Facebook Twitter

საქმე # 330100124008527988

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1236აპ-24 ქ. თბილისი

თ-ი ზ, 1236აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენით:

1.1. ზ. თ-ი, - დაბადებული --- წლის .. სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისთვის დანიშნული სასჯელები და ზ. თ-ს შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ზ. თ–ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 1 დეკემბრიდან.

1.3. ზ. თ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ხოლო 20 წლით - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. თ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ზ თ-მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა 0,01041 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ, 2,7018 გრამი ეფედრონი, 0,00934 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), 0,148 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2,68406 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), რასაც 2023 წლის 1 დეკემბერს ინახავდა, პირადად, თ–ი, ს-ს დასახლების N--- კორპუსის მე-2 სადარბაზოში, ამავე მისამართზე ორ სხვადასხვა ადგილას, ასევე თ–ი, მ--ს გამზირის N--- კორპუსის ბინა N---ში მის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზ. თ–ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად; ასევე ა. ზ-ს მონაწილეობით ჩატარებული ამოღების შედეგად.

· ზ. თ-მა შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, გაანაწილა და თ-ი, ს-ს დასახლების N--- კორპუსის მე-2 სადარბაზოში ორ ადგილას განათავსა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0.026 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. მიუხედავად იმისა, რომ ზ. თ-ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღება ვერ შეძლო და 2023 წლის 1 დეკემბერს მითითებული ნარკოტიკული საშუალება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ზ. თ–ის მონაწილეობით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. თ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ¼-ის პირობით ჩათვლა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მსჯავრდებულ ზ. თ-ისათვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის გამოკითხვის ოქმით, მოწმე დ. გ-ს გამოკითხვის ოქმით, პირადი, საცხოვრებელი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

3. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ ზ. თ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ გ. მ-ს პოზიციას დანიშნული სასჯელის, მათ შორის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია.

5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

6. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

7. საკასაციო სასამართლო, შეღავათის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მოთხოვნაზე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ 1) ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), 2) ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და 3) თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი.

8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.

9. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას, რომელიც ადგენს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას სასჯელის დანიშვნის წესს. ამ დანაწესიდან არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, რა დროსაც კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.

10. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ზ. თ–მა, პირობითი მსჯავრის მოქმედების ქვეშ, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, თითოეული ეპიზოდისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს, ისე სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (მართალია, ზ. თ–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ჰქონდათ ინფორმაცია ზ. თ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის შესახებ. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია პოლიციის თანამშრომლების მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, რაც მიჩნეული უნდა იქნას დანაშაულის ჩადენაზე წასწრებად), ასევე ზ. თ–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენის ფაქტი და მას საქართველოს სსკ-ის 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა როგორც კანონიერი, ისე სამართლიანი სასჯელი, რისი შემსუბუქებაც საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

13. ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

14. ამდენად, ზ. თ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლითა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

15. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა).

16. ამდენად, ზ. თ–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

17. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

18. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ზ. თ-ი იყო ნასამართლობის მქონე.

19. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

20. ამდენად, ზ. თ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

21. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

22. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას დანარჩენი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და ზ. თ–ს უნდა შეეფარდოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

23. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ზ. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. თ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ზ. თ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლითა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით;

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ზ. თ–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

5. ზ. თ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯოს:

· სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და ზ. თ-ს მიესაჯოს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ზ. თ–ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8. მსჯავრდებულ ზ. თ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 1 დეკემბრიდან;

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. თ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

10. ზ. თ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ხოლო 20 წლით - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

· საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა და ზ. თ–ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

· ზ. თ-ის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, შპს ,,კ-“ გამოთხოვილი ინფორმაცია ორ ცალ დისკზე, საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ოთხ ცალ დისკზე, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე