Facebook Twitter

3კ-1225-02 13 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. 30 აპრილს მ. ც.-ს სესხის სახით გადასცა 4300 აშშ დოლარი ყოველთვიურად 7%-ის გადახდით. მ. ც.-მ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ც.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 22 სექტემბრის განჩინებით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ დაკისრებული თანხიდან მ. ც.-მ ნებაყოფლობით გადაიხადა 1600 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ თანხას _3900 აშშ დოლარს _ მოპასუხე ნებაყოფლობით არ იხდის. აღნიშნული თანხის ამოღება ასევე ვერ შეძლო იმერეთის სააღსრულებო ბიურომ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მ.ც.-მ აღებული სესხი მოახმარა ოჯახს და თავის საერთო ინტერესებს, რაც დადასტურებულია საოლქო სასამართლოს განჩინებით. მ. ც.-ე 1972 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა. ც.-სთან, რომელსაც გააჩნია გარკვეული უძრავი ქონება. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მ. ც.-ის მიერ აღებული ვალის მეუღლეების საერთო ვალად აღიარება. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე თვლის, რომ ც.-ების ოჯახმა მას ასევე მიაყენა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მისი და მისი ოჯახის წევრების ზნეობრივ ტანჯვაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მ. ც.-ის მიერ აღებული ვალი აღიარებულ ყოფილიყო მეუღლეების მ. და ა. ც.-ების საერთო ვალად. Mმოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებულ _3900 აშშ დოლართან ერთად მორალური და მატერიალური ზიანისათვის მოპასუხეებისათვის 14182 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხე ა.ც.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან არაფერი იცოდა მისი მეუღლის ვალის შესახებ და მითითებული თანხა არც ოჯახის საერთო ინტერესებს მოხმარებია. მან ასევე არ ცნო სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში.

მოპასუხე მ.ც.-მ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას ნამდვილად გადასახდელი აქვს 3900 აშშ დოლარი, რომელსაც ერთდროულად ვერ იხდის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო და გადაიხდის ეტაპობრივად. რაც შეეხება მორალურ და მატერიალურ ზიანს, ამ ნაწილში მ.ც.-მ სარჩელი არ ცნო. მან ასევე მიუთითა, რომ მისი მეუღლე ა.ც.-ს მის მიერ აღებულ ვალთან არანაირი კავშირი არა აქვს და თანხის მისთვის დაკისრება არის უსაფუძვლო, ვინაიდან მ.ც.-მ ვალი აიღო არა ოჯახის ინტერესებისათვის, არამედ _ როგორც შპს “მ.-ის’’ დირექტორმა, აღნიშნული შპს-სათვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ნ.ჩ.-ემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილება და მ. ც.-ის ვალი ნ.ჩ.-ის მიმართ აღიარებული იქნა მეუღლეთა _ მ. და ა. ც.-ების საერთო ვალად. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობა, რომლებიც გაფრთხილებული იყვნენ სხდომის შესახებ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით ა.ც.-ის საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. ა.ც.-მ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად დაასახელა შვილის ავადმყოფობა და წარმოადგინა პოლიკლინიკიდან შესაბამისი ცნობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ც.-ების შვილი არის 20 წლის, ანუ სრულწლოვანი და ფაქტობრივად თვითონვე შეეძლო მიეხედა საკუთარი თავისთვის. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა არა მარტო ა.ც.-ე, არამედ _ მისი მეუღლე მ. ც.-ც და უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთს მაინც შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ა.ც.-ის საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ნ. ჩ.-მ სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად არ დაკმაყოფილებულა. Qქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით ნ. ჩ.-ს განემარტა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას მ. და ა. ც.-ების მიერ ძირითადი თანხის პროცენტის გადახდისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული განჩინება ნ. ჩ.-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული მოტივებით ნ. ჩ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება ასევე გაასაჩივრეს ა. და მ. ც.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს ნ.ჩ.-მ უარი განაცხადა თავის საკასაციო და კერძო საჩივარზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ მ. და ა. ც.-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ.ჩ.-ის საკასაციო და კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ანალოგიურად, თუ კასატორი უარს იტყვის საკასაციო საჩივარზე, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან სსკ-ს 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ვინაიდან ნ. ჩ.-ემ უარი თქვა თავისი საჩივრის განხილვაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს როგორც კერძო, ასევე _ საკასაციო საჩივრებზე.

რაც შეეხება ც.-ების საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 31 მაისის სასამართლო სხდომაზე მხარეები მიწვეული იყვნენ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც უდავოა. ც.-ებმა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა დაასაბუთეს შვილის ავადმყოფობით და წარმოადგინეს პოლიკლინიკის ცნობა ამის თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ც.-ების შვილს, რომელიც არის სრულწლოვანი, შეეძლო თვითონ გამოეძახა ექიმი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში მხარედ ჩაბმულია ორივე მეუღლე, ერთ-ერთს მაინც შეეძლო გამოცხადება სასამართლოში.

სსკ-ს 241-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ ც.-ების გამოუცხადებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით და მათ შეეძლოთ, ერთ-ერთს მაინც, თავის დროზე ეცნობებინათ სასამართლოსათვის შვილის ავადმყოფობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე, 410-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. და მ. ც.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ნ. ჩ.-ის საკასაციო და კერძო საჩივრებთან დაკავშირებით შეწყდეს საქმის წარმოება.

უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.