საქმე # 160100121004552662
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1109აპ-24 თბილისი ქ. თბილისი
ო-ი მ, 1109აპ-24 27 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
მ. ო-ი, დაბადებული .. წლის .. აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, მ. ო-ს 3 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
მ. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2021 წლის 28 მარტიდან;
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2.1. 2021 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 18:00 საათზე, მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-ში მდებარე ავტონაწილების მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს, მ. და თ. ო-ი მანქანით მოძრაობასთან დაკავშირებით შელაპარაკდნენ ო. ა-სა და რ. ა-ნ, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ფიზიკური დაპირისპირებისას მ. ო-მა ო. ა-სა და რ. ა-ის მოკვლის მიზნით, თანნაქონი გასაშლელი დანა რამდენჯერმე დაარტყა ო. ა-ს მარცხენა იღლიის მიდამოში და ორივე ბარძაყის არეში, ასევე რ. ა-ს კისრის წინა ზედა მარცხენა მხარეს და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მათი გადარჩენა მოხერხდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით:
მსჯავრდებულის მ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: გ. მ-ს, ტ. კ-სა და ჯ. კ-ის სააპელაციო საჩივრები ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენი მ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – მსჯავრდებულ მ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ტ. კ-ძე ითხოვს მ. ო-ის უდანაშაულოდ ცნობას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას;
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ვიდეოკამერის ჩანაწერის მიხედვით, სხვებიც არიან ჩართული ჩხუბში. დანა გამოყენებულია მეორე კონფლიქტის დროს, ესე იგი, ზუსტად მაშინ, როდესაც სხვებიც ჩხუბობენ და სცემენ ბრალდებულს. მ. ო-ს თუ მკვლელობა სურდა, მეორე ჩხუბის დაწყებისთანავე ამოიღებდა დანას ან პირველივე ჩხუბის დროს დაჭრიდა პირს. რეალურად, მ. ო-ი იძულებული გახდა, ამოეღო დანა და გამოეყენებინა ის მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, რა დროსაც იძულებული გახდა, მოეგერიებინა ისინი. აუცილებელი მოგერიების არსებობისათვის აუცილებელი არ არის, ხელჯოხი ან იარაღი იყოს პირის წინააღმდეგ გამოყენებული. რამდენიმე ადამიანის თავდასხმისას, ადამიანი უკვე აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება.
5. ბრალდების მხარემ, პროკურორმა – გიორგი მექვაბიძემ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ო-ის ინტერსების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამიჯვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში მიუთითა, რომ განზრახვის შეფასებისათვის ერთობლივად უნდა გააანალიზდეს შემდეგი სახის გარემოებები: რა იარაღით არის ჩადენილი დანაშაული, როგორია მიყენებულ დაზიანებათა ადგილმდებარეობა, სიმრავლე, სიმძიმის ხარისხი და რა არის ქმედების შეწყვეტის მიზეზები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №882აპ-21 გადაწყვეტილება).
9. დაზარალებულების – ო. ა-ის, რ. ა-ს ჩვენებებით, ფაქტის შემსწრე პირდაპირი მოწმეების, მათ შორის: თ. ო-ის, ვ. მ-ის, ბ. რ-ის, რ. გ-ის, ს. კ-ის ჩვენებებით, გარე სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერების, ექსპერტიზის დასკვნებით (სააპელაციო სასამართლომ ხსენებული მტკიცებულებები განაჩენში დეტალურად მიმოიხილა, რასაც საკასაციო სასამართლო აღარ გაიმეორებს) უტყუარად დასტურდება, რომ 2021 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 18:00 საათზე, მ. და თ. ო-ი მანქანით მოძრაობასთან დაკავშირებით, შელაპარაკდნენ ო. ა-სა და რ. ა-ნ, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ფიზიკური დაპირისპირებისას, მ. ო-მა ო. ა-ის და რ. ა-ის მოკვლის მიზნით, თანნაქონი გასაშლელი დანა რამდენჯერმე დაარტყა ო. ა-ს მარცხენა იღლიის მიდამოსა და ორივე ბარძაყის არეში, ასევე რ. ა-ს კისრის წინა ზედა მარცხენა მხარეს და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები.
10. მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ო. ა-სა და რ. ა-ის მიყენებული დაზიანებები განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით.
11. დაზარალებულები მიუთითებენ, რომ მ. ო-მა მათ დაზიანებები მიაყენა დანით. დანასთან დაკავშირებით, მიუთითა მოწმე ვ. მ-აც, კერძოდ, მისი ჩვენებით, მ. ო-ის ხელში დანა მაშინ დაინახა, როდესაც აზერბაიჯანელებმა დაიყვირეს, „დანა აქვს ხელშიო“. იგი გაიქცა, მ-ი დაიჭირა უკნიდან და ამ ძიძგილაობაში მ-იმ დანა გადააგდო. თავად მ. ო-ი აღნიშნავს, რომ ერთ მომენტში, ყურში მოხვდა მძიმედ, წამოდგა, იმათგან თავდასაცავად ამოიღო და უმისამართოდ იქნევდა დანას, შემდეგ კი მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო – ორმა ადამიანმა მიიღო დაზიანება.
12. საკასაციო პალატა ითვალისწინებს თავად დაზიანებათა ადგილმდებარეობას, სიმრავლეს და სიმძიმეს, კერძოდ:
12.1. რ. ა-ს დაუდგინდა კისრის წინა ზედა მარცხენა არეში ჭრილობა, გარეთა საუღლე ვენის დაზიანებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით; იმავე დასკვნის თანახმად, კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ აღნიშნული ჭრილობის ფართობია 2 სმ, ხოლო სიღრმე – 5 სმ.
12.2. ო. ა-ს დაუდგინდა გულმკერდის მარცხენა ნახევრის ჭრილობა, მარცხენა იღლიის ვენის დაზიანებით; ორივე ბარძაყის მრავლობითი ჭრილობა. იღლიის მიდამოს ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო ბარძაყების ყველა ჭრილობა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით. კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მარცხენა იღლიის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობის ფართობია 2 სმ, სიღრმე, დაახლოებით 5 სმ. მარცხენა ბარძაყის ქვედა მესამედის გარეთა ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობის ფართობია 2 სმ, სიღრმე, დაახლოებით 5-6 სმ; მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედის გარეთა ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობის ფართობია 1,5-2 სმ, სიღრმე 10-12 სმ. ამავე ბარძაყზეა 2 ერთეული ჭრილობა, რომლის ფართობია 1,5-2 სმ, სიღრმე, დაახლოებით 5 სმ.
13. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს ქმედების შეწყვეტის უშუალო მიზეზსაც. როგორც ვ. მ-მ მიუთითა მ-ზი მან უკნიდან დაიჭირა, რათა არ გაეშვა, ამ ძიძგილაობაში კი მან დანა დააგდო.
14. საკასაციო პალატა დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნის (დანა), მიყენებული დაზიანებათა რაოდენობის (ორი დაზარალებული, ჯამურად არაერთი ჭრილობა), მათი განლაგებისა და სიმძიმის გათვალისწინებით (მათ შორის კისრის არე, გულმკერდის არე, რაც ზემოთ უკვე აღწერილია), აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების ერთობლივი გაანალიზებით, დაცვის მხარის მითითებას, მ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვერ გაიზიარებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა, როგორც დანის უმისამართოდ ქნევის, ისე – აუცილებელი მოგერიების წინაპირობების უსაფუძვლობაზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს.
15. გარდა, ზემოაღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით როგორც იკვეთება, დაზარალებულს პირველად ურტყამს მსჯავრდებული, რომლის შემდეგაც იწყება ფიზიკური დაპირისპირება; მოწმე თ. ო-მა აღნიშნა, რომ პირველად მ-მა დაარტყა გინების გამო. ძალიან ნასვამები იყვნენ. გარკვეულ ეტაპზე, დაზარალებულები გარბიან, რის შემდგომაც მ. ო-მა კვლავ განაახლა მათთან ჩხუბი.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აშაკარა, საკმარისია; მათი ერთობლივი შინაარსობრივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დასტურდება მ. ო-ის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენის შეცვლის სამართლებრივ საფუძველს შეუქმნიდა.
17. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, რომლის მიხედვითაც, ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის, განსახილველი საქმით გამოკვეთილ დანაშაულზე (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი