Facebook Twitter

საქმე N 330100119003016440

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №823აპ-24 8 ნოემბერი, 2024 წელი

ქ-ი ა.№823აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ბიძინა სტურუა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, მსჯავრდებულ ა. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ქ. (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2017 წლის 28 ნოემბერს, ა. ქ–მა და ვ. გ–ა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ...– ით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N... ყალბი აქტი და სხვა დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული იყო, რომ თითქოსდა სოფელი დ.... საკრებულოს 1994 წლის 20 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, ა. ქ–ს დ–ს სასწავლო ...... ტერიტორიაზე გამოეყო 1790 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. შედეგად, 2018 წლის 29 იანვარს, მიწის იდენტურობის დადგენისა და შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ა. ქ–ს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თ–ს ტერიტორიაზე 520000 ლარად ღირებული 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ..........). 2018 წლის 1 თებერვალს, წარდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოთხსენებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება, რომლის საფუძველზეც ა. ქ–მა და ვ. გ–ა სესხის სახით მიიღეს 51500 ლარი, ხოლო 2018 წლის 16 მარტით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. ქ–მა და ვ. გ–ა მიიღეს 75000 ლარი. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა სახელმწიფოს მიაყენეს 520000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით, ა. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. ამავე განაჩენით, მსჯავრდებული იქნა ვ. გ–ი.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ბ–მ და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადის განსაზღვრა და დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ა. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. 2024 წლის 11 ივლისს, მსჯავრდებულ ა. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ბ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ქ–სათვის დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.

3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი შემამსუბუქებელი გარემოებები – ა. ქ–ს მიერ დანაშაულის აღიარება, მონანიება და მისი ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელების შესაძლებლობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა ა. ქ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ქ–ს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისთვის განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. ქ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მსჯავრდებულს შეუმსუბუქა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.5. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ა. ქ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

5.6. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი კუმულაციურია. კერძოდ, იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია სამივე პირობის ერთდროულად არსებობასთან. სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლისთვის, კანონის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებდეს დანაშაულს, ამასთან არ უნდა წაასწრონ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, ასახელებდეს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობდეს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი, ა. ქ–ს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. კერძოდ, იგი საქმის გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს იმყოფებოდა მიმალვაში, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი.

5.7. ამასთან, ვინაიდან ა. ქ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

5.8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 150-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლით, 200​1 მუხლის პირველი ნაწილით, 205​1 მუხლით, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 220​1 მუხლის მე-2 ნაწილით (თუ ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ან 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ა. ქ–ს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაზეც წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ა. ქ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, კერძოდ: მისთვის მსჯავრად შერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს თაღლითობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, ა. ქ–ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი. თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა, კერძოდ:

5.10. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. ქ.ს მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და მას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, არ ჩაუდენია დანაშაული, რომელიც მითითებულია ამ კანონის მე-7 მუხლში.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეუმცირდეს 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ა. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 25 იანვრიდან;

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ქ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განჩინებით ე. დ–ს უძრავ ქონებაზე (მისამართი: თ...., 1490 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდი .....) დადებული ყადაღის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: 2018 წლის 6 ივნისს ამოღებული ერთი ცალი CD-R დისკი, შპს „......ან“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია სამ ცალ CD-R დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

ბიძინა სტურუა