Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №90I -24 თბილისი

მ. ა., 90I -24 14 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. მ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ა. მ-ი, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 273-ე მუხლით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. მ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 11 დეკემბრიდან. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ა. მ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის – 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ა. მ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

3. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისგან იგი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. ვასაძე