Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1010აპ-24 თბილისი

გ-ა ს., 1010აპ-24 18 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილისა და მსჯავრდებულ ს. გ-ას ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განაჩენით ს. გ-ა, , ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

2. განაჩენის მიხედვით, ს. გ-ას მსჯავრად დაედო ბინის ან სხვა მფლობელის ხელშეუხებლობის დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგით: 2020 წლის 19 თებერვალსა და 2020 წლის 28 მაისს, გ-ში, ს. ის №-ში მდებარე თ. დ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით შევიდა ს. გ-ა, რომელიც მანამდე ფლობდა აღნიშნულ ქონებას და განაგრძო ცხოვრება, რითაც დაირღვა თ. დ-ის მფლობელობის ხელშეუხებლობა და მას არ ეძლევა ქონებით სურვილისამებრ სარგებლობის უფლება.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა – ს. გ-ამ და მისმა ადვოკატმა – კ. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ს. გ-ას გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ ს. გ-ას ადვოკატმა – კ. კ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ს. გ-ას გამართლებას;

Ш რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ს. გ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ს. გ-ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის არგუმენტებს სასჯელთან მიმართებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ს. გ-ას განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

11. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ს. გ-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – ჯარიმაზე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილისა და მსჯავრდებულ ს. გ-ას ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე