3კ-1172-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ა”-ის სარჩელი ბ. ჭ.-ის მიმართ 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდევინების შესახებ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაკმაყოფილებულ იქნა სარჩელის პირვანდელი მოთხოვნა ქ. თბილისში ... მდებარე სახლის სს “ა”-ზე რიცხული ფართიდან ბ. ჭ.-ის გამოსახლების და ბინის საჯარო ვაჭრობის წესით გაყიდვის შესახებ.
ბ. ჭ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2001წ. ოქტომბერში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინებით ბ. ჭ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ გაშვებული იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.
ბ.ჭ.-ემ სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა 2002წ. სექტემბერში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ბ. ჭ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2001წ. ოქტომბერში.
გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი სსკ-ს 293-ე მუხლის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელი იყო 14 დღის განმავლობაში.
სსკ-ს პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
სსკ-ს 436-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო წესით შეიძლებოდა გასაჩივრებული ყოფილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1999წ. 15 მაისამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შესულა კანონიერ ძალაში. მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე ჯერ კიდევ 1996 წელს ამოეწურა სააღსრულებო ფურცელი.
ასეთ პირობებში სააპელაციო პალატას არ გააჩნდა ბ. ჭ.-ის სააპელაიცო საჩივრის დაშვების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ ხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ჭ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.