Facebook Twitter

¹ ბს-250-195(კ-05) 25 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 ოქტომბერს ჯ. ტ.-მ, მ. ნ.-მ და ი/მ “ე.-მ” სარჩელი აღძრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ამავე რაიონის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების მიმართ და ზაკ-ის 207-209-ე მუხლებისა და სკ-ის 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 415-ე, 992-ე, 997-998-ე და 1005-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვეს მოპასუხეების უკანონო ქმედებებით მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ჯ. ტ.-ის სასარგებლოდ 47738 ლარის, ხოლო “ე.-ის” სასარგებლოდ – 5868 ლარის, სულ _ 53606 ლარის ოდენობით.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2000 წლიდან მოსარჩელე ი/მ “ე.” კომერციულ საქმიანობას აწარმოებდა თბილისში, თემქის დასახლებაში, გამწვანების ზოლში უნებართვოდ განთავსებულ ჯ. ტ.-ის კუთვნილ 16 კვ.მ ფართის ჯიხურში. გამწვანების ზოლში ჯიხურის უნებართვოდ ჩადგმის გამო, ჯ. ტ.-მ ნებართვის მისაღებად მიმართა თბილისის ვიცე-მერს და მოითხოვა ობიექტის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მაგრამ, მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნულზე პასუხი არ მიუღიათ. 2000წ. 18 სექტემბერს თემქის დასახლების მცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს გლდანი-ნაძალადევის გამგეობას ი/მ “ე.-ის” საქმიანობის აღკვეთისა და უნებართვოდ განთავსებული ჯიხურის გამწვანების ზოლიდან აღების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ჯიხური უნებართვოდ ვაჭრობდა ალკოჰოლური სასმელებით, რაც არღვევდა მობინადრეთა მყუდროებას. აღნიშნულის შესაბამისად, გლდანი-ნაძალადევის გამოგეობამ სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებას და მოითხოვა უნებართვოდ განთავსებული ჯიხურის აღება, თუმცა აღნიშნულის შესახებ გამგეობას რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია და არც დაინტერესებული მხარეები _ მოსარჩელეები მიუწვევია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. გლდანი-ნაძალადევის გამგეობის თხოვნის შესაბამისად, ნაძალადევის რაიონის პოლიციის მე-7 განყოფილებამ 2000წ. 6 ოქტომბრიდან 2001წ. 26 იანვრამდე იძულებით დააკეტინა მოსარჩელეებს ჯიხური და აუკრძალა ვაჭრობა.

მოსარჩელეთA მითითებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით ი/მ “ე.-ს” ნება დაერთო ჯიხურიდან ვაჭრობაზე, თუმცა გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ და პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებამ 2001წ. 26 იანვრამდე აღუკვეთეს ი/მ “ე.-ს” საქმიანობა, რითაც, მოსარჩელეების განმარტებით, მათ მიადგათ ზიანი 5868 ლარის ოდენობით.

ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, 2001წ. 26 იანვარს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს და სანახევროდ გაანადგურეს ჯიხური. ვინაიდან სანახევროდ განადგურებული ჯიხური წარმოადგენდა ნივთმტკიცებას, მოსარჩელეები გაფრთხილებული იყვნენ პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ გამოძიების დამთავრებამდე აღდგენითი სამუშაოების შეჩერების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის შეუტყობინებლად ადმინისტრაციული წარმოებისა და რაიმე აქტის გამოცემის გარეშე, გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ პოლიციის მე-7 განყოფილების დახმარებით, გამწვანების ზოლიდან აიღო მოსარჩელეთა კუთვნილი ჯიხური და გადაიტანა გლდანის რაიონის მე-9 ავტოსატრანსპორტო საწარმოს ეზოში. ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, ჯიხური მიტოვებული იყო მეთვალყურეობის გარეშე და გამგეობასა და პოლიციის განყოფილებას ჯიხურში არსებული ინვენტარის შენახვისათვის არავითარი ზომები არ მიუღიათ. აღნიშნულმა კი გამოიწვია ჯიხურის გაპარტახება, მასში არსებული საგნების დაკარგვა, რის გამოც მოსარჩელეებისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 47738 ლარი.

ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მიერ ი/მ “ე.-ის” საქმიანობის აღკვეთისა და ჯ. ტ.-ის ჯიხურის აღებით გამგეობამ დაარღვია ზაკ-ის პირველი, მე-4-5, მე-7-8, მე-10, მე-13 მუხლებისა და ამავე კოდექსის მე-4, მე-6, მე-8, მე-12 და მე-15 თავებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც განაპირობა მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენება. ხოლო პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების მიერ გამგეობის გადაწყვეტილების აღსრულებით უხეშად დაირღვა ზაკ-ის 162-176-ე მუხლების მოთხოვნები.

ამდენად, მოსარჩელეთა მითითებით, მათ სასარგებლოდ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 53606 ლარის ოდენობით.

ჯ. ტ.-ის, მ. ნ.-ისა და ი/მ “ე.-ის” სარჩელი არ ცნო მოპასუხე გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ “ე.-ის”, ჯ. ტ.-ისა და მ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ტ.-მა და მ. ნ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის საოქმო განჩინებით სსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, ჯ. ტ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ე. და პ. ტ.-ები. მოსარჩელეებმა სამართალწარმოების დროს რამდენჯერმე შეცვალეს დავის საგნის ოდენობა და საბოლოოდ მოითხოვეს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 2718 ლარის დაკისრება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილებით პ. და ე. ტ.-ების, მ. ნ.-ისა და ე. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პ. და ე. ტ.-ების, მ. ნ.-ისა და ე. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2718 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიწის მართვის დეპარტამენტის 2002წ. 29 ოქტომბრის ¹2-24 წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ტ.-ი 2001წ. 4 ივლისს წერილობით გაფრთხილებულ იქნა, რომ ვალდებული იყო 4 სექტემბრამდე გაეთავისუფლებინა უნებართვოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა. აღნიშნულის შესახებ 2001წ. 19 ივლისს წერილობით ეცნობა გლდანი-ნაძალადევის გამგეობას. ასევე, მიწის მართვის დეპარტამენტის 2001წ. 4 ივლისის გაფრთხილებით დასტურდება, რომ თემქის დასახლების ..., მე-14 კორპუსის წინ, გამწვანების ზოლში მდებარე ჯიხური მოსარჩელეთა დასწრების გარეშე იქნა გატანილი მოპასუხეთა მიერ. აღნიშნული, ასევე, დასტურდება გამგეობის თავმჯდომარის 2001წ. 17 აგვისტოს წერილით.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თბილისის ექსპერტიზისა და სერტიფიკაციის გაერთიანება “თბილექსპერტიზის” 2002წ. 19 მარტის ¹1-318 დასკვნით დასტურდება, რომ ჯიხურის მეორედ განადგურების შედეგად, მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 2718 ლარი, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის გამგეობამ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეთა კუთვნილი ჯიხური თემქის დასახლების მე-9 კვარტალში, მე-14 კორპუსის მიმდებარედ, მწვანე ზოლში განთავსებული იყო უნებართვოდ, რაც დასტურდება თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2000წ. 24 ნოემბრის წერილით. კასატორის მითითებით, ასევე დადგენილია, რომ 2002წ. 26 იანვარს დაუდგენელი პირების მიერ დამწვარი ჯიხური, რომელიც გადაიქცა ანტისანიტარიის კერად, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის სახით 2718 ლარის ანაზღაურების შესახებ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სსკ-ის 172-ე მუხლი, რომლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნას სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა არა აქვს. სააპელაციო პალატა კი დაეყრდნო “თბილექსპერტიზის” 2002წ. 19 მარტის დასკვნას, რომელიც ემყარება მოსარჩელეთა სიტყვიერ გადმოცემას და ხოლო ნივთების შეფასება ექსპერტიზას არ მოუხდენია.

გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 997-ე მუხლი, ასევე არ გაითვალისწინა სკ-ის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამდენად, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვა-გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, სწორად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და გამოიტანა იურიდიულად დასაბუთებული სწორი გადაწყვეტილება.

სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტების _ პ. და ე. ტ.-ების, მარინა ნ.-ის და ი/მ “ე.-ის” სააპელაციო საჩივარი და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და რაიონის შს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას აპელანტების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზარალის სახით 2718 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო საჩივარში გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა უთითებს, რომ ჯიხური მოსარჩელეთა მიერ უნებართვოდ იყო განთავსებული და ამდენად, უკანონო ჯიხური არ შეიძლება წარმოადგენდეს დავის საგანს. აღნიშნულის დასასაბუთებლად გამგეობა უთითებს სსკ-ის მე-11 მუხლზე _ სარჩელი სასამართლოში შეიძლებოდა აღიძრას სადავოდ ქცეული თუ დარღვეული უფლების აღსადგენად.

ის გარემოება, რომ ჯიხური უკანონოდ იყო განთავსებული, მოსარჩელეთა მხრივ სადავოდ არ გამხდარა. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედებას, რომლებმაც არ გაითვალისწინეს შესაძლებელი მატერიალური ზიანი, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ჯიხურის აღებასა და სხვა ადგილზე გადატანას. ამდენად, მიზეზობრივი კავშირი მათ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს. რაც შეეხება სარჩელის სამართლებრივ საფუძველს, იგი უკავშირდება სწორედ ამ ქმედებით დამდგარი ზიანის მოთხოვნას, რისი უფლებაც მხარეს აქვს სწორედ სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად.

კასაციის ავტორები თვლიან, რომ ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლები მოქმედებდნენ მართლზომიერად და ასრულებდენენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას. ასეთ ვითარებაში მათ არ უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება. ამის დასადასტურებლად კასატორი უთითებს, რომ პოლიციის და გამგეობის თანამშრომლები მოქმედებდნენ ბრალის გარეშე, რის გამოც მათი პასუხისმგებლობის (მათ შორის _ მატერიალური) საკითხი არ უნდა დადგეს. საკასაციო პალატა კასაციის ამ არგუმენტებს არ ეთანხმება და თვლის, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანო-გამგეობა და პოლიცია მოცემულ შემთხვევაში (თუნდაც უნებართვოდ ჩადგმულ ჯიხურთან მიმართებაში) ვალდებული იყვნენ მიეღოთ ზომები, რათა არ განადგურებულიყო ან არ დაზიანებულიყო სხვისი (ტ.-ის და ნ.-ის) ქონება. მათი მხრიდან სათანადო ზომების მიუღებლობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ჯიხურის გადატანის შემდეგ არ შემდგარა მიღება-ჩაბარების აქტი, არ აღწერილა, იყო თუ არა ჯიხურში რაიმე ფასეულობები და არ ჩაბარებია არავის ხანძრის შედეგად გადარჩენილი ქონება. დავას არ იწვევს ის გარემოება (კასატორებს სასმამართლო ინსტანციებში ამის თაობაზე რაიმე გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ), რომ, მართალია, ჯიხური უკანონოდ იყო განთავსებული, მაგრამ მასში შენახული ნივთები ტ.-ის საკუთრებას წარმოადგენდა, რაც სწორად მიიჩნია დადასტურებულად სააპელაციო სასამართლომაც. საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც გამგეობა, ისე პოლიციის ორგანო (მათი თანამშრომლების სახით), ვალდებული იყვნენ, ზაკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, თავიანთი უფლებამოსილება განეხორციელებინათ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე, ამასთანავე, მიეღოთ ყველა ზომა, თანახმად ზაკ-ის მე-7 მუხლისა და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს არ შეელახა პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები.

საკასაციო სასამართლოს აზრით, იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოების _ გამგეობისა და პოლიციის მხრიდან არ ყოფილა დაცული კანონის, კერძოდ, ზაკ-ის მე-5 და მე-7 მუხლის მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება სოლიდარულად, 2718 ლარის ოდენობით მოსარჩელეების _ პ. და ე. ტ.-ების, მარინა ნ.-ისა და ე. მ.-ის სასარგებლოდ.

რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, საქმის მასალებით, სახელდობრ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თბილისის ექსპერტისა და სერტიფიკაციის გაერთიანება “თბილექსპერტიზის” მიერ გაცემული დასკვნით, მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 2718 ლარი (მოსარჩელეებმა უარი თქვეს ადრე მითითებულ თანხმობაზე, მისი ოდენობის შემცირების ხარჯზე). საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნა სავალდებულო არ არის სასამართლოსათვის, გარდა ამისა, ექსპერტიზამ არასწორად განსაზღვრა მიყენებული ზიანის ოდენობა, მით უფრო, რომ რამდენადაც ჯიხური გადატანამდე დამწვარი იყო, მას უკვე აღარავითარი ღირებულება არ გააჩნდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ეს არგუმენტები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საექსპერტო დაწესებულების კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ ჰქონია, მით უფრო, რომ სხვა ალტერნატიული დასკვნა კასატორების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, სააპელაციო პალატამ ზიანის მოცულობის განსაზღვრისას სწორად იხელმძღვანელა ზაკ-ის 204-ე მუხლის მოთხოვნით იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, იგი იურიდიულად სწორად არის დასაბუთებული, რის გამოც სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. მით უფრო, რომ კასატორს, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.