Facebook Twitter

3კ-1255-02 18 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ზ. ა.-მ 2001წ. 1 სექტემბერს მოქალაქე გ. ქ.-სთან გააფორმა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა. ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ბინაში მდგმურის უფლებით ცხოვრობდა ზ.უ.-ი, რომელიც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა მას.

ზ. ა.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი კუთვნილი ბინიდან ზ. უ.-ის გამოსახლება.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. უ.-ი თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ზ. ა.-ის კუთვნილი ბინიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ზ. უ.-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა 2002წ. 25 ივნისამდე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 30 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის განჩინებით ზ.უ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.

სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე ზ.უ.-მ შეიტანა კერძო საჩივარი. აპელანტმა განმარტა, რომ 2002წ. 6 ივნისის განჩინება აღნიშნულ ვადაში არ ჩაბარებია იმის გამო, რომ იმყოფებოდა რაიონში; როგორც 2002წ. 6 ივნისის, ისე 25 ივნისის განჩინების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მიმდინარეწ. 4 სექტემბერს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 სექტემბრის განჩინებით ზ.უ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ.უ.-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში; ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის განჩინება ზ.უ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ადრესატამდე მიტანილ იქნა 2002წ. 31 ივლისს, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმის გამო, რომ დროებით შეცვლილი ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი - იმყოფებოდა ქალაქგარეთ, რის შესახებაც შედგა სათანადო ცნობა.

სსკ-ს 76-ე მუხლის შესაბამისად მხარეები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება (მოცემულ შემთხვევაში კი განჩინება) გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზ.უ.-ს სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია თავისი ადგილსამყოფლის შეცვლის შესახებ. ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე განჩინება მას ჩაბარებულად ეთვლება 2002წ. 31 ივლისს.

ვინაიდან კერძო საჩივარი ზ.უ.-ს შეტანილი აქვს 2002წ. 13 სექტემბერს, მას გაშვებული აქვს კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. უ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.