საქმე N110100122005546225
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №963აპ-24 27 ნოემბერი, 2024 წელი
ს. შ., №963აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სიმონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ს–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:40 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ს–ში, ი. ს–სს საცხოვრებელ სახლში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო განაწყენებულმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა შ. ს–მ, შურისძიების მოტივით განიზრახა ი. ს–ს განზრახ მკვლელობა, ამ მიზნით მან თანქონებული ნაჯახი განზრახ მოკვლის მიზნით რამდენჯერმე დაარტყა ი. ს–ს თავის, სახისა და ორივე ხელის არეში, რის შედეგადაც თავის არეში ნახეთქი ჭრილობების და თავის ქალის ძვლების მოტეხილობის სახით ი. ს–ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. ი. ს–ე ნათესავების მიერ გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შედეგად გადარჩა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, შ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღვეთა.
2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
შ. ს–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ს–მ ჩაიდინა ი. ს–ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
3.3. 2024 წლის 1 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით სიმონიამ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა შ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი შ. ს–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს შ. ს–ეის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ჩვენების მიცემისას, დაზარალებულის განმარტება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ შ. ს–ს არ სურდა მისი მოკვლა, შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ, როგორც ამ უკანასკნელის სუბიექტური შეფასება და არა როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, მით უმეტეს, რომ მისივე ჩვენებაში აღწერილი მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და შინაარსი, მიუთითებს სწორედ შ. ს–ს მხრიდან მოკვლის განზრახვის არსებობაზე და არა პირიქით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანისას არ უნდა ეხელმძღვანელა დაზარალებულის (მსჯავრდებულთან უკვე შერიგებულის) სუბიექტური მოსაზრებით. კასატორი ასევე არ ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ მოკვლის განზრახვის არარსებობაზე მიუთითებს მსჯავრდებულის მიერ ნაჯახის დარტყმა არა ლესილი პირით, არამედ ყუით. პროკურორის აზრით, გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ი. ს–სათვის ნაჯახის წართმევის შემდეგ შ. ს–მ შეგნებულად მოიმარჯვა ნაჯახი დაზარალებულისაკენ ყუით და ამით შეეცადა მისაყენებელი ზიანის საშიშროების ხარისხის შემცირებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შ. ს–მ იმ მდგომარეობაში დაარტყა ნაჯახი რამდენჯერმე ი. ს–სეს, რა მდგომარეობაშიც წაართვა იგი ამ უკანასკნელს და რაიმე კონკრეტული ფიზიკური მოქმედება ზიანის შესამცირებლად მას არ განუხორციელებია. მეორეც, მეტალის პირიანი ნაჯახის თუნდაც ყუით (ფართი 5,3 სმX3.2 სმ-ზე) სიცოცხლისათვის სახიფათო ორგანოში – თავის არეში რამდენიმე დარტყმა, არ შეიძლება ობიექტურად ჩაითვალოს ნაკლები დამაზიანებელი ეფექტის (სიცოცხლისათვის სახიფათოს) მქონედ ნაჯახის პირით დარტყმასთან შედარებით, რასაც ადასტურებს დამდგარი შედეგიც. მსჯავრდებულის განზრახვაზე მოეკლა დაზარალებული მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მან დაზარალებული მიატოვა შემთხვევის ადგილზე. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისი დაბრუნების მიზეზი იყო ინტერესი იმისა, გაეგო მის მოქმედებას მოჰყვა თუ არა ი. ს–ს სიკვდილი და არა დაზარალებულის დახმარების სურვილი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ. ს–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.3. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ შ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს 2022 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:40 საათზე, შ. ს–ს მიერ ი. ს–სათვის ნაჯახით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებების მიყენების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, სააპელაციო სასამართლოს მიერ შ. ს–ს ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახ მკვლელობისათვის. მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის, ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
5.6. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13). განზრახვის დასადგენად კი, შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 გადაწყვეტილება).
5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მას შ. ს–სთან მოუვიდა შეკამათება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. თავდაპირველად თავად მოუქნია ნაჯახი მსჯავრდებულს, რომელმაც წაართვა ხელიდან და პირის უკანა მხარით, ყუით დაარტყა შუბლზე. ორი დარტყმა ახსოვს, რის შემდეგაც შ. ს–ე წავიდა და მასთან გააგზავნა პ. ვ–ი, რომელმაც მიხედა. პაატას მისვლის შემდეგ, მალევე მივიდნენ მისი შვილი გ–ი და სიძე. მათი მისვლის დროს თავი ჰქონდა გატეხილი. მოწმე პ. ვ–მა დაადასტურა, რომ იგი დაზარალებულის დასახმარებლად მიიყვანა შ. ს–მ. მსგავსი გარემოებები დგინდება მოწმეების – პ. ს–სა და ვ. ა–ს ჩვენებებით, რომლებაც განმარტეს, რომ ი. ს–სთან მისვლისას, ადგილზე დახვდათ პ. ვ–ი.
5.9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია, შ. ს–ს მიერ მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებს მიეკუთვნება და სიცოცხლისათვის საშიშ არეში – თავშია მიყენებული, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მხედველობაშია მისაღები შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ დაზარალებული და მსჯავრდებული; სიტყვიერი შეკამათება გადაიზარდა ჩხუბში, სადაც ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა თავად დაზარალებულმა; მართალია რამდენჯერმე დაარტყა ნაჯახი შ. ს–მ ი. ს–ს, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია ლესილი პირი; ნაჯახის დარტყმის შემდეგ შ. ს–მ შემთხვევის ადგილი დატოვა და ი. ს–ს დასახმარებლად პ. ვ–ი მიიყვანა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ ი. ს–ს მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა სხვა პირი, მსჯავრდებულ შ. ს–ს არ გააჩნდა დამაბრკოლებელი გარემოება, რომ განზრახვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სისრულეში მოეყვანა. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად ნათელია, რომ შ. ს–ე არ მოქმედებდა ი. ს–ს მოკვლის განზრახვით.
5.10. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული შ. ს–ს მიერ ი. ს–ს მოკვლის განზრახვა. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის პოზიციას, რომ ხსენებული დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმას, რომ აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულის მხრიდან ნაჯახის რამდენჯერმე ჩარტყმის ფაქტი.
5.11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა რა, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება: დანაშაულის იარაღი (ნაჯახის ყუა), დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, ის, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, ასევე დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება, მსჯავრდებულის ქმედებები დანაშაულის ჩადენის შემდეგ და შ. ს–ს ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.
5.12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სიმონიას საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე