იარაღი ედო. იქ მყოფი პირები დაბლა იწვნენ და ირგვლივ ყველაფერი სისხლიანი იყო. ინციდენტის დროს ასევე დაიჭრნენ დ. ე–ე, ი–ე, ნ... შ–ა და ქ. ხ–მი. ყველა მათგანი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
5.10. დ. ხ–სის ჩვენების სადავოდ გამხადრი ფაქტობივი გარემოება – თუ სად და როგორ მდგომარეობაში იდგა გ–ი და ასევე, ჰქონდა თუ არა ამ უკანასკნელს ფიზიკური შეხება ნ. გ–სთან, გამყარებულია თ-ს ჩვენებით, კერძოდ, მან განმარტა, რომ დაინახა, თუ როგორ იყო გ–ი დაყრდნობილი ნ. გ–სის ავტომანქანის მარცხენა წინა კართან, ხელები კი სახურავზე ედო. დ. ხ–სი ნ. გ–სეს ეუბნებოდა, მისთვის თავი დაენებებინა. საუბარი, დაახლოებით ნახევარ წუთს გაგრძელდა. გ–ს მხრიდან ნ. გ–ს მიმართ იარაღის წართმევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. დ. ხ–ს ავტომანქანასთან მისვლისთანავე დაიწყო ავტომატიდან სროლა, რა დროსაც წაიქცა გ–ი, ხოლო ნ. გ–მ მაშინვე დაძრა მანქანა და დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დაადასტურა მოწმე ხ-მაც და განმარტა, რომ 2022 წლის 17 სექტემბერს იმყოფებოდა დ. ხ–სთან სახლში. ხმაურზე იგი და სახლში მყოფი პირები გავიდნენ გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ გ–ი იდგა ნ. გ–სის ავტომანქანასთან და ხელები ედო სახურავზე. მისი გარეთ გასვლიდან, დაახლოებით, ოც წამში ავტომანქანიდან დაიწყო სროლა და გ–ი დაეცა.
5.11. სადავოდ გამხდარი გარემოება, რაც უკავშირდება იარაღის წართმევის მცდელობის ფაქტს, არც თვითმხილველი მოწმეების – თ. მ...-- და ე-ის ჩვენებებშია ასახული. მათ დაადასტურეს გ–ს ნ. გ–ს მანქანასთან მიახლოვების და შემდეგ გადახრილ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, თუმცა არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ამ ორ პირს შორის ადგილი ჰქონდა ჯაჯგურს.
5.12. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს და მიუთითებს, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მოწოდებულ ინფორმაციას და დადასატურებულად მიიჩნევს, რომ ავტომანქანში მყოფ ნ. გ–ს მიუახლოვდა გ–ი, რომელმაც ავტომანქანის სახურავზე დაადო ხელები, სალონში ხელის შეყოფის და ავტომატის წართმევის მცდელობას, კი - ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის ზემოხსენებული მოწმეები არიან ერთი ან მეორე მხარის ახლობელები, რის გამოც განსაკუთრებული სიფრთხილით აფასებს ამ ჩვენებებს და მათ შესაბამისობას საქმეში წარმოდგენილ სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორების მიერ მითითებული გარემოებები კი, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით.
5.13. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ–ს ხელებზე დამწვარი დენთის კვალის აღმოჩენა ადასტურებს ავტომატზე ჯაჯგურის ფაქტს, ვინაიდან დადგენილია, რომ იგი ხელებით დაყრდნობილი იყო ავტომანქანის სახურავზე და ახლოს იმყოფებოდა ნ. გ–სთან. ამასთან, გ–იის მხრიდან ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობა არ დადგენილა არც მოწმეთა ჩვენებებით და არც ჩატარებული საექსპერტო კვლევებით.
5.14. ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N.. დასკვნით დგინდება, რომ „... ავტომატის სასხლეტიდან და სახელურიდან, ტიბჟირიდან, ჩარჩოდან და მჭიდიდან არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ. გ–ს. ... ანაწმენდებზე – ავტომატის ლულიდან, დასაკეცი კონდახიდან და პოლიეთილენის პარკიდან არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის ნ. გ–სეს, ხოლო მინორული წილი - ნ-ს, ობ. ....-ის პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია“.
5.15. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი N... ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შეკითხვაზე შესაძლებელი იქნებოდა თუ არა კონკრეტულ ვითარებაში, ავტომანქანის მარცხენა წინა კარებთან 0,29მ-ში მდგომ პიროვნებას, რომელსაც ხელები (ხელის მტევნები) ეწყო ავტომანქანის სახურავზე, გასროლების შედეგად ხელების მტევნებზე და სახის მიდამოში დარჩენოდა დენთის წვის შედეგად წარმოქნილი მიკრონაწილაკები - დადგენა შეუძლებელია სეებ-ს ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულებით, კონკრეტული კვლევის შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო.
5.16. დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ავტომანქანის მარცხენა წინა კართან 0,29 მეტრში მდგომ პიროვნებას, რომელსაც ხელები (ხელის მტევნები) ეწყო ავტომანქანის სახურავზე, გასროლების შედეგად ხელის მტევნებზე დენთის წვის პროდუქტები და დენთის დამწვარი და დაუმწვარი ნაწილაკები არ დარჩებოდა. გასროლების შედეგად დენთის წვის პროდუქტები და დამწვარი და დაუმწვარი ნაწილაკები ასევე არ დარჩებოდა პიროვნების სახეზე, თუ კი მას სახე სალონის გარეთ ჰქონდა. ამასთან, აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა გ.... განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს ხელები ავტომანქანის სალონთან შეხებაში ექნებოდა, ხოლო ავტომანქანის ფანჯარა ღია – დენთის კვალის დარჩენის შესაძლებლობა არ გამოირიცხებოდა.
5.17. შესაბამისად, აფასებს რა ზემოხსენებულ ესპერტიზის დასკვნების შედეგებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ–ს მტევნებიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდებზე აღმოჩენილი დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები – არ ადასტურებს, რომ გ–ის ხელები მანქანის სალონში ჰქონდა შეყოფილი და ცდილობდა ნ. გ–სთვის იარაღის წართმევას, მით უფრო რომ აღნიშნული, გარდა თავად ბრალდებულ ნ. გ–ს ჩვენებისა, არ დასტურდება თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით.
5.18. ის ფაქტი, რომ ნ. გ–ს მიერ განხორციელებული გასროლების შედეგად გარდაიცვალა გ–ი, ხოლო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს – დ. ე–მ, ი–მ, ნ... შ–მ, ქ. ხ–მა და თ–აა დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.
5.19. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ–ე იყო რა წინარე კონფლიქტით განაწყენებული, მოქმედებდა ანგარიშსწორების მიზნით, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გამიზნული გასროლები, რითაც ჭრილობები მიაყენა დაზარალებულებს (რომელთა შორის გ–ი გარადაიცვალა, ხოლო დ. ე–მ, ი–მ, ნ... შ–მ, ქ. ხ–მა და თ–ა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები). მათთვის მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციის, დანაშაულის იარაღის და გასროლის მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, რომ ნ. გ–მ ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული.
5.20. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილება). ამასთან, მკვლელობის სურვილი შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №379აპ-18 გადაწყვეტილება).
5.21. სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის №142აპ-13 გადაწყვეტილება).
5.22. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ ქმედებად ითვლება დანაშაული, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
5.23. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილია, რომ ქმედების პირდაპირი განზრახვით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა, კერძოდ: ა) პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა; ბ) უნდა ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას; გ) უნდა სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
5.24. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობის პირდაპირი განზრახვით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს მისი მიზანმიმართული ქმედება, მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და მისი დამოკიდებულება შედეგის მიმართ (უნდა სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას). ასევე შესწავლილ უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანების ხასიათი, როგორ ვითარებაში იქნა მიყენებული და სხვა.
5.25. მოცემულ შემთხვევაში მიმოხილულ მოწმეთა ჩვენებებით, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2022 წლის 17 სექტემბერს, პირველად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან მალევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. გ–ე კვლავ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. დ. ხ–ს სახლთან, ავტომანქანაში მჯდომ ნ. გ–სესთან თავდაპირველად მივიდა გ–ი, ხოლო შემდეგ დ. ხ–ი, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები. რა დროსაც ნ. გ–მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულად მრავალჯერ გაისროლა.
5.26. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2022 წლის 4 ნოემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად: - ა/მანქანა „TOYOTA CHR“-ზე სახ. ნომრით W.... არსებული დაზიანებები თავისი ფორმით, განვითარების ხასიათით და მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, არის ცეცხლნასროლი წარმოშობის და განვითარებულია არაუმცირეს 5მმ და არაუმეტეს 6მმ დიამეტრის მქონე ჭურვების ზემოქმედების შედეგად. ავტომანქანაზე შიდა მხრიდან არსებული დაზიანებები პირველადი წარმოშობისაა, რის შედეგადაც განვითარდა გარე ზედაპირზე არსებული დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები მიმართულია შიგნიდან გარეთ, წარმოსახვითი განივი ღერძის მიმართ მარცხნიდან მარჯვნივ და ნაწილობრივ ზემოდან ქვემოთ. აღნიშნული დაზიანებების კუთხემ ავტომანქანის სიბრტყის მიმართ, ჭურვის მოძრაობის მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ შეადგინა დაახლოებით 15°. ხოლო მანქანის წარმოსახვითი ღერძის მიმართ, ზემოდან ქვემოთ შეადგინა დაახლოებით 10°. დასკვნის გამცემმა ექსპერტმა პ–ეემ განმარტა, რომ მანქანას დაახლოებით 24 დაზიანება ჰქონდა, ზოგი გამჭოლი და ზოგი არაგამჭოლი, განხორციელებული შიგნიდან გარეთ სროლით. სროლის რეჟიმი დიდი ალბათობით იყო ავტომატური.
5.27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. გ–ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ისროდა იმ მიმართულებით, სადაც ადამიანები იყვნენ (მათ შორის გ–ი - უშუალოდ ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს სახურავზე იყო ხელებით დაყრდნობილი, ხოლო დ. ხ–ი იქვე იმყოფებოდა) და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები (მათ შორის 24 გამჭოლი) განახორციელა. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა სროლის მიმართულება, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, 2022 წლის 4 ნოემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნით უტყუარადაა დადგენილი. კერძოდ, გასროლები ნაწარმოებია ავტომანქანის შიგნიდან გარეთ ერთიდაიგივე კუთხით, რაც ერთის მხრივ ამყარებს მოწმეთა ჩვენებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გ–ისა და ნ. გ–სეს შორის ავტომატთან დაკავშირებით ჯაჯგურს ადგილი არ ჰქონია, ხოლო მეორეს მხრივ ადასტურებს მსჯავრდებულის განზრახვას. განზრახვის დასადასტურებლად საკასაციო სასამართლო მოიხმობს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს: ნ. გ–სა დ. ხ–ს შორის 2022 წლის 17 სექტემბერს 17:00 საათზე, დ. ხ–ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგაც ნ. გ–მ და მისმა შვილმა მოტოციკლით დატოვეს ტერიტორია, ისე, რომ ავტომანქანა, რომლითაც მისული იყო ნ. გ–სის შვილი - გ. ნ–ე - დარჩა შემთხვევის ადგილზე. მომხდარიდან დაახლოებით ნახევარ საათში, ნ. გ–სე თ. მ...-ან და ე-თან ერთად ბრუნდება შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც თან აქვს პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ავტომანქანაში მყოფი ნ. გე ხედავს, რომ მის ავტომანქანასთან მივიდა და ჩამოეყრდნო გ–იი, ასევე იქვე იმყოფებიან დ. ხ–ი და მისი ახლობლები, ამ უკანასკნელების მიმართ, კი მომხდარის გამო არის განაწყენებული და ავტომანქანის შიგნიდან ახორციელებს არაერთ გასროლას. გასროლების განხორციელების შემდეგ, კი დაუყოვნებლივ ტოვებს შემთხვევის ადგილს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ მომენტში ნ. გ–ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ადამიანების მიმართულებით სროლების განხორციელება) და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის (ადამიანების სიკვდილის) დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი (დ. ხ–სა და მასთან მყოფი პირების მკვლელობა).
5.28. ამასთან, ნ. გ–სთვის ბრალადწარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს – დანაშაულის ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში დამნაშავეს წინასწარ შეცნობილი აქვს, რომ იგი კლავს ადამიანს ისეთი ხერხითა და საშუალებით, რომელიც დაზარალებულის გარდა საფრთხეს უქმნის თუნდაც სხვა ერთი ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მოცემულ შემთხევაში დადგენილია, რომ ნ. გ–მ ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაისროლა დასახლებულ პუნქტში, კერძოდ, საცხოვრებლი სახლის წინ, სადაც შემთხვევის დროს იმ პირების გარდა ვისი მოკვლის განზრახვაც მას ქონდა იმყოფებოდნენ სხვა ადამიანები და ტყვია შეიძლება მოხვედროდა შემთხვევის დროს იქვე ახლოს მყოფ პირებს.
5.29. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ქმედების არაპირდაპირი განზრახვით კვალიფიკაცით ნ. გ–ს მიმართ დარღვეული იქნა ბრალდების უცვლელობის პრინციპი - საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გამორიცხა ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენა როცა მიუთითა შემდეგი: ,,სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით/მათი შეფასებით, ნ. გ–სეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, გ–იის - სასიკვდილო შედეგისა და ასევე სხვა პირების სასიკვდილო შედეგის - მიმართ მოქმედებდა მინიმუმ არაპირდაპირი განზრახვით, რაც ამ ქმედების მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის სრულიად საკმარისია“ (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს N1ბ/1601-23 განაჩენი, პუნქტი 5.40).
5.30. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ საკითხზე, რომ ბრალდების მხარემ ნ. გ–ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობით სპეციალურად წარუდგინა, რათა შესაძლებლობა არ ჰქონოდა ესარგებლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი.
5.31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაო საკითხის გადაწყვეტა მთლიანად უკავშირდება პროკურორის უფლებამოსილებას, განხორციელებული ქმედების შედეგად დამდგარ შედეგს და მოკლე დროში ჩასატარებელ არაერთ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში რა შედეგი შეიძლება დადგეს საბოლოოდ აღნიშნულის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ბრალდების მხარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპამდე მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება.
5.32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მხარის მიმართვა არ აჩერებს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვას. აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორაგნული კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას, სასამართლო კონსტიტუციური წარდგინებით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. აღნიშნული უფლების განხორციელება კი მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა, რაც თავისთავად არ გამორცხავს პირის უფლებას, საკონსტიტუციო სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ. გ–სის აღნიშნული უფლება რეალიზებულია და მან მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
5.33. ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის მითითება, რომ 2022 წლის 17 სექტემბერს ნ. გ–სა და დ. ხ–ს შორის არსებული ფიზიკური დაპირისპირების დროს ნ. გ–სესა და გ. ნ–სთვის მიყენებული დაზიანებები დარჩა სათანადო რეაგირების გარეშე, რადგან ნ. გ–ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. გ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე, ნ. გ–სა და გ. ნ–ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.2. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.3. „მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
6.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. გ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ნ. გ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი მსჯავრადშერაცხილი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის კანონიერი და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
6.5. ამასთან, ვინაიდან ნ. გ–მ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6.6. ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6.7. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა დ. ხ–მა უარი განაცხადა ნ. გ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 1/6-ით.
6.8. ამასთან, ვინაიდან, ნ. გ–ს სასჯელი დანიშნული აქვს განაჩენთა ერთობლიობით, რა დროსაც ბოლო განაჩენს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის ზემოხსენებული მუხლი ნ. გ–ს მიმართ.
6.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. გ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ჭ–ს და ს. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ნ. გ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღვკეთა 1 წლითა და 8 თვით.
7. ნ. გ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 19 წლითა და 8 თვით.
8. ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 17 სექტემბრიდან.
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ. გ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
10. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები; თ.... დამაკავშირებელი გზატკეცილის ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული ქვის ნატეხი და ასფალტის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით, მიკროავტობუსში ასასვლელი შიდა საფეხურის ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი მოწითალო ფერის გუბიდან; ,,ტოიოტა CHR“-ის მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: .... დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ანაწმენდები დოლბანდზე, ხელის კვლები; ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: .... დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ანაწმენდი; ,,ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ..... დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები; ბრალდებულ ნ. გ–ს ნერწყვის ნიმუში; ბრალდებულ ნ. გ–ს სუნის ნიმუში; ბრალდებულ ნ. გ–ს ანაწმენდები მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან; ნ. გ–ს ხელის კვლები; გ–იის გვამის ხელის კვლის ნიმუშები; ,,ფორდ ესკაიპის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: .... დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და მოწითალო ფერის ლაქის ანაფხეკი, ანაწმენდები; ავტომატიდან, მჭიდიდან და პოლიეთილენის პარკიდან აღებული ანაწმენდები; ანაწმენდები პისტოლეტიდან; ანაწმენდები ორი მასრიდან; ანაწმენდები ხუთი მასრიდან; გ–იის გვამიდან აღებული ნიმუშები, სისხლი, თმა, ფრჩხილები, ანაწმენდები და ნაცხხის ნიმუშები; გ–ს გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები; დ. ხ–ს ნერწყვის ნიმუში; ქ. ხ–ს ნერწყვის ნიმუში; ნ... შ–ს ნერწყვის ნიმუში; დ. ე–საგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ი–ს ნერწყვის ნიმუში; გ. ნ–საგან აღებული ნერწყვის ნიმუში; გ. ნ–ს დაქტილობარათი; ნ....ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში; ნ-ის დაქტილობარათი; თ. მ–ს ნერწყვის ნიმუში; გ–ს შარვლის მარჯვენა ტოტის უკანა შიდა ზედაპირიდან ამოღებული მოშავო ფერის პოლიმერისმაგვარი სპილენძისფერი მეტალისმაგვარი ფრაგმენტები – განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი სანთებელა, 1 ცალი სიგარეტის კოლოფი, 1 წყვილი ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი ქამარი მოწითალო ფერის ლაქებით, 1 ცალი პირსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით; დაზიანებული მობილური ტელეფონი და პლასტმასის დეტალები; ნ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი ჯინსის შარვალი, 1 ცალი მაისური და ბენდენა, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი; ,,ტოიოტა CHR“-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ..... ,,ტოიოტა CHR“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: .... 1 ცალი გასაღები; ,,ტოიოტას მარკის“ ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ..... დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 ცალი ბუსჰალტერი; ,,ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ...... დათვალიერების შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ხელსახოცი, ლითონის ხელჯოხი; ექსპერტიზიდან დაბრუნებული ,,ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ....... დათვალიერების შედეგად ამოღებული ბოთლი და ქილები; მოწმე ნ–ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; დ. ე–ს ტანსაცმელი; ი–ს ტანსაცმელი; ნ... შ–ს ტანსაცმელი; ქ. ხ–მის ტანსაცმელი; თ. მ–ს ტანსაცმელი; გ–ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 ცალი მჭიდი - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს.
,,ტოიოტა CHR“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ...... დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე; ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადამოგზავნილი დაქტილო ფირებზე გადატანილი ხელის კვლების ფოტოსურათები; ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ....... დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე; შპს ,,.......... კლინიკადან“ ამოღებული რენტგენო ფირი; ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადმოგზავნილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დ. ხ–ს სამედიცინო კვლევის ამსახველი ინფორმაცია; შპს ,,........ ცენტრიდან“ ამოღებული ერთი ცალი ლაზერული დისკი; შპს ,,ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან“ ამოღებული ერთი ცალი ლაზერული დისკი; შპს ,,.........“-დან ამოღებული სამი ცალი რენტგენო ფირი; დ. ხ–სის და ქ. ხ–მის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ მყარ დისკზე; შპს ,,ქ. ........... კომპანიიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე; ,,ფორდ ესკაიპის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ........ დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე; ,,ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით: .....დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე; ადგილმდებარეობის (თ-ის მიმდებარედ) დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე; თ....... დამაკავშირებელი გზატკეცილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაცია 1 ცალ ელექტრონულ დისკზე – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
1 ცალი პისტოლეტის მაგვარი საგნისა და 7 ცალი მასრის მაგვარი საგნის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე