3კ-1186-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 25 სექტემბერს გ. შ.-მ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის შესახებ.
ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 2 ოქტომბრის განჩინებით გ. შ.-ის შუამდგომლობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. შ.-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად და მის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გასვლის შემდეგ 2001წ. 6 მაისის განჩინებით დატოვა განუხილველად.
გ. შ.-ის წარმომადგენელმა ა. ჩ.-მ აღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ მას გასაჩივრების უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა წარმოდგენილი აქვს. თბილისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 9 ივლისის განჩინებით საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს 98-ე მუხლის თანახმად მინდობილობაში საგანგებოდ უნდა აღინიშნის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების შესახებ, რაც ა. ჩ.-ის მიერ წარმოდგენილ მინდობილობაში მითითებული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
2001წ. 22 აგვისტოს სამი წლის ვადით გაცემული რწმუნებულებით გ. შ.-მ ა. ჩ.-ს მიანიჭა უფლება, აწარმოოს მისი სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები ყველა სასამართლო ორგანოებში, იმ უფლებებით, რაც კანონით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს, მოპასუხეს, მესამე პირს და დაზარალებულს. მათ შორის უფლებაც, რომ დაამთავროს საქმე მორიგებით, ცნოს ან უარყოს მთლიანად, ან ნაწილობრივ სასარჩელო მოთხოვნები, მიიღოს ქონება და ფული. აღნიშნულ ჩამონათვალში სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აღნიშნული არ არის. სსკ-ს 98-ე მუხლის თანახმად, კი უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა კერძო არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. შ.-ის წარმომადგენელ ა. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.