საქმე # 190100124008702518
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №943აპ-24 ქ. თბილისი
მ-ი ფ, 943აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენით:
1.1. ფ. მ-ი, - დაბადებული --- წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
1.2. ქ. ნ-ი, - დაბადებული --- წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქ. ნ-ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
1.3. გაუქმდა ქ. ნ-ისა და ფ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. მ-მა და ქ. ნ-მა ჩაიდინეს სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ასევე, ქ. ნ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით, 02:40 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ მ-ი, თ-ს შემოვლითი გზის განაპირას მდებარე ბარ-რესტორანში, ფ. მ-მა და ქ. ნ-მა ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ამავე ბარში დასაქმებულ ჟ. ს-ე, კერძოდ, ყვირილითა და ლანძღვა-გინებით შევიდნენ რესტორნის შენობაში, რის შემდეგაც, ჟ. ს-ს ქ. ნ-მა რამდენჯერმე დაარტყა ორივე ხელი თავისა და სახის არეში, ხოლო ფ. მ-მა ჟ. ს-ი, ძალის გამოყენებით, ოთახიდან გარეთ გაათრია, სადაც უკვე წაქცეულს, ძლიერად ურტყამდა სხეულზე ორივე ფეხს. ფ. მ-ისა და ქ. ნ-ის ქმედებების შედეგად, თითოეულ შემთხვევაში, ჟ-- ს-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
· 2023 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 02:40 საათზე, გ-ს რაიონის სოფელ მ–ი, თ-ს შემოვლითი გზის განაპირას მდებარე ბარ-რესტორანში, ქ. ნ-ი, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჟ. ს-ს, კერძოდ, უთხრა, რომ შუაზე გაჭრიდა და მოკლავდა, რაც ჟ. ს-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. მსჯავრდებულების - ფ. მ-ისა და ქ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ--ა შესაგებლით მოითხოვა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მსჯავრდებულების - ფ. მ-ისა და ქ. ნ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ ჟ. ს-ისა და მოწმეების - ხ. თ-ს, შ. ნ-ს გამოკითხვის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N-- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ფ. მ-ისა და ქ. ნ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების - ფ. მ-ისა და ქ. ნ--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები და ფ. მ-ს შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილით, ხოლო ქ. ნ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), თუმცა შემდგომ სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობითად, კერძოდ: ფ. მ-ისა და ქ. ნ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ ორივე მათგანი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ქ. ნ-ი პირველადაა სამართალში, ხოლო ფ. მ-ი 2023 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით, ნასამართლევი იყო ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მათ სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
7. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
8. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
9. საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა, რომ მსჯავრდებულების - ფ. მ-ისა და ქ. ნ-ის მიმართ გავრცელდეს ამ პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისულფების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
11. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ფ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე.
12. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ქ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე; 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და უნდა მიესაჯოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქ. ნ-ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. ფ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;
2.2. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ფ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე;
2.3. ქ. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;
· ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ქ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე;
· სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად;
· ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე ქ. ნ-ს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და მიესაჯოს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად;
· საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქ. ნ-ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 8 თვე;
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფ. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების თანახმად, ფ. მ-ისა და ქ. ნ--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოთ მსჯავრდებულებს, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე