საქმე # 010142224701760094
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №29აგ-24 ქ. თბილისი
შ.რ. 29აგ-24 23 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ივლისის განაჩენით:
1.1. რ. შ–ე (დაბადებული: ..........) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
1.2. რ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1.2.1. საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით – 11 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
1.2.2. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ შეიკრიბა და რ. შ–ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავებიდან - 2001 წლის 9 მაისიდან;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განჩინებით:
3.1. მსჯავრდებულ რ. შ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3.2. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
3.2.1. მსჯავრდებულ რ. შ–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა;
3.2.2. დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა – 4 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;
4. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ რ. შ–ს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – 3 წელი, 2 თვე და 18 დღე.
5. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის დადგენილებით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილებაში შევიდა შესწორება:
5.1. მსჯავრდებულ რ. შ–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის განჩინებაში შევიდა ცვლილება:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა – 7 წელი და 6 თვე, რაც აეთვალა -
2001 წლის 9 მაისიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. შ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ რ. შ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
8. 2024 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. შ–მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. შ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. შ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას. საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მოითხოვს მის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის 24 ივნისამდე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი მისი განცხადებების გამოთხოვას, რაც პირდაპირ კავშირშია მის მიმართ 2002 წელს უკანონოდ გამოტანილ განაჩენთან. ასევე ითხოვს, მისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ი) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. კანონმდებლობა ამ ნაწილში სასამართლოს არ ანიჭებს უფლებას კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადასინჯოს რაიმე სხვა საფუძვლით, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ რ. შ–ს შუამდგომლობაში არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.
4. მსჯავრდებულ რ. შ–ის მოთხოვნაზე, სასამართლომ გამოითხოვოს მის მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის 24 ივნისამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებები, სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, შეჯიბრებით სამართალწარმოებაში კი მხარეები თავად წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15) და თავადვე უზრუნველყოფენ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას.
5. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად კასატორის საჩივრიდანვე დგინდება, რომ ითხოვს იმ მასალის გამოთხოვას, რომელიც უკვე არაერთხელ იყო შესწავლის საგანი სამართალწარმოების ფარგლებში და სასამართლოს შეფასების საგანიც. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაშიც კი ის ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან არ არის ისეთი ახალი მტკიცებულება/ინფორმაცია, რომელიც მანამდე (2024 წლის 13 ივნისამდე/შუამდგომლობით მიმართვამდე) ობიექტურად იყო უცნობი და არ იყო შეფასებული სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლოს მიერ.
6. სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის მითითებული თუ რის საფუძველზე ითხოვს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას. საქმის მასალებშიც არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა, რომ გამოკვეთილია საქართველოს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა რ. შ–ს მოთხოვნა.
7. საკასაციო საჩივარზე დართულ განცხადების ასლებთან მიმართებით, სადაც მითითებულია რ. შ–ს მიმართ ჩადენილ ან დაგეგმილ დანაშაულებზე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებულ განცხადებებს ასევე ერთვის 2024 წლის 5 ივნისის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2024 წლის 30 მაისის შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების ოქმი (რომლის თანახმად, რ. შ–ესთან N.. პენიტენციურ დაწესებულებაში, 2024 წლის 23 აპრილის, 24 მაისისა და 27 მაისის განცხადებების ირგვლივ, სადაც უთითებდა მის მიმართ ჩადენილ/დაგეგნილ დანაშაულებზე მოხდა ინფორმაციის მიღება) გადაგზავნილია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ამასთან, შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების ოქმში თავად მსჯავრდებული რ. შ–ე უთითებს, რომ მის მიერ აღნიშნული დანაშაულების შესახებ პროკურატურაში უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველზე, ამასთან არც შუამდგომლობას ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, – სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ივლისის განაჩენი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რ. შ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. შ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განჩინება, მსჯავრდებულ რ. შ–ის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი