საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №892აპ-24 თბილისი
დ-ე მ., 892აპ-24 5 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან გიორგი შალამბერიძის
პროკურორ გიორგი ლობჯანიძის
ადვოკატ ნ. ს-ის
მსჯავრდებულ მ. დ-ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე და მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი ლობჯანიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენით მ. დ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა – 3000 ლარი, ხოლო 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი – ბენზოხერხი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. დ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი – ბენზოხერხი. მ. დ-ეს სასჯელის ვადა აეთვლება განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან (მ. დ-ე დააკავეს 2024 წლის 19 თებერვალს). მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო – 2022 წლის 14 თებერვლიდან 2022 წლის 28 ივნისის ჩათვლით.
2. განაჩენის მიხედვით, მ. დ-ეს მსჯავრად დაედო:
· ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
· ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2022 წლის 12 თებერვალს, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ის მიმდებარედ არსებულ ტყეში, მ. დ-ემ, ბენზოხერხის გამოყენებით, უკანონოდ მოჭრა 12 ძირი წიფლის ჯიშის ხე, რის შედეგად გარემოს მიადგა 1307.75 ლარის ზიანი;
o 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 18:00 საათზე, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ის მიმდებარედ არსებულ ტყეში, სსიპ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირების თანამშრომლებმა – ვ. ბ-მა და გ. მ-მა – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე გამოავლინეს მ. დ-ე, რომელიც 2022 წლის 12 თებერვალს მის მიერ უკანონოდ მოჭრილ ხეებს თანმხლებ პირებთან ერთად ბენზოხერხით ამუშავებდა და ავტომანქანაზე ტვირთავდა. გარემოს დაცვის თანამშრომლების მიერ ხის მოჭრისა და დამზადების ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის შემდეგ, მ. დ-ე აგრესიული გახდა და ვ. ბ-სა და გ. მ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ უთხრა, რომ ხერხით შუაზე გადაჭრიდა; ბენზოხერხი აამუშავა და მათ თავს დაესხა. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულებმა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში განიცადეს, სამსახურებრივი საქმიანობა ვეღარ გააგრძელეს და თავს გაქცევით უშველეს.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატმა – ნ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. დ-ის გამართლება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2024 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატმა – ნ. ს-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. დ-ის გამართლებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით.
7. 2024 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილემ – გიორგი ლობჯანიძემ – მომართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც ითხოვს მასა და მსჯავრდებულ მ. დ-ეს შორის 2024 წლის 24 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შემდეგი პირობით: მ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა – 3000 ლარი, ხოლო 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა – 10000 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი – ბენზოხერხი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. დ-ეს განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი – ბენზოხერხი და დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა – 10000 ლარი.
8. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, პროკურორმა გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა მ. დ-ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ და 2024 წლის 24 ოქტომბერს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მასა და მსჯავრდებულ მ. დ-ეს შორის, ადვოკატის მონაწილეობით, წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა 2024 წლის 5 ნოემბერს, 14:00 საათზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე: მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილემ – გიორგი ლობჯანიძემ; მსჯავრდებულმა – მ. დ-ემ და მისმა ადვოკატმა – ნ. ს-ემ.
11. ამასთან, მსჯავრდებულმა – მ. დ-ემ და მისმა ადვოკატმა – ნ. ს-ემ ითხოვეს, რომ სასამართლომ არ განიხილოს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილე გიორგი ლობჯანიძესა და მსჯავრდებულ მ. დ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, განიხილა პროკურორის შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ ბრალდება დასაბუთებულია და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით; მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება მ. დ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე და 3531-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული მ. დ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. ამავე დროს, პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი ლობჯანიძის შუამდგომლობა, მასა და მსჯავრდებულ მ. დ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. ამასთან, მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე არ უნდა იქნეს განხილული, დაცვის მხარის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე, 303-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. დ-ის ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, დაცვის მხარის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილის – გიორგი ლობჯანიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
3. დამტკიცდეს მარნეულის რაიონული პროკურორის მოადგილეს – გიორგი ლობჯანიძესა და მსჯავრდებულ მ. დ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4.1. მ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3000 ლარი;
4.2. მ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით. მასვე, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი – ბენზოხერხი, ხოლო ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა – 10000 ლარი;
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. დ-ეს განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მ. დ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი – ბენზოხერხი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა – 10000 ლარი;
4.4. მ. დ-ეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 19 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობის დრო – 2022 წლის 14 თებერვლიდან 2022 წლის 28 ივნისის ჩათვლით;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. დ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმებულია და გირაოს – 10000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, ნ. ა-ის -- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი ------) განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში მოეხსნას ყადაღა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ მ. დ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. ნივთიერი მტკიცებულებები: ვ. ბ-ის მობილური ტელეფონი და ქურთუკი; გ. მ-ის ქურთუკი და ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით – --) დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირებს; წიფლის ჯიშის ხეები დაუბრუნდეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს და მათი რეალიზაციით მიღებული თანხა დარჩეს ამ ორგანოს ანგარიშზე, ხოლო DVD დისკი – დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე