Facebook Twitter

საქმე # 330100123007366620

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №887აპ-24 ქ. თბილისი

მ. ვ. 887აპ-24 14 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ვ. მ–ს, - პირადი N........, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2023 წლის 6 თებერვალს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, თ–ს ქ.-ის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ვ. მ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ბ. მ–ს, კერძოდ, წააქცია და 2-3-ჯერ ხელი დაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად, ბ. მ–სამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით:

3.1. ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ვ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან - 2024 წლის 15 მარტიდან და იგი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. მ–სმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ღ–ამ. დაცვის მხარე ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ვ. მ–სის გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენი:

5.1. ვ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

5.2. ვ. მ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

5.3. გამართლებულ ვ. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ კერესელიძე ითხოვს ვ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ვ. მ–ს მიერ ბ. მ–სას მიმართ, 2023 წლის 6 თებერვალს ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს.

9.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულ ბ. მ–ს ჩვენება, რომელშიც დაზარალებული მიუთითებს 2023 წლის 6 თებერვალს ვ. მ–ს მიერ მის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე. დაზარალებულის განმარტებით მის მიმართ ჩადენილ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ასევე ესწრებოდა ვ. მ–ს დედა – თ. მ–ა.

9.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე თ. მ–სას ჩვენებით, მის შვილს ვ. მ–სს 2023 წლის 6 თებერვალს ბ. მ–სასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სიტყვიერი კონფლიქტის გამო ვ. მ–სი გაუშვა ბ. მ–სას სახლში, რათა მოეყვანა ბ. მ–ს დედა. ვ. მ–ს ბ. მ–სას დედა არ დახვდა სახლში, რის გამოც მოიყვანა მისი ძმა – ე. მ–ი, რომელმაც შემდგომ ბ. მ–სა წაიყვანა სახლში.

9.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მოწმეები ვ. მ–ს მიერ ბ. მ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თვითმხილველნი არ არიან, აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

9.3.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა ე. მ–სა და ნ. ა–ს ჩვენებებს, რომლებიც მართალია უთითებენ, რომ შემთხვევიდან მალევე ნახეს ბ. მ–სა, რომელსაც ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, თუმცა მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია. ნ. ა–ს განმარტებით, მას დაზარალებულმა ბ. მ–მ დაურეკა, ადგილზე მისულმა როდესაც ნახა ნაცემი და, დაურეკა ძმას - ე. მ–ს და სთხოვა მისვლა. ე. მ–ს განმარტებით კი მასთან ვ. მ–ი მივიდა და სთხოვა სახლში გაყოლა (რაც ასევე თანხვდენილია მოწმე თ. მ–ს ჩვენებასთან). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ბ. მ–ს სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ მიუთითებია დასთან - ნ. ა–სთან დარეკვის ან მისი შემთხვევის ადგილზე მისვლის ფაქტზე.

9.3.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია ასევე ბ. მ–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ნაწილში. მოწმე ნ. ა–სა ჩვენებაში უთითებდა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ბ. მ–ს სახის მარჯვენა მხარე ჰქონდა გაწითლებული და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ე. მ–მა კი მიუთითა, რომ ბ. მ–ს ნახვისას, მას სახის ნაწილი ჰქონდა გაწითლებული და ამბობდა, რომ ვ. მ–მა დაარტყა სახეში. თავად დაზარალებულის განმარტებით კი ვ. მ–მა ხელი დაარტყა ყურის არეში, რის შედეგადაც წაიქცა და შემდეგ წაქცეულს ურტყამდა.

9.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ან/და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ობიექტურად დაადასტურებდა ბ. მ–ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებების არსებობას და მის ხანდაზმულობას.

10. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ვ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ითვალისწინებს, მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას (დაზარალებულმა და საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა გამოძიებას ვ. მ–ს მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს დაზარალებულის ძმის ე. მ–სის მიერ ვ. მ–ს დაჭრის შემდეგ), სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს და მიუთითებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ვ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ვ. მ–ს სასარგებლოდ.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი