Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №84I -24 თბილისი

კ. ე., 84I -24 15 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. კ-ას საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ე. კ-ას პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ე. კ-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. კ-ას განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2018 წლის 8 აგვისტოდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ე. კ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ე. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. კ-ას განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2018 წლის 8 აგვისტოდან. მასვე, ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით: მსჯავრდებულ ე. კ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, ¼-ით შეუმცირდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო ამავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით: მსჯავრდებულ ე. კ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელი – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.

4. მსჯავრდებულ ე. კ-ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.

5. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ე. კ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონების გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი უნდა გაუნახევრდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა), ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა).

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. კ-ას მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება, ვინაიდან აღნიშნული ამნისტია ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ „ა“, „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ხოლო ე. კ-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან ერთად მსჯავრდებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რომელზეც ვრცელდება სასჯელის ¼-ით შემცირება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი.

4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. კ-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის ¼-ით შემცირება.

5. ამავე დროს, მსჯავრდებულ ე. კ-ას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე ასევე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის ¼-ით შემცირება, ვინაიდან მსჯავრდებული ე. კ-ა საჩივრით ასევე ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას; ხოლო ე. კ-ას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის შეფარდებულ სასჯელზე აღნიშნული ამნისტია არ ვრცელდება.

6. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

7. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. კ-ას მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება, ვინაიდან აღნიშნული ამნისტია ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, ხოლო ე. კ-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან ერთად მსჯავრდებულია 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რომელზეც ამნისტია არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ე. კ-ას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ე. კ-ას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე უნდა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე – 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ უნდა გავრცელდეს.

9. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ – უნდა შთანთქას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. კ-ას უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10. რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. კ-ას მიერ საჩივარში მითითებულ ინფორმაციასა და წარმოდგენილ ცნობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო იხილავს საჩივარს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მის მიმართ გავრცელების შესახებ, ხოლო ამ მოცემულობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ კანონის ფარგლებში განსახილველ საკითხს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. კ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. კ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს:

2.1. მსჯავრდებულ ე. კ-ას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. მსჯავრდებულ ე. კ-ას მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე – 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება;

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შეფარდებული და ამ განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. კ-ას განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს დაკავებიდან – 2018 წლის 8 აგვისტოდან;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე