საქმე N 020100123007886835
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №962აპ-24 27 ნოემბერი, 2024 წელი
თ–ა ს., №962აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. თ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით, 19:19 საათზე ჩ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ს. თ–მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ე. კ–ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, მიაყენა მას დაზიანება თავის და ლოყის არეში ღია ჭრილობები, ღია ჭრილობა თხემის არეში და ნახეთქი ჭრილობა ტუჩის მარჯვენა არეში, რის შედეგად ე. კ–მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით, ს. თ–ა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ს. თ–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 27 მაისს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის გაგამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია ს. თ–ას დამნაშავედ ცნობისთვის. საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, კერძოდ, სსიპ 112-ში დ. თ–ს შეტყობინება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, პოლიციის მუშაკების და დ. თ–ს ჩვენება საკმარისია ს. თ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, იმ პირების ჩვენება, რომლებსაც პირველადი კონტაქტი ჰქონდათ დაზარალებულთან უნდა მიეკუთვნოს პირდაპირ მტკიცებულებათა რიცხვს. ბრალდების მხარის მითითებით, საკითხის ამგვარი გადაწყვეტაა მოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 განაჩენში. სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული დაზარალებულის ჩვენება, რადგან იგი ცდილობს ს. თ–ასთვის პასუხისმგებლობის არიდებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. თ–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა – ე. კ–მ, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს. თ–ს მხრიდან ძალადობასა და გინებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის დღეს, სახლის შესასვლელთან გადაუბრუნდა ფეხი, დაეცა და თავის მარცხენა მხარე დაარტყა დაზიანებულ, ალაგ-ალაგ ამოყრილ ბეტონს. წამოდგომისას, იქვე დაგდებულ შეშაზე დაარტყა ტუჩი. იგი ყვიროდა და შველას ითხოვდა. ამ დროს ჭიშკარში შევიდა მთვრალი ს. თ–ა, რომელიც ხმამაღლა ბუტბუტებდა, როდესაც დაინახა იგი, მიუახლოვდა მას, ჩაეხუტა და მიუტანა ბალიში. შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარება. პოლიციის მისვლა გაუკვირდა. მან პოლიციის შეკითხვებზე ანალოგიურად მიუთითა ფაქტები.
5.4. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ დაზარალებული მოტივირებულია ს. თ–ას აარიდოს პასუხისმგებლობა - საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულმა ე. კ–მ, როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში თავისუფალ გარემოში, თანმიმდევრულად აღწერა 2023 წლის 18 აგვისტოს მის საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, რა დროსაც უარყო ს. თ–ს მხრიდან რაიმე სახის ძალადობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც დაზარალენული იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას – არ აძლევს ჩვენებას ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავს წინააღმდეგ და მოცემულობა, როდესაც დაზარალებული სასამართლო სხდომაზე იკითხება. პირველ შემთხვევაში, მხარეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვან დაზარალებულს, ხოლო მეორე შემთხვევაში, სახეზეა სასამართლო სხდომაზე მის მიერ ფიცის ქვეშ გაკეთებული განმარტებები, რომლეთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ვინაიდან, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობისა, დაზარალებულმა სასამართლოს ფიცის ქვეშ მიაწოდა ინფორმაცია.
5.5. ფაქტის თვითმხილველი მოწმის ფ. თ–ას ჩვენებით კი დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს 19:00 საათი დაწყებული იქნებოდა, როდესაც ე. კ–სთან ერთად მივიდა სახლში. ს. თ–ა სახლში არ იყო. მან დედის ხმა გაიგონა, რომელიც შველას ითხოვდა. როდესაც მიუახლოვდა დაინახა სისხლის კვალი. ამ დროს ს. თ–ა შედიოდა ეზოში, რომელიც მთვრალი იყო. ის ჩაეხუტა ე–ს და ბალიში მიუტანა. ე–ა კიოდა, ხოლო ს. თ–ა უაზროდ, ხმამაღლა ბუტბუტებდა. სასწრაფოსთან ერთად პოლიციაც მივიდა. დაზარალებულთან მივიდა პოლიციელი, რომელსაც ე–მ უთხრა, რომ დაეცა.
5.6. მოწმე ნ.თ–ას ჩვენების თანახმად, დაზარალებული ე. კ–ს იმ დროს გამოვიდა სახლიდან, როდესაც ს. თ–ა ჭიშკარს აღებდა და შედიოდა ეზოში, ს–ო მთვრალი იყო. ფ–ე კი იძახდა, მიშველეთო.
5.7. მოწმეების – ლ. ჯ–ს, ი. გ–ს, ლ. ჭ–ს და ნ. ბ–ს განმარტებებით, მათ არ დაუნახავთ თუ რა შეემთხვა დაზარალებულს.
5.8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იქნა დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები რომლებმაც არ დაადასტურეს ს. თ–ას მიერ ე. კ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება. ისეთი მტკიცებულება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა მტკიცების საგანთან დაკავშირებით - ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
5.9. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.10. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N............. დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N...-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ე. კ–ს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 18.08.2023წ-ს და დაესვა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა. ლოყის ღია ჭრილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა თხემის მიდამოში და ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა ტუჩის კუთხეში. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე–ს ჩ–ს ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N........... და ამავე საავადმყოფოს ცნობა N... ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 20.08.2023 წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ე. კ–მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 18.08.2023 წ-ს 20:19 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 22:30 სთ-ზე დიაგნოზით: თავის მიდამოს დიდი ზომის ნაკვეთი ჭრილობა. დაზიანება ნახეთქი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის მისი (ჭრილობის) სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი. დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
5.11. მართალია, ზემოხსენებული ექსპერტიზით დადგენილია, დაზარალებულ ე. კ–ს სხეულზე არსებული დაზიანებები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით არ დადგინდა, რომ დაზიანებები სწორედ ს. თ–ამ მიაყენა.
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს. თ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე