საქმე №330141224010279868
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№861-24 14 ნოემბერი, 2024 წელი
გ-ი ზ7, №861-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ა–სის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით, ზ. გ–ი (მონაწილების გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – ჯარიმა 3500 ლარი.
2. 2024 წლის 23 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ა–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ზ. გ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის შემდგომ მიღებული ამნისტიის ყველა კანონის გავრცელება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ა–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
4. მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ა–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2012 წლის, 2021 წლისა და 2024 წლის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონების გავრცლება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
7. მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით დაცვის მხარე არ წარმოადგენს სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის სუბიექტს. შუამდგომლობით ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით სისხლის სამართლის საქმის თავდაპირველი განაჩენის გამომტან სასამართლოს უნდა მიმართოს პროკურორმა. წარმოდგენილი მასალებით, კი ირკვევა, რომ შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მსჯავრდებულის ადვოკატმა. ამასთან, წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება, რომ დაცვის მხარემ დაიცვა ზემოხსენებული კანონით დადგენილი დანაწესი (მიემართა შესაბამისი პროკურორისთვის).
8. რაც შეეხება, დაცვის მხარის მოთხოვნას ზ. გ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით უკვე ნამსჯელია და არ არსებობს ხელახლა განხილვის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, არ არსებობს ზ. გ–ს მიმართ 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან ამ კანონის მე-14 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ,,მსჯავრდებულის, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა“.
12. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით, 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე