Facebook Twitter

საქმე # 330100123008371338

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №924აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ე ლ, 924აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიასა და მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. ბ-ეს, - დაბადებულს --- წლის … სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წელს, რამდენჯერმე, მათ შორის - დეკემბერში, თ–ი, ც.დ-ს ქ.№-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ბ-ე მეუღლეს - ს. ნ-ს, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში მუდმივად ეპყრობოდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით, რაც მასთან ურთიერთობისას მამაკაცის დომინანტური როლის წარმოჩენით გამოიხატებოდა, შემთხვევის დღეს, კვლავ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისას (რაც გულისხმობდა ლ. ბ-ის აღქმას, რომ საკუთრივ მისი გადასაწყვეტი იყო, ს. ნ, მათ საერთო შვილთან ერთად, მასთან გააგრძელებდა თუ არა თანაცხოვრებას), დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ს. ნ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ-ი, ც.დ-ს ქ.№--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ბ-ე მეუღლეს - ს. ნ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ს. ნ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლიდან 2023 წლამდე დროის მონაკვეთში, თ-ი, ც.დ-ს ქ.№-ში და №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში, ასევე, თ–ი, ნ-ს ქ.-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ბ-ე, ყოფილ მეუღლესთან - ს. ნ-სთან კომუნიკაციისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა მას, კერძოდ, აგინებდა და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

· 2022 წლის დეკემბერში, თ-ი, ც.დ-ს ქ.№--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2023 წლის აგვისტოსა და 2023 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ-ი, ც.დ-ს ქ.№--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ბ-ე მ. გ--ა და ც. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა მათ, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენით:

2.1. ლ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151- ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ლ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ლ. ბ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 5 ნოემბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2023 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (მ. გ-თან მიმართებით), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ-ი, ც. დ-ს ქ.№-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, ლ. ბ-ე მეუღლეს - ს. ნ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ს. ნ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ი, ც. დ-ს ქ.№-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ბ-ე მ. გ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც მ. გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151- ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმება და ლ. ბ-ის გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ლ. ბ-ის 2023 წლის 4 ნოემბერს მეუღლის - ს. ნ-სა და მ. გ-ს მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტები, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, დამაჯერებელი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

3. დაზარალებულმა ს. ნ-მ არ მისცა ახლო ნათესავის - მეუღლის მამხილებელი ჩვენება. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ, ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება №766აპ-19).

4. დაზარალებულ მ. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული მისი სიძეა - დის ქმარი. 2022 წლის დეკემბერში სახლში არ იმყოფებოდა. როდესაც დაბრუნდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ. ბ-ესა და ბებიას - ც. გ-ს მოუვიდათ კონფლიქტი და გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავების ადგილზე მისვლისას სიტუაცია დაწყნარებული იყო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისე დატოვეს ტერიტორია, რომ ოქმი არ შეუდგენიათ. 2023 წლის აგვისტოში ცხოვრობდნენ თ-ი, დ-ს ქ.№-ში. ამ დღესაც გასული იყო, დაუკავშირდა მისი და და სთხოვა სახლში მისვლა. ადგილზე დახვდა სიძე - ლ. ბ-ე, რომელიც ილანძღებოდა. მას დამშვიდებისკენ მოუწოდა, რა დროსაც მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაიწია მისკენ დასარტყმელად. შეეშინდა და ლ. ბ-ეს უთხრა, გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიძახებდა პოლიციას. მსჯავრდებული მას ყელის გამოჭრით არ დამუქრებია. 2023 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ლ. ბ-ე მივიდა მათთან, თუმცა ს. ნ-მ კარი არ გაუღო, რის გამოც დაიწყო ბრახუნი და გინება მათი მისამართით. აფორიაქდა ყველა, აფექტის მდგომარეობაში დარეკა საპატრულო პოლიციაში და უთხრა, რომ მისი სიძე კარს ამტვრევდა, ემუქრებოდათ მოკვლით და ითხოვდა სწრაფ რეაგირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დააგვიანეს მისვლა, ხოლო ლ. ბ-ე არ წყვეტდა კარზე ბრახუნს და იძახდა: „თავი არ მომაკვლევინოთო.“ სიძის მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა. მსჯავრდებული იმუქრებოდა სახლში მყოფი ყველა პირის მიმართ. მოწმის განმარტებით, მისი დისგან გადმოცემით იცის, რომ ლ-სთან თანაცხოვრების პერიოდში იგი მუდმივად აყენებდა ს-ს შეურაცხყოფას, ლანძღავდა და ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც ს. ნ-ს ეშინოდა, რომ მსჯავრდებული მუქარას მოიყვანდა სისრულეში და მუდმივად დაძაბული იყო, თუმცა მასთან საუბარში ტანჯვა არ უხსენებია.

5. დაზარალებულ ც. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს თ–ი, დ-ს ქ.№--ში. მისი შვილიშვილი - ს. ნ. და ლ. ბ-ე დაქორწინდნენ დაახლოებით 11 წელია. ლ. ბ-ე და ს. ნ. კამათობდნენ, თუმცა სერიოზული უთანხმოება არ ჰქონიათ. 2022 წლის დეკემბერში ცხოვრობდნენ თ–ი, ც. დ-ს ქ.№--ში მდებარე ბინაში. სახლში იმყოფებოდა ს. ნ-სა და ბავშვებთან ერთად, რა დროსაც ლ. ბ-ესთან, მ. გ-ს ჩაცმულობასთან დაკავშირებით, მოუვიდა შელაპარაკება. ამ დროს მ. გ. არ იმყოფებოდა სახლში, მისი დაბრუნებისას უკვე აღარ კამათობდნენ. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, თუმცა ეკიპაჟის მისვლისას უკვე დამშვიდებული იყვნენ. თანამშრომელმა შეადგინა ოქმი, თუმცა ხელი მოაწერა თუ არა, არ ახსოვს. მას გამოძიებისას არ უთქვამს, რომ ლ. ბ-ე დაემუქრა მოკვლით, ჩვენება არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. 2023 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მ. გ-თან, ს. ნ-სა და მის შვილთან - ლ-ნ ერთად. ბავშვებთან ერთად საძინებელში იმყოფებოდა და კარებზე კაკუნის ხმა არ გაუგია, თუმცა მერე გაიგონა ლ. ბ-ის ხმა, თავი არ მომაკვლევინოთო, თუმცა მას არ დამუქრებია. მსჯავრდებულს მისი მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, მასზე ადვილი მოსაკლავი ვინ ეყოლებოდა.

6. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს ლ. ბ-ის მხრიდან წარმოთქმული ფრაზა, თავი არ მომაკვლევინოთ და კარზე ხანგრძლივი კაკუნი განპირობებული იყო იმით, რომ მას შეეშინდა, გაზის სავარაუდო გაჟონვის გამო, ოჯახის წევრების სიცოცხლეს ხომ არაფერი ემუქრებოდა. ლ. ბ-ის მშვიდობიანი მიზნებით მეუღლის ბებიის ბინაში მისვლის შემთხვევაში, სახლში მყოფი მისი ოჯახის წევრები არ შეიკავებდნენ თავს, გაეღოთ კარი ან გამოხმაურებოდნენ მაინც მას და შეეტყობინებინათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ნათელია, რომ, დაზარალებულ მ. გ-ს ჩვენებით, მან განიცადა ლ. ბ-ის მუქარით გამოწვეული შიში და ცალსახად განმარტა, რომ ეშინოდა მის დას - ს. ნ-საც. ც. გ-ს შემთხვევაში კი, დადასტურება ვერ ჰპოვა შიშის განცდამ.

7. ლ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელ, შემავსებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ასევე დაზარალებულებთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - გ. ვ-ა, ნ. კ-მ და ჯ. ბ-მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მათ გადმოსცეს ის ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა დაზარალებულებთან ურთიერთობისას და რაც თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან, მათ შორის, მეორე დაზარალებულის - მ. გ-ს სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებასთან. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის, გამოკვლეული ჩანაწერის თანახმად ირკვევა, რომ 2023 წლის 4 ნოემბერს მ. გ, თ–ი, ც. დ-ს ქ.№--დან დაუკავშირდა შსს-ს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ოპერატორს და ითხოვა საპატრულო პოლიციის სწრაფად (ჩქარა) მისვლას, რადგან ბინის კართან იყო მისი სიძე, რომელიც ემუქრებოდა სიკვდილით.

8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

9. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნას ლ. ბ-ის წარდგენილი ყველა კვალიფიკაციით მსჯავრდების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება უნდა გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნაზე, რომლის თანახმად, ს. ნ-ს სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ვლინდება ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. კ-მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ს. ნ. პირადად იყო წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროში 2023 წლის 15 ნოემბერს. შეხვდა და ესაუბრა მას, რის შემდეგაც შეაფასა მისი ფსიქიკური ფუნქციები და ემოციური აფექტური სფერო. კვლევისას, დაზარალებულმა მიუთითა, რომ 2009 წელს შვილი გარდაეცვალა, მეუღლეს 26 წლის ასაკში დაშორდა ღალატის გამო. 2017 წელს მკურნალობდა ფსიქიატრთან, რომელმაც ურჩია გარემოს შეცვლა და საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. ჰქონდა შიშები და დაუცველობის განცდა. ექსპერტის განმარტებით, საბოლოოდ, ს. ნ-ს მდგომარეობა შეაფასა როგორც ტანჯვა, თუმცა ეს მხოლოდ ლ. ბ-ის ქმედებების შედეგი არ არის. აღნიშნული მისი წარსული ცხოვრების შედეგია, კერძოდ: შვილის გარდაცვალება, საფრთხის განცდა ყოფილი მეუღლის მხრიდან, მისი ქცევით გამოწვეული სტრესი. ყველაფერი ერთობლივად შეფასდა ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობად, თუმცა რომელი ფაქტორი ახდენს მეტ ან ნაკლებ გავლენას მის ფსიქიკაზე ან უშუალოდ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა, აღნიშნულის დიფერენცირება მას არ შეუძლია.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ლ. ბ-ის მიერ მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის დადასტურება მთლიანად დამოკიდებულია დაზარალებულ ს. ნ-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაზე. იმ პირობებში კი, როდესაც მან უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი დის - მ. გ-ს ჩვენება და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ამ დასკვნის გამცემი ექსპერტის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება არ არის საკმარისი აღნიშნული დანაშაულის დადასტურებულად მიჩნევისათვის; იმპერატიულად ვერ დგინდება ს. ნ-ს ტანჯვის განცდაზე გავლენის მქონე ფაქტორები და არ დგინდება, რომ დაზარალებულის მდგომარეობის ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასება მხოლოდ ლ. ბ-ის ქმედებების შედეგია.

13. დანაშაულის სხვა ეპიზოდების დასადასტურებლად, საქმეში ასევე, წარმოდგენილია 2023 წლის 4 ნოემბრის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, უფროსი გამომძიებლის - ნ. კ-ს მიერ, მოწმე მ. გ-ს მონაწილეობით, დათვალიერდა მ. გ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის მესენჯერი“, სადაც ფიქსირდება მოწმე მ. გ-ს დის - ლ. გ-ს მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინება, რომელიც გრძელდება 06:47 წუთი, რომლის დასაწყისში ისმის ქალისა და მამაკაცის ხმამაღალი საუბარი; მოწმე მ. გ-მ განმარტა, რომ ქალის ხმა არის მისი ბებიის - ც. გ-ს ხმა, ხოლო მამაკაცის ხმა არის მისი ყოფილი სიძის - ლ. ბ-ის ხმა. ხმოვანი შეტყობინების დასაწყისში ც. გ-ს ლ. ბ-ე ეუბნება, რომ იგი არის მომვლელი ძიძა, ასევე, ლ. ბ-ე მოუწოდებს ც. გ-ს, დაიცვას დისტანცია. ლ. ბ-ე საუბარში ილანძღება, იყენებს საუბრისას უწმაწურ სიტყვებს და აგინებს ც. გ--ს. ასევე, ისმის, თუ როგორ ეკითხება ლ. ბ-ეს ც. გ, თუ ვინ გაზარდა. ისმის ლ. ბ-ის გინება ც. გ-ს დედის მისამართით, ასევე, ისმის, თუ როგორ აგინებს ასაკს და ემუქრება „დალეწვით,“ ხმოვანი შეტყობინების მიმდინარეობის პროცესში ისმის სხვადასხვა პირების ხმებიც, რომელიც მოუწოდებენ ლ. ბ-ეს დამშვიდებისკენ.

14. რეაგირების ოქმის თანახმად, 2022 წლის 26 დეკემბერს პატრულ-ინსპექტორი კ. ჭ-ე გამოცხადდა თ-ი, ც.დ-ს ქ.№---, ბინა №---ში, საიდანაც გადაცემული იყო ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მისამართზე დახვდნენ ს. ნ, მ. გ, ლ. ბ-ე და ც. გ, რომლებიც არიან ოჯახის წევრები. სახლში ასევე, იმყოფებოდნენ ბავშვები. მათ აღიარეს, რომ ხმაურობდნენ და კამათობდნენ, თუმცა უარყვეს ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ოჯახის ყველა წევრი გამოჰკითხეს ცალ-ცალკე. მათ შორის რაიმე ძალადობა არ ყოფილა და საპატრულო პოლიციისგან დახმარებას არ საჭიროებდნენ. შესაბამისად, ოჯახური კონფლიქტი არ დადასტურდა. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია ს. ნ-ს, მ. გ-ს, ლ. ბ-ისა და ც. გ-ს ხელმოწერებით.

15. გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანი მოწმის - ლ. გ-ს საპროცესო წარმომადგენელმა - მ. ი-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არასრულწლოვანს არ სურს ჩვენების მიცემა. გარდა ამისა, მის მიერ გაკეთებული ჩანაწერი არ არის დათარიღებული და მასში მიმდინარე დიალოგითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ შეიძლება არცერთი ფაქტის დადასტურება ლ. ბ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებებიდან. 2022 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით შედგენილი რეაგირების ოქმი კი, არ აღწერს რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას, პირიქით, მასში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა უარყვეს ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. ამასთან, აღნიშნული თარიღი, ამგვარი კონკრეტიზაციით, არ არის მითითებული ლ. ბ-ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ლ. ბ-ის მხრიდან 2022 წელს, რამდენჯერმე, მათ შორის, დეკემბერში, მეუღლის - ს. ნ-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჩადენის; 2022 წლიდან 2023 წლამდე დროის მონაკვეთში მეუღლის - ს. ნ-ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის, 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის აგვისტოში - მ. გ-სა და ც. გ-ს, ხოლო 2023 წლის 4 ნოემბერს ც. გ--ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის დასადასტურებლად, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ. ბ-ის დამნაშავეობაში ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდებში.

18. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) ჩადენილი დანაშაული ექცევა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით (სასჯელის განახევრება) სარგებლობისთვის აუცილებელია სამი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილება. კერძოდ: მსჯავრდებული უნდა იყოს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე; დაზარალებულმა ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; მსჯავრდებული თანახმა უნდა იყოს მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი. კანონმდებელმა ზემოაღნიშნული წინაპირობების დადგენით, ფაქტობრივად იმპერატიულად დააწესა, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობის დაუკმაყოფილებლობისას გამოირიცხება დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასჯელის განახევრების შესაძლებლობა.

19. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ბ-ე დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისთვის, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება; თუმცა ეს გარემოება მსჯავრდებულს არ უსპობს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.

20. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ბ-ის მიერ ჩადენილია ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაული, რაც ამავე კანონის მე-7 მუხლში ლოგიკურად არ არის მითითებული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ლ. ბ-ის თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა, მსჯავრდებულისათვის ამ მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების კანონისმიერი საფუძველია.

22. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

23. როგორც ზემოთაა აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ბ-ე დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისთვის, მასზე ასევე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.

24. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

25. შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 1 წელს, 5 თვესა და 15 დღეს; ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 10 თვეს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ლ. ბ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვრის 1 წლით, 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ასევე მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რა ვადითაც შეუმცირდა, ანუ 3 თვითა და 15 დღით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიასა და მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

2.1. ლ. ბ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151- ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

2.2. ლ. ბ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

· სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლით, 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

· სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ლ. ბ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლით, 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

3. მსჯავრდებულ ლ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 5 ნოემბრიდან;

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ. ბ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

5. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

6. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ლ. ბ-ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 3 თვითა და 15 დღით შემდეგი პირობებით:

7. ლ. ბ-ეს (დაბადებული -- წლის .. სექტემბერს, პ/ნ№---, რეგისტრირებული თ–ი, წმინდა ქ-ს გამზირის №---ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ-ი, ნ--ს ქ.--, ბინა №---ში) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობს ს. ნ. (დაბადებული --- წლის 29 დეკემბერს, პ/ნ ---, მცხოვრები თ–ი, ც დ--ს ქ.№--, ბინა №--ში);

8. ლ. ბ-ეს აეკრძალოს ს. ნ-სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;

9. ლ. ბ-ეს აეკრძალოს ს. ნ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

10. ლ. ბ-ეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

11. ლ. ბ-ეს აეკრძალოს იარაღით სარგებლობა;

12. დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

13. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ ლ. ბ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

14. ლ. ბ-ეს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

15. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე