საქმე # 330100123007666528
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №904აპ-24 ქ. თბილისი
გ-ი რ, 904აპ-24 28 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
1.1. რ. გ-ი, - დაბადებული --- წლის 5 მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 1500 ლარი და საბოლოოდ რ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 18 ივნისიდან.
· (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით: დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით: დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. რ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაითვალა პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.
· საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. გ-ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 11 დღით ადრე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განჩინებით რ. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით შეიცვალა ჯარიმით 1500 ლარით).
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2023 წლის 18 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თ-ი, ვ–ი 3, პირველი მიკრორაიონი, კორპუსი N-, ბინა N---ში მდებარე მ-ს საცხოვრებელ სახლში, რ. გ-მა სცადა ქ. და ა. მ-ს განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით, დანის გამოყენებით, ა. მ-ს თავის არეში მიაყენა თორმეტი ნაკვეთ-ნახეთქი ჭრილობა. ასევე დანის გამოყენებით ქ. მ-ს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ოთხი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მათ შორის თავის, ბარძაყისა და ტერფის არეში. თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო ქ. და ა. მ-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო. ასევე ადგილზე შეკრებილმა ხალხმა და პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს ქ. მ-ა და ა. მ- მოკვლის საშუალება. აღნიშნულის შემდეგ რ. გ–ი დააკავეს შემთხვევის ადგილზე შსს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო ქ. და ა. მ. გადაყვანილ იქნენ კლინიკაში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით:
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორებმა - მსჯავრდებულმა რ. გ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-ა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა რ. გ–ის ქმედების კვალიფიკაციისა და შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის კუთხით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო კასატორთა მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მათ მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, ესენია: დაზარალებულების - ქ. მ-ა და ა. მ. ჩვენებები, მოწმეების - მოწმე თ. ფ-ს, ნ. ქ-ს, ლ. პ-ს, ა. პ-ს, ა. პ-ს, გ. ძ-ს, ლ. შ-ს, მ. ბ-ს, ა. მ-ს, მ. ქ-ა და სხვათა გამოკითვის ოქმები, მოწმეების - ნ. ქ-ს, ე. ს-ს, ი. ი-ს, დ. გ-ა და სხვათა ჩვენებები, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის N----, ----- დასკვნები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N----- დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N----, N--- და N-- დასკვნები, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი.
3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N-- და N-- დასკვნებზე, რომლებითაც უტყუარად დგინდება თუ რა სახისა და ხარისხის დაზიანებები აქვთ მიყენებული ა. მ--ს და ქ. მ-ს შემთხვევის დროს, კერძოდ:
3.1. ქ. მ-ს მიღებული აქვს სკალპის ღია ჭრილობა; თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა; მაჯის და მტევნის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა; გარეთა სასქესო ორგანოების სხვა და დაუზუსტებელი ღია ჭრილობები; ტერფის სხვა და დაუზუსტებელი ნაწილების დაჟეჟილობა, ტერფის ღია ჭრილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული; მაჯის და მტევნის სხვა ნაწილების დაჟეჟილობა; მხრის სარტყლისა და მხრის დაჟეჟილობა; კისრის მრავლობითი ზედაპირული ტრავმები; გულმკერდის უკანა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმები; თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ნახეთქი და ნაკვეთი ჭრილობები. პირადი შემოწმებისას, ქ. მ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევის, გაკერილი ჭრილობების, ნაკაწრების, სწორკიდეებიანი ჭრილობის და ნაჭდევის სახით. ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრები განვითარებულნი უნდა იყვნენ რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები 30 განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
3.2. ა. მ-ს დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. სკალპის ღია ჭრილობა თავის მრავლობითი ღია ჭრილობები ქუთუთოსა და პერიოკულური არის ღია ჭრილობა ტუჩის და პირის ღრუს ღია ჭრილობა; ცხვირის ღია ჭრილობა თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა; სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ნაკვეთი და ნახეთქი ჭრილობები. პირადი შემოწმებისას ა. მ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, გაკერილი ჭრილობების, ნაკვეთი ჭრილობების, ნაჭდევების და ნაკაწრის სახით. ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად.
4. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულებმა - ა. მ-მ და ქ. მ-მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს რ. გ-ის მიერ დანების, ხელების, ფეხებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით თავის არეში და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი დაზიანებების მიყენების ფაქტი. მათ თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, კონფლიქტი დაიწყო რ. გ-მა, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა ა. მ-მ ნახა საკუთარ სახლში და ჰკითხა თუ რას აკეთებდა ღამის 03:00 საათზე რ. გ-ი მათ ბინაში. აღნიშნულზე რ. გ–ი გახდა აგრესიული და ა. მ-ს დანის გამოყენებით თავის არეში მიაყენა დაზიანებები. ამის შემდეგ მსჯავრდებულის მოქმედებები განვითარდა რამდენიმე ეტაპად, კერძოდ: მამის დასახმარებლად აბაზანიდან გამოსულ ქ. მ-ს დაარტყა მუშტი, შემდეგ შეათრია აბაზანაში, სადაც სცემდა და კედელზე არტყმევინებდა თავს, ასევე აბაზანაში შეიტანა დანა და დანის გამოყენებით ცდილობდა ქ. მ. მოკვლას, მას მიაყენა მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე და ცდილობდა ქ. მ-თვის ყელის გამოჭრას, რაც ვერ მოახერხა დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო; ა. მ. შეძახილზე, თავი დაენებებინა მისი ქალიშვილისთვის, რ. გ–ი გაემართა მისი მიმართულებით და დანის გამოყენებით კვლავ მიაყენა ა. მ-ს დაზიანებები, ხოლო მამის საშველად მისული ქ. მ-ს დაუწყო ცემა, როგორც მისაღებ ოთახში, ისე საძინებელ ოთახში და შემდეგ აივანზე. რ. გ-ი დაზიანებებს აყენებდა როგორც დანით, ისე ხელებით, ფეხებითა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით. ამავე დროს რ. გ–ი ვერბალურად გამოხატავდა დაზარალებულებების მოკვლის სურვილს და მიმართავდა დაზარალებულებს ,,რა ვეღარ მოგკალით ეს მამა-შვილი“. მას შემდეგ კი რაც მსჯავრდებულის მხრიდან მრავალჯერადი ძალადობრივი ქმედებებით დაღლილმა დაზარალებულებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა, მან ჩათვალა, რომ განზრახვა აღასრულა (მსჯავრდებულმა ჩაილაპარაკა ,,ძლივს არ მოვკალიო“), მტკიცებულებათა განადგურებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ბინაში გააჩინა ხანძარი.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულებულების - ქ. მ-ა და ა. მ. მიერ მიცემული ინფორმაცია თანხვდენილია ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა, კერძოდ, თამარ ფ-ს, ნ. ქ-ს, ლ. პ-ს, ა. პ-ს, ა. პ-ს, გ. ძ-ს, ლ. შ-ს, მ. ბ-ს, ა. მ-ს, მ. ქ, მ. ს–-ს, ა. მ-ს, არასრულწლოვანი ლ. მ-ა და ბ. კ-ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციასთან (რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია). აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ დაინახეს, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა ახალგაზრდა მამაკაცი ქალს, ხელებით, ფეხებითა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით. ქალი ითხოვდა შველას და იძახდა, რომ მამაკაცმა მამა მოუკლა, ახლა კი მის მოკვლას ცდილობდა. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ როცა ქ. მ-ა და ა. მ. საცხოვრებელ ბინაში ავიდნენ, კარი დაკეტილი დახვდათ, ხოლო ბინიდან გამოდიოდა კივილისა და ჩხუბის ხმა; შემდეგ დაიწყეს კარზე ბრახუნი, რათა მოძალადეს შეეწყვიტა მისი ძალადობრივი ქმედებები და გადაერჩინათ დაზარალებულები. გარკვეული დროის შემდეგ რ. გ-მა გააღო კარი და გარეთ გამოვარდა, რომელიც იქვე ლიფტთან დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კარის გაღებისას ბინიდან გამოვარდა ძლიერი კვამლი, ხოლო ბინაში იყო ხანძარი. აღნიშნულმა პირებმა გამოკითხვის დროს ასევე დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე რ. გ–ისა და დაზარალებულების გარდა სხვა პირი არ იმყოფებოდა; რ. გ–ს ბინიდან გამოსვლის დროს ხელში ეჭირა ჩანგალი.
6. დაზარალებულებისა და ზემოაღნიშნული მოწმეების უდავოდ მიჩნეული ჩვენებები სრულადაა თანხვდენილი არასრულწლოვან ლ. მ-ა და მ. ს-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერთან, კერძოდ, ლ. მ. მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით კადრში ჩანს აივანზე ჩამჯდარი ქალი, რომელსაც უკნიდან ფეხს ურტყამს მამაკაცი; ქ. მ. განმარტებით აღნიშნული ქალი არის თავად, ხოლო მამაკაცი რომელიც ურტყამს ფეხს არის რ. გ-ი. რ. გ–ი თმაში ქაჩავს ქ. მ-ს და აწვენს აივანზე ზურგით, რის შემდეგ დაახლოებით ოთხჯერ ურტყამს მუშტს სახის არეში, რის შემდეგ ფეხებით დგება ზემოდან ქ. მ-ზე და ურტყამს ფეხებს. მ. ს-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში ჩანს ქ. მ- საცხოვრებელი ბინა. ბინის ოთახები მოსვრილია მოწითალო ფერის მასით, ქ. მ- განმარტებით, ეს არის სისხლი, ასეთივე მასით მოსვრილია კედლები, ბინაში იმყოფებიან პოლიციელები. ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ გადის დერეფანი, რომლის იატაკი და კედლები მოსვრილია მოწითალო ფერის მასით, დერეფანში მარჯვენა მხარეს მდებარეობს სააბაზანო ოთახი, რომლის იატაკზე არის წყლის გუბე და წყალში გარეულია მოწითალო ფერის მასა. ქ. მ. განმარტებით აბაზანის იატაკზე არსებულ წყალში გარეულია მისი სისხლი, რაც წამოუვიდა რ. გ-ის მიერ მისი დაჭრის დროს. ბინაში შესასვლელიდან პირდაპირ მისაღებ ოთახში ზის მამაკაცი, რომელიც მთლიანად მოსვრილია მოწითალო ფერის მასით და თავსა და სახეზე აშკარად აღენიშნება ჭრილობები; ქ. მ. განმარტებით ეს არის მამამისი ა. მ, რომელსაც რ. გ–მა დანით მიაყენა დაზიანებები და მოსვრილია ჭრილობებიდან წამოსული სისხლით. ა. მ-ს ტანზე აცვია შორტი და მაისური, რომელიც არის გაჟღენთილი, რაც ქ. მ. განმარტებით არის სისხლი. მისაღები ოთახიდან ხელმარცხნივ საძინებელ ოთახში, იატაკი მოსვრილია მოწითალო ფერის მასით, რაც ქ. მ. განმარტებით, არის სისხლი. საწოლზე ზის გოგონა, ქ. მ. განმარტებით არის თავად. ქ. მ-ს სახეზე აღენიშნება დაზიანებები, წელს ქვემოთ შემოხვეული აქვს მოწითალო ფერის ნაჭერი და მხრებზე მოხურული აქვს მოშაო ფერის პერანგი. ქ. მ. განმარტებით კადრში ნაჩვენები მოწითალო ფერის მასები არის მისი და ა. მ. სისხლი, რ. გ-ის მიერ მათი მკვლელობის მცდელობის შედეგად.
7. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე თანხვდენილია საქმეზე ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ორივე ოქმთან, ასევე დაკავების, მსჯავრდებულისა და დაზარალებულებების ტანსაცმელების ამოღების ოქმებთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაზარალებულების მიმართ დანის დარტყმას, ხოლო მათთვის მიყენებული დაზიანებები წარმოადგენს მსუბუქ ხარისხს, შესაბამისად, გამორიცხულია მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულების მოკვლის განზრახვა და სურვილი.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე უტყუარად დგინდება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული რ. გ-ი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა ა. მ--ა და ქ. მ. მოკვლის განზრახვით. აღნიშნულს ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება - დანა, (ხელები, ფეხები და სხვადასხვა ნივთები (დამტვრეულ მაგიდის ფიცარი, საფერფლე) და მის მიერ მიყენებული დაზიანებათა რაოდენობა, (ა. მ-ს მხოლოდ თავის არეში მიაყენა თორმეტი ნაკვეთ-ნახეთქი ჭრილობა, ხოლო ქ. მ-ს სხულის სხვადასხვა არეში მიაყენა ოთხი ნაკვეთ-ნაჩხვეტი ჭრილობა მათ შორის, თავის, ბარძაყის და ტერფის არეში) განლაგება და ლოკალიზაცია, ხარისხი და სიმძიმე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მათ შორის სიცოხლისათვის სახიფათო ადგილებს - თავის არეს და ბუნებრივია, მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნით, ,,დანით“ სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილებში დაზიანებების მიყენებით იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკი, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ქმედება იყო მრავალჯერადი და მიმართული იყო კონკრეტული პირებისკენ. აღნიშნული გარემოებები კი მეტყველებს იმაზე, რომ მსჯავრდებული აცნობიერებდა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას - ა. მ-ა და ქ. მ- სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას (რაც დადასტურდა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N- დასკვნით); ასევე ის გარემოებაც, რომ დაზარალებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა და ხელშეშლის გამო, ადგილზე შეკრებილი ხალხისა და შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების გამო მას არ დარჩა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ დამატებითი დაზიანებები მიეყენებინა ა. მ-ა და ქ. მ-ათვის და განზრახვა მოეყვანა სირულეში.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არც რაოდენობრივ მახასიათებელს და არ განსაზღვრავს არც იმას თუ რა სახის მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანარტის დაკმაყოფილებისთვის. საჭირო მტკიცებულებების სახე და რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული განსახილველი საქმის სპეციფიკაზე. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში კონკრეტული პირისთვის წარდგენილ ბრალდებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N723აპ-19). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით მტკიცება შესაძლებელია გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო, შეთანხმებული და დასაბუთებული დასკვნებისა ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდებიდან (იხ. Bouyid v. Belgium, no. 23380/09, § 82, ECtHR, 28/09/2015; El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.39630/09, §151, ECtHR, 13/12/2012; Hassan v the UK,[GC], no. 29750/09, §48, ECtHR, 16/09/2014; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 92, ECtHR, 2010). გათვალისწინებულ უნდა იქნეს მტკიცებულებების ხარისხი, მათ შორის, აყენებდა თუ არა ეჭვის ქვეშ მათ საიმედოობას ან სიზუსტეს ის გარემოებები, რომლებშიც მათი მოპოვება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არის გამყარებული სხვა მასალით, მათი სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ არ დადგეს, როდესაც საკმაოდ მყარია და მათი სანდოობა არ არის საეჭვო, ამასთანავე, უფრო ნაკლებია ასეთი მტკიცებულებების სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება ( იხ. Bykov v. Russia, no.4378/02 [GC], §90, ECtHR, 10/03/2009; Allan v UK, no.48539/99, ECtHR, §43, 05/11/2002).
10. საკასაციო სასამართლო ალოგიკურად მიიჩნევს რ. გ-ისა და მისი ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის თაობაზე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით - ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები, მათ შორის განზრახვა. შესაბამისად, რ. გ-ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებული მხარის - სს ,,ნ--ს“ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული რ. გ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
14. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ წარმოადგინა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დაზარალებულად ცნობილი პირის - ნ. კ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ რ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული ექცევა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ფარგლებში; ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით (სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება) სარგებლობისთვის არ მოითხოვება დაზარალებულის თანხმობა.
16. ამდენად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ. გ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 4 თვეს, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობით.
17. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. გ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რ. გ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, რ. გ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და შეეფარდოს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით;
5. რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისის განაჩენით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, რ. გ–ს, სასჯელის ზომად განესაზღვროს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. რ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 18 ივნისიდან;
9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
10. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
· რ. გ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ჩანგალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი მოწითალო ფერის დანის ტარი და ორი ცალი დანის პირი მოწითალო ფერის ლაქებით, 5 ცალი ანაწმენდი მოწითალო ფერის ლაქებიდან სტერილურ ჩხირზე, ა. მ. სისხლის ნიმუში, ქ. მ. სისხლის ნიმუში, რ. გ–ის ნერწყვისა და სისხლის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი საბანი და ერთი ზეწარი, რომელიც გადაგზავნილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
· გ. ი-ნ ამოღებული ა. მ. ტანსაცმელი, თ. ჩ--ნ ამოღებული ქ. მ. ტანსაცმელი, რ. გ-ისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამწვის ნიმუში, რომელიც ინახება თბილისის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
· ლ. მ-გან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, მ. ს-სგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· ქ. მ, ა. მ-ა და რ. გ-ის სამედიცინო ისტორიები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე