3კ-1210-02 27 ნოემბერი, 2002 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 1 აპრილს ... ასოციაცია “მ.-მ" და ფიზიკურმა პირმა, “მ.-ის" პრეზიდენტმა მ. ბ.-მ შპს “ე.-ის", ფიზიკური პირის, შპს “ე.-ის" დირექტორის მ. ე.-ის და ფიზიკური პირის ლ. ტ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მოპასუხეებისაგან მოითხოვა სხვადასხვა რაოდენობის თანხების ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 ივლისის საოქმო განჩინებით ... ასოციაცია “მ.-ის" სარჩელი მოპასუხე შპს “ე.-ის", მ. ე.-ის და ლ. ტ.-ის მიმართ დარჩა განუხილველად სსკ-ს 275-ე მუხლის “ბ" პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
2002 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელეებმა “მ.-მ" და მ. ბ.-მ კერძო საჩივრით მიმართეს საოლქო სასამართლოს.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და მოცემულ სამოქალაქო დავის საქმეში მხარედ ... ასოციაცია “მ.-ის" დაშვება შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ს 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად მხარეებად შეიძლება საქმეში მოწვეული იქნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ... ასოციაცია “მ.-ი" არის საქართველოს ბავშვთა ფედერაციასთან (საზოგადოება “პ.-ი") არსებული ორგანიზაცია (ფილიალი), რომელიც არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიანობას ეწევა იურიდული პირის მიერ დამტკიცებული წესდებით. “მ.-ის" პრეზიდენტის ხელმოწერის ნიმუში დამტკიცებული იქნა ბავშვთა ფედერაციის მიერ, შს ორგანოებიდან მიღებული აქვს ბეჭდის გაკეთების უფლება და “მ.-ის" ბეჭდის ცენტრში არის წარწერა ს.ბ.ფ (საქრთველოს ბავშთა ფედერაცია). ამიტომ სკ-ს 28-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად იგი შეიძლება საქმეში გამოსულიყო მხარედ. მისივე მოსაზრებით, “მ.-ი" არ გაუქმებულა. საქართველოს ბავშვთა ფედერაცია რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მას კი არ გაუუქმებია “მ.-ი".
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ ობოლ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაცვის საზოგადოება, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციაში გატარდა მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წელს. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ არ იყო სწორი კერძო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ ... ასოციაცია შპს “მ.-ი" წარმოადგენდა ფილიალს. შპს “მ.-ს" 1992 წლის 21 ივლისიდან სავალდებულო რეგისტრაცია არა აქვს გავლილი სასამართლოში. სკ-ს 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მხოლოდ მისი რეგისტრაციის მომენტიდან. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 მარტის დადგენილება, მართალია, ეხება შპს “მ.-ის" რეგისტრაციას, მაგრამ ამ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი, რომ იგი წარმოადგენს 1992 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობაში რეგისტრირებულ ობოლ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაცვის საზოგადოება “მ.-ის" სამართალმემკვიდრეს.
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ახლად შექმნილი შპს “მ.-ი" არ არის უფლებამოსილი, აღძრას სარჩელი 90-იან წლებში მოქმედი “მ.-ის" სახელით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს, ფიზიკურ პირ “მ.-ის" პრეზიდენტ მაყვალა ბ.-ესთან ერთად წარმოადგენს ... ასოციაცია “მ.-ი". მითითებული ორგანიზაცია შეიქმნა 1991 წლის აპრილიდან. იგი ჩამოყალიბდა საქართველოს ბავშვთა ფედერაციასთან (“პ.-ი"), რომელიც, თავის მხრივ, ფონდს წარმოადგენდა, მითითებული ფონდი რეგისტრირებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1991 წლის 3 ივნისს. ფონდს წესდების მე-2 თავის მე-2 მუხლის შესაბამისად უფლება ჰქონდა, დაეფუძნებინა საწარმოები, დაწესებულებები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, 1992 წლის 21 ივლისს ... საზოგადოება _ ასოციაცია “მ.-ი" ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. იგი გახდა საქართველოს ბავშვთა ფედერაციასთან (საზოგადოება “პ.-ი") არსებული ... ასოციაცია “მ.-ის" სამართალმემკვიდრე, ანუ არაკომერციული, არარეგისტრირებული კავშირი (ასოციაცია) გარდაიქმნა სამეწარმეო იურიდიულ პირად და გახდა არარეგისტრირებული კავშირის სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე.
საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 28 ივნისის დადგენილების შესაბამისად, ვინაიდან 1995 წლის 1 მარტამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 31 დეკემბრამდე, შპს “... ასოციაცია" “მ.-იც" ხელახალ რეგისტრაციას ექვემდებარებოდა, მაგრამ იგი ხელახალ რეგისტრაციაში არ გატარდა.
ხელახალი რეგისტრაცია არ იწვევს ადრე არსებული იურიდიული პირის ლიკვიდაციას და იგი არც ახალი იურიდიული პირის წარმოშობის საფუძველია. ხელახალი რეგისტრაციის შედეგად რეგისტრირებული იურიდიული პირი ადრე რეგისტრირებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლეა. საწარმოს, რომელმაც გაუშვა ხელახალი რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადა, მის მიმართ გამოიყენება მეწარმეთა შესახებ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. რეგისტრაცია უქმდება. ამიტომ იმ საწარმომ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, არა აქვს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, თუმცა ეს არ ართმევს მათ საწარმოს ხელახალი დაფუძნებისა და მისი რეგისტრაციაში გატარების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში 2002 წლის 20 მარტს რეგისტრირებული “მ.-ი" არ შეიძლება იყოს 1992 წელს რეგისტრირებული შპს “... ასოციაცია" “მ.-ის" უფლებამონაცვლე. იგი დამოუკიდებელი იურიდული პირია, რომელსაც არ შეუძლია აწარმოოს საქმე 1992 წელს დაფუძნებული იურიდიული პირის სახელით. თავის მხრივ, არც 1992 წელს დაფუძნებულ შპს “... ასოციაცია" “მ.-ს" შეუძლია დამოუკიდებლად გამოვიდეს საქმეში იურიდიული პირის სახელით, ვინაიდან ხელახალ რეგისტრაციაში გაუტარებლობის გამო იგი ლიკვიდირებულია, მაგრამ აღნიშნული გარემოება უფლებას არ ართმევს საზოგადოების პარტნიორებს, “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 14.3 და სკ-ს 147-ე მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით გამოიყენოს ის უფლებები, რომლებიც საზოგადოებას გააჩნდა მოვალეების მიმართ.
აქედან გამომდინარე, არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს “... ასოციაცია" “მ.-ი" არარეგისტრირებული კავშირია და ამიტომ უფლება აქვს გამოდიოდეს მხარედ საქმეში. ასევე არასწორია მისი მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს არასათანადო მხარის იურიდიული პირის “... ასოციაცია “მ.-ის" ნაცვლად შეიძლება საქმეში ჩაბმულიყო სათანადო პირი _ ფონდის სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში მონაწილე შპს “... ასოციაცია “მ.-მ", რომელიც რეგისტრირებული იყო 1992 წელს, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ლიკვიდაცია განიცადა 1996 წლის 31 დეკემბრიდან. ამ დროიდან მას, როგორც იურიდიულ პირს, არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დავაში, მაგრამ ამ საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს, მათ შორის, მის პრეზიდენტს (თუ იგი დამფუძნებელია) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოოს საქმე თავისი სახელით იმ ვალების ამოღების მიზნით, რომელიც გააჩნდა მესამე პირებს საზოგადოების წინაშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოსარჩელეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 ივლისის განჩინება.
სახელმწიფო ბაჟის გადახდა კერძო საჩივრის ავტორს გადაედოს ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.