Facebook Twitter

საქმე # 020141224010127483

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№821-24 15 ნოემბერი, 2024 წელი

ზ.ვ. 821-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ზ–ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით:

1.1. ვ. ზ–ა, – პ/ნ ............., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად – 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა 2021 წლის 6 თებერვლის განაჩენით დამატებით სასჯელად დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ზ–ას განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად – 2 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა – 2000 ლარი;

1.3. ვ. ზ–ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2024 წლის 11 მარტიდან;

1.4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. 2024 წლის 2 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ზ–ს პირადი საქმე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებულ ვ. ზ–ას მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ზ–ამ, რომელიც ითხოვს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა (ვ. ზ–ამ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 11 მარტს).

3. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული ვ. ზ–ა დანაშაულის ჩადენის დროს (2024 წლის 11 მარტს) იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განაჩენით. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.

5. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

6. შესაბამისად, ვ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით – უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.

7. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.

8. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ვ. ზ–ას უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, 9 თვითა და 20 დღით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო, 1 წელი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განაჩენით ვ. ზ–ასათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმა 2000 ლარზე.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. ზ–ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ზ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ ვ. ზ–ას მიმართ შევიდეს ცვლილება:

3.1.,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვ. ზ–ას შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი (4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, 2 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად – 2 წლის გამოსაცდელი ვადით) და თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 9 თვითა და 20 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო, 1 წელი თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს სრულად დაემატოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 თებერვლის განაჩენით დამატებით სასჯელად დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ზ–ას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით, 9 თვითა და 20 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო, 1 წელი თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა – 2000 ლარი;

3.3. ვ. ზ–ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2024 წლის 11 მარტიდან;

3.4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი