3კ-1150-02 25 ნოემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. აგვისტოში ე. გ.-სა და ვ. ჩ.-ეს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება. ვ.ჩ.-ემ ე.გ.-ს ყოველთვიურად 20% სარგებლით ასესხა 1500 აშშ დოლარი.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ე.გ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1998წ. აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ძირითადი ვალის _ 1500 აშშ დოლარისა და ამ თანხის 8%-ის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს პროცენტის სახით თვეში 300 დოლარს უხდიდა. სულ გადახდილი აქვს 1800 დოლარი და ამდენად, არანაირი ფულადი ვალდებულება აღარ გააჩნია მოვალის მიმართ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. გ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4300 აშშ დოლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლო ხარჯების გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ.-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან – 2002 წლის 22 თებერვალს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით – 2002 წლის 28 მარტს.
ე. გ.-ი სასაპელაციო პალატის 2002 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, რადგან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2002 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2002 წლის 5 მარტიდან, როცა მას განცხადების საფუძველზე ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 288-ე მუხლი ადგენს სხდომის ოქმის შინაარსს. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს. კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ, ე.ი. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, სხდომის ოქმით არ ირკვევა, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოაცხადა თუ მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი. აგრეთვე, არ არის მითითება გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ. ამდენად, სხდომის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საპროცესო ვადის დაცვით შეტანილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 22 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.