საქმე N 330100115001099692
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1003აპ-24 18 დეკემბერი, 2024 წელი
ბ. გ. , №1003აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ბ. (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2007 წლის 3 ოქტობერს რეგისტრირებულ იქნა შპს ,,...“. 2008 წლის 12 თებერვლიდან საზოგადოების დირექტორი და დამფუძნებელი 100%-იანი წილით არის გ. ბ–ი. საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საზღვარგარეთიდან ს–ში გაყინული ხორცის და თევზის პროდუქტების შემოტანა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
1.3. გ. ბ–ს, როგორც შპს ,,ა-ს“ დირექტორს, ევალებოდა საზოგადოების საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებით, მასვე ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადი.
1.4. მიუხედავად ამისა, გ. ბ–მა არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და საგადასახადო ორგანოში არ წარადგენდა დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებს.
1.5. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს ,,ა- ს“ საქმიანობის შემსწავლელი კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას, ზემოხსენებული დარღვევების გამო, 2014 წლის 27 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით - 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში დამატებით სულ დაერიცხა 322 232 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 219 201 ლარი და ჯარიმა - 103 031 ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2014 წლის 3 ნოემბრის N...... საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დაერიცხა სულ 566 292,26 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 219 201 ლარი, ჯარიმა 103 031 ლარი, ხოლო საურავი 243 655,26 ლარი.
1.6. გ. ბ–მა არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით, დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა გადახდილი გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 219 201 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, გ. ბ–ი (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
2.2. ძებნილი გ. ბ–ი დაკავებული იქნა 2023 წლის 9 მარტს.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ–მა და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით, მსჯავრდებულ გ. ბ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 30 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართეს მსჯავრდებულმა გ. ბ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ და მოითხოვეს გ. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორთა პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ ადასტურებენ გ. ბ–ს მიერ დანაშაულის ჩადენას, არამედ გამორიცხავენ მის ბრალს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებდა გ. ბ–ი. დაცვის მხარის განმარტებით, გ. და ვ–ი ხელმძღვანელობდნენ შპს ა-ს და შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. გ. ბ–ს გამოძიებისათვის თავის არიდება არ უცდია. იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული შეიქმნა წასულიყო საზღვარგარეთ. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, დაცვის მხარე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. ბ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.3. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2008 წლიდან შპს „ა-ს“ დირექტორი იყო გ. ბ–ი. თუმცა, მსჯავრდებულის განმარტებით, იგი მხოლოდ ფიქტიურად იკავებდა თანამდებობას, ისე რომ საწარმოს რეალურ მართვაში არ მონაწილეობდა და შპს ა-ს ხელმძღვანელობდნენ – გ. და ვ-ი.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას გ. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ და ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 25 მაისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შპს ,,ა-ს“ დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და 100% წილის მესაკუთრე არის გ. ბ–ი.
5.5. 2012 წლის 9 თებერვალს, 2012 წლის 19 ოქტომბერს, 2013 წლის 30 ოქტომბერს შპს „ა-ს“ გაეგზავნა საგადასახადო შეტყობინებები, რომელთა თანახმად შპს „ა-ს“ ეცნობა, რომ გათვალისწინებული იყო შპს „ა-ს“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების დანიშვნა და დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, სრულ წესრიგში მოეყვანა სააღრიცხვო დოკუმენტაცია და უზრუნველეყო შემოწმების განმახორციელებელ პირთა კანონიერი მოთხოვნების შესრულება.
5.6. 2014 წლის 27 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,ა-ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა სულ 322232 ლარი. მათ შორის, ძირითადი გადასახადი 219201 ლარი, ჯარიმა 103031 ლარი. შპს ,,ა-ზე“ დარიცხვა განხორციელდა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის პერიოდში.
5.7. 2014 წლის 3 ნოემბრის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N.... ბრძანების თანახმად, შპს ,,ა-ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 322232 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 219201 ლარი, ჯარიმა 103031 ლარი. შპს ,,ა-ს“ დაერიცხა მიმდინარე გადასახადი 60216 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 59811 ლარით.
5.8. შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 3 ნოემბერს მიღებულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა N...., რომლის თანახმად, შპს ,,ა–ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 566292,26 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 219201 ლარი, ჯარიმა 103031 ლარი, ხოლო საურავი 243655,26 ლარი.
5.9. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 12 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ 2014 წლის 3 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „ა-ს“ გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა N..., რომელიც საფოსტო დაწესებულებამ 2014 წლის 19 ნოემბერს დააბრუნა უკან გადამხდელის მოუძიებლობის მიზეზით. ამასთან, შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, „საგადასახადო მოთხოვნა“ გამოქვეყნდა საჯაროდ ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
5.10. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2014 წლის 23 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ შპს „ა–ს“ დავების დეპარტამენტში 2014 წლის 3 ნოემბრის N...- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ წარმოუდგენია.
5.11. შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2015 წლის 7 აპრილის N... წერილით ირკვევა, რომ შპს „ა–ს“ დავების დეპარტამენტში 2014 წლის 3 ნოემბრის N.. „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია.
5.12. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 17 აპრილის N.... წერილით ირკვევა, რომ შპს „ა“-სთან საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა.
5.13. დათვალიერების ოქმის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის თბ–ს მთავარი სამმართველოს ... სამმართველოს გამომძიებლის გ. დ–ს მიერ 2015 წლის 18 აგვისტოს HP ფირმის კომპიუტერის გამოყენებით დათვალიერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ვებგვერდი „http://....“. აღნიშნული ელექტრონული ვებ გვერდიდან ამოიბეჭდა შპს „ა–ს“ (ს/ნ ..) სარეგისტრაციო და რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლები სულ 34 ფურცლად.
5.14. შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ შპს ,,ა–ს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო გ. ბ–ი, ხოლო საგადასახადო მოთხოვნა N.. შპს ,,ა–ს“ გადასახდელად დაერიცხა სულ 566292,26 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 219201 ლარი, ჯარიმა 103031 ლარი, ხოლო საურავი 243655,26 ლარი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა, ასევე არ მომხდარა დაკისრებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
5.15. სადავოდ გამხდარი გარემოება, ახორციელებდა თუ არა გ. ბ–ი დირექტორისა და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას თუ იყო ფიქტიური მმართველი დასტურდება მოწმეების ე–ს, ო–ს, ლ. ჭ–ს, გ-–სა და გ. დ–ს ჩვენებებით.
5.16. მათ შორის მოწმეების: ე–სა და ო–ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ გ. ბ–ი არა მხოლოდ იურიდიულად წარმოადგენდა შპს „ა–ს“ დირექტორს და მესაკუთრეს, არამედ ფაქტობრივად წარმართავდა მის საქმიანობას. კერძოდ, მოწმე ე–მ, რომელიც იყო შპს „ა–ს“ ბუღალტერი ჩვენებაში დაადასტურა, რომ გ. ბ–ი იყო „ა–ს“ დამფუძნებელი დირექტორი და სწორედ გ. ბ–ს მითითებითა და ხელმოწერით ახდენდა, გადარიცხვებს და წარადგენდა დეკლარაციებს. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ა-ში“ მითითებებს იღებდა მხოლოდ გ. ბ–სგან. მოწმე ო–მ დაადასტურა, რომ მუშაობდა შპს „ა-ში“, სადაც გ. ბ–ი იყო მისი ხელმძღვანელი. იგი იყო დისტრიბუტორი და გაყიდვების მენეჯერი. შპს „ა–ს“ გასაყიდი პროდუქციის ფასსაც გ. ბ–ს უთანხმებდა. მას გაყიდული პროდუქციის თანხა მიჰქონდა შპს „ა–ს“ ოფისში და აბარებდა გ. ბ–ს. კომპანიის დირექტორი იყო გ. ბ–ი და მის გარდა მითითებები სხვისგან არ მიუღია.
5.17. ის გარემოება კი, რომ შპს „ა–ს“ მართავდნენ გ., ვ-ი და თ. ბ–ი არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, საკასაციო პალატას საგულისხმოდ მიაჩნია, რომ შპს „ა–ს“ ბუღალტერმა ე–მ, ფირმის მოსალოდნელი საგადასახადო შემოწმების შესახებ შეატყობინა სწორედ გ. ბ–ს და არა სხვა პირს, რასაც თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე ცალსახად დგინდება, რომ გ. ბ–ი რეალურად წარმართავდა შპს „ა–ს“ საქმიანობას და მას ევალებოდა გადაეხადა გადასახადები.
5.18. საკასაციო პალატის შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. თავისუფლების აღკვეთა, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმა, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
6.2. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
6.5. ამასთან, ვინაიდან გ. ბ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6.6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
6.7. 2024 წლის 12 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მსჯავრდებულ გ. ბ–ს განცხადება, რომლის თანახმად, მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული მატერიალური ზიანი არ არის ანაზღაურებული და ითხოვა მის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ბ–ს მიმართ ვერ გავრცელდება ზემოხსენებული მუხლით დადგენილი შეღავათი.
6.8. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ბ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და მას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, არ ჩაუდენია დანაშაული, რომელიც მითითებულია ამ კანონის მე-7 მუხლში.
6.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ბ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. გ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2023 წლის 9 მარტიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე