Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№911-24 13 ნოემბერი, 2024 წელი

ს. ი., 911-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

მამუკა ვასაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ი. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2017 წლის 5 აპრილიდან; მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური - ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ი. ს-ეს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით – 2 წლის, 10 თვისა და 10 დღის ვადით. ი. ს-ეს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე – 21:00 საათიდან 08:00 საათამდე.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ს-ეს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე – 00:00-დან 08:00 საათამდე.

5. 2024 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ი. ს-ის პირადი საქმე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის მოქმედება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა 2 წლით, 10 თვითა და 10 დღით შეუმცირდა ერთი მეექვსედით და ი. ს-ეს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 4 თვითა და 18 დღით შინაპატიმრობა. განაჩენი და გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ს-ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი უნდა გავრცელებულიყო სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელზე – 9 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – და არა – შინაპატიმრობაზე, რის გამოც, ითხოვს დანიშნული სასჯელის – 9 წლით თავისუფლების აღკვეთის – შემცირებას ერთი მეექვსედით, ხოლო შემდეგ – დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ი. ს-ეს განსაზღვრული ჰქონდა სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, ამნისტიის შესახებ კანონში კი არ არის მითითება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე შეღავათების გავრცელების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად შეუმცირა მსჯავრდებულ ი. ს-ეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ნ. სანდოძე