Facebook Twitter

საქმე N 160100122006559717

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №885აპ-24 4 ნოემბერი, 2024 წელი

ო–ი ე., №885აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ო. (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ე. ო–ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისთვის ვარგისი თვითნაკეთი წესით დამზადებული „EKOL P29“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და კუსტარული წესით დამზადებული 7 ცალი გამოსაყენებლად ვარგისი საბრძოლო ვაზნა.

1.3. 2022 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 04:45 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ს–ში, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას, ე. ო. პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისთვის ვარგის თვითნაკეთი წესით დამზადებულ .... მოდელის ცეცხლსასროლ პისტოლეტსა და კუსტარული წესით დამზადებულ 7 ცალ გამოსაყენებლად ვარგის ვაზნას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენით, ე. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ო–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 5 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. გ–მა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2024 წლის 10 ივლისს, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე პროკურორმა ალექსანდრე ანდღულაძემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ე. ო–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილ ქმედებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, დამაჯერებლობის და უტყუარობის თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს. ბრალდების მხარის პოზიცია ემყარება ინფორმაციულ პატაკს, ბ. ო–ს, ბ. მ–ს, ა. ც–ს, ა. ბ–ს, ა. ო–ს, ვ; ჩ–ს, მ. კ–ს გამოკითხვის ოქმებს, ე. ო–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად ვერ პასუხობენ უტყუარობის სტანდარტს და აჩენენ ეჭვს ბრალდების მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ, თანაც იმგვარად რომ შესაძლოა ბრალდებული ე. ო. ყოფილიყო არა მხოლოდ სრულიად უდანაშაულო, არამედ ფაბრიკაციის მსხვერპლი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სრულყოფილი, კრიტიკული და ობიექტური შესწავლის შემთხვევაში სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა დაენახა მთელი რიგი საეჭვო ფაქტობრივი გარემოებები. მათი ობიექტური ანალიზის საფუძველზე კი, მსჯავრდებულ ე. ო–ს მიმართ უნდა გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა საბოლოოდ დადგენილ იქნა უკანონო და არაობიექტური განაჩენი, რომლის მიხედვითაც მას სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. პოლიციელები თავიდანვე დაინტერესებულნი იყვნენ ე. ო–ს საწინააღმდეგოდ, შესაბამისად სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მას სთხოვდნენ ისეთი დანაშაულის აღიარებას, რაც არ ჩაუდენია და რის შემდგომაც მოხდა გამოგონილი ბრალის წარდგენა. საგულისხმოა, რომ ბრალდებულმა ე. ო–მა დაკითხვისას დეტალურად აღწერა თუ როგორ მოხდა მისი გადაყვანა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში და შემდგომ ოქმების იმდაგვარად გაფორმება, თითქოს მას პირადი ჩხრეკის დროს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც არც შემთხვევის ადგილზე და არც შემდგომ უნახავს. მან ასევე აღწერა თუ როგორ მოხდა პირის ღრუდან მისი ბიოლოგიური კვალის აღება, რაც კითხვებს აჩენს ბიოლოგიური ექსპეტიზის დასკვნასთან მიმართებით, ვინაიდან შესაძლოა სწორედ უკანონოდ და იძულებით მოპოვებული ბიოლოგიური ნიმუშის გადატანით იყოს გამოწვეული, ცეცხლსასროლ იარაღზე ბრალდებულის ბიოლოგიური კვალის არსებობა. კასატორის პოზიციით, დაუშვებელია დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის მოწმეების მიმართ არსებობდეს ნდობისა და შეფასების განსხვავებული სტანდარტი. ე. ო–მა განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში თავიდან მას სთხოვდნენ ეღიარებინა მისთვის უცნობი პირის კუთვნილი ავტომობილის დაწვის ფაქტი, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და სწორედ ეს უარი გახდა განმაპირობებელი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შემდგომი ფაბრიკაციისა. საქმეში არსებობდა ორი ნეიტრალური პირი ბ. ო–ი (თარჯიმანი) და მოწმე ა. ბ–ი (გარეშე პირი). ბ. ო–ი რეალურად ფორმალურად იქნა მითითებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში, რათა დაეცვათ თარჯიმნის სავალდებულო მონაწილეობის საკითხი, თუმცა მოწმეების ახმედ და ე. ო–ბის ჩვენებებით დგინდება რომ ის რეალურად არ ახორციელებდა თარჯიმნის მოვალეობას, ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს ის, რომ მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვისათვის დაბარებული ბ. ო–ი უგზო-უკვლოდ გაქრა, ვერ მოხდა მისი მოძიება და სავარაუდოდ იგი თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას, რის შემდგომაც ბრალდების მხარემ იგი როგორც მოწმე მოხსნა. ამით კი, თარჯიმნის მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში დარჩა დაუდგენელი და შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი წარმოადგენს უკანონო მტკიცებულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უგულებელყო დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და ასევე უკანონოდ გაიზიარა მოწმე პოლიციელთა ჩვენებები. კასატორი ასევე უთითებს, რომ სწორედ პოლიციელთა მხრიდან ფაბრიკაციის შედეგად მოხდა ე. ო–ს დაკავება და შემდგომში ბიოლოგიური მასალის კვალის აღმოჩენა ცეცხლსასროლ იარაღზე. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციელთა მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა გადაღებული არ იქნა, რისი ხელისშემშლელი გარემოებაც არ არსებობდა და რაც კიდევ უფრო მეტად საეჭვოს ხდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ო–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ე. ო–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის მოწმეების – ა. ბ–ს, ვ. ბ–ს, მ. კ–ს, ვ. ჩ–ს, ბ. მ–ს, ა. ც–ს და თ. გ–ს ჩვენებებს, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმს, ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნასა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N............... დასკვნას, რომლებიც ურთიერთთანხვდენილია და არ შეიცავს საეჭვო გარემოებებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ე. ო–ს შემხებლობა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღთან.

5.5. მოწმე პოლიციელთა ჩვენებები გამყარებულია ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N......... დასკვნით, რომლის თანახმადაც ამოღებული ცეცხლსასროლ იარაღის, სახელურიდან, სასხლეტიდან, ჩარჩოდან და მჭიდიდან აღებულ ანაწმენდებზე აღმოჩენილ იქნა ე. ო–ს ბიომასალა (გენეტიკური პროფილი). საგულისხმოა, ასევე ის, რომ 7 ცალი ვაზნიდან აღებულ ანწმენდებზე, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციელთა ჩვენებების, ასევე ნეიტრალური მოწმის ა. ბ–ს ჩვენების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

5.6. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიოლოგიური მასალის აღმოჩენა ცეცხლსასროლ იარაღზე სამართალდამცავთა მხრიდან ფაბრიკაციის შედეგია და აღნიშნავს, რომ საქმეზე დართული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით, ასევე უტყუარად დასტურდება, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, პირადი ჩხრეკის ოქმი დადასტურებულია მსჯავრდებულ ე. ო.ს ხელმოწერით, ასევე, საგამოძიებო მოქმედების მონაწილე გამომძიებლებისა და ა. ბ–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 ცალი ვაზნა დაილუქა და დალუქულ მდგომარეობაში გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. აღსანიშნავია, რომ პაკეტების ადგილზე დალუქვის ფაქტი ასევე დადასტურებულია მსჯავრდებულის ხელმოწერით. საგულისხმოა ისიც, რომ მსჯავრდებულის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, გაურკვეველია იძულებით ნიმუშის აღების ფონზე, რატომ მოაწერა მან დალუქულ პაკეტებსა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი ისე, რომ არ გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა ან/და შენიშვნა. ამდენად, დაცვის მხარის ზოგადი მსჯელობა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

5.7. დაცვის მხარის ვერსიის თანახმად, ა. ბ–ი არაა ნეიტრალური მოწმე და გარეშე პირი, ვინაიდან იგი ამჟამად დასაქმებულია პოლიციაში, ამასთან ოპერატიული ინფორმაცია სამართალდამცავებმა მიიღეს 2022 წლის 7 ნოემბერს, ხოლო ჩხრეკა ჩატარდა იმავე წლის 9 ნოემბერს, ამდენად, მათთვის საიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ ე. ო. 9 ნოემბერს ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტიდან გარკვეული ხნის შემდეგ, მოწმის მიერ პოლიციის ორგანოში მუშაობის დაწყება, ვერ გახდება მყარი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ჩხრეკის დროს ნეიტრალურ პირს ა. ბ–ის მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის ინტერესი ჰქონდა. რაც შეეხება, ოპერატიული ინფორმაციის მიღებასა და შემდგომ ჩხრეკის ჩატარებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდების მხარემ კანონით დადგენილი წესით შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვის მისაღებად. ჩხრეკის ნებართვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გაიცა, რის შემდეგაც 2022 წლის 9 ნოემბერს, გამთენიისას, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. ამდენად, ნათელია, რომ რეაგირება მიღებულ ინფორმაციაზე იყო კანონშესაბამისი, დროული და გონივრული.

5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ო–ს ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად კი, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბ. ო–ს მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან, ეჭვქვეშ ვერ დააყენებს საგამოძიებო მოქმედებას რომელიც დადასტურებულია სხვა მონაწილე პირთა ჩვენებებით, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თარჯიმანი ბ. ო–ი დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა სიაში არ შეუყვანია და არ მიუჩნევია როგორც დაცვის მხარის მტკიცებულება.

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. ო.ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ო–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე