Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1024აპ-24 თბილისი

შ. ნ., 1024აპ-24 5 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ეს ბრალად ედებოდა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში (საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ პუნქტი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 11 აპრილს, დაახლოებით, 05:00 საათზე, ბ-ში, ----, ბინა №--ში, ნ. შ-ემ, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა, რაც განპირობებული იყო მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ფსიქიკური ძალადობით, არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ქცევით, მძიმე შეურაცხყოფით, მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით ოჯახის წევრს, დედას – გ. შ-ეს – ზურგის არეში მიაყენა ოთხი დაზიანება, მათ შორის, ერთი, შემავალი – მარცხენა პლევრის ღრუში. გ. შ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ნ. შ-თვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,19,111-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ნ. შ. ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,111-ე მუხლის პირველ ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ნ. შ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 11 აპრილიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2023 წლის 11 აპრილს, დაახლოებით, 05:00 საათზე, ბ-ში, ------ში, ნ. შ-ემ, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა, რაც განპირობებული იყო მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ფსიქიკური ძალადობით, არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ქცევით, მძიმე შეურაცხყოფით, დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ოჯახის წევრს, დედას – გ. შ-ეს – ზურგის არეში მიაყენა ოთხი დაზიანება, მათ შორის, ერთი, შემავალი – მარცხენა პლევრის ღრუში. გ. შ-ე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ პუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად.

7. დავას არ იწვევს, რომ 2023 წლის 11 აპრილს მსჯავრდებულმა დანის გამოყენებით დედას მიაყენა ჭრილობები. საქმეზე დავის საგანია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია.

8. ბრალდების მხარის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, მსხვერპლის ქმედებები არ შეიძლება, შეფასდეს, როგორც მძიმე შეურაცხყოფა ან არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევა, რის გამოც, ფიზიოლოგიური აფექტის დადგენის მიუხედავად, ნ. შ-ის ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 111,19,111-ე მუხლის პირველი ნაწილით.

9. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობისათვის სავალდებულოა, დანაშაული ჩადენილი იყოს უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების, ანუ ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რაც გამოწვეული უნდა იყოს დაზარალებულის მაპროვოცირებელი ქცევით. სწორედ მსხვერპლის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, მძიმე შეურაცხყოფა ან ამორალური ქცევით განპირობებული ფსიქიკური ტრავმა იწვევს დამნაშავის აფექტს და, შესაბამისად, დაზარალებულის მოკვლის სურვილს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მსხვერპლის ზემომითითებული მაპროვოცირებელი ქმედებები არ არის საკმარისი დანაშაულის სსკ-ის 111-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის. საქმეში უნდა არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ქმედების ჩადენისას პირი იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების (ფიზიოლოგიური აფექტის) მდგომარეობაში, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით.

10. ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობისა და, აქედან გამომდინარე, მკვლელობის, გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ძალადობა შეიძლება, გამოიხატოს როგორც ფიზიკური, ისე – ფსიქიკური ძალადობის ფორმით. ძალადობის, შეურაცხყოფისა და ამორალური ქცევის ხასიათის შეფასებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ მსხვერპლის ის მაპროვოცირებელი ქმედება, რომელიც წინ უძღოდა მკვლელობას, არამედ – თვით დამნაშავის ინდივიდუალური თავისებურებანი და სხვა გარემოებები. მსხვერპლის არაერთგზისმა მართლსაწინააღმდეგო ან ამორალურმა ქცევამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ფსიქიკური ტრავმა, რამაც, შეიძლება, ადამიანში წარმოშვას ე.წ. „აფექტის კუმულაცია“. ასეთ ვითარებაში ისეთი ინტენსივობის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევა, რომელიც სხვა შემთხვევაში ვერ გაამართლებდა აფექტს, შეიძლება მკვლელობის საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი გახდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მსხვერპლის მიერ დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ერთჯერადად ჩადენილი მაპროვოცირებელი ქმედება არ არის ისეთი ინტენსივობის, რომ აფექტის გამოწვევისათვის საკმარისი საფუძველი იყოს, მაგრამ მისი არაერთგზის ჩადენა უკვე საკმარისია ძლიერი სულიერი აღელვების გამოწვევისათვის, რასაც მოჰყვება მკვლელობა. ასევე, შესაძლებელია, ერთჯერადად ჩადენილი მაპროვოცირებელი ქმედება აფექტის გამოწვევისათვის საკმარისი საფუძველი იყო, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, არ გამოუწვევია პიროვნების ძლიერი სულიერი აღელვება, თუმცა გამოიწვია შეურაცხყოფის ძლიერი გრძნობა, განმეორებით ჩადენილმა მაპროვოცირებელმა ქმედებამ კი უკვე გამოიწვია ძლიერი სულიერი აღელვება (აფექტი).

11. მოცემულ შემთხვევაში, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №-- დასკვნით დადგენილია, რომ ნ. შ-ეს აღენიშნება პიროვნული ხაზების აქცენტუაცია (კოდი – Z73.1, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მას აღენიშნებოდა როგორც პიროვნული ხაზების აქცენტუაცია, ისე – მწვავე რეაქცია სტრესზე – მწვავე კრიზისული რეაქცია (F43.0, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ნ. შ-ეს შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ნ. შ-ე რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის; მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. ნ. შ-ეს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-ფსიქიატრმა ქ. შ-ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ პიროვნული ხაზების აქცენტუაცია მსუბუქი შემთხვევაა, პირს ანიჭებს დისკომფორტს, მაგრამ არ წარმოადგენს დაავადებას. თუ გაღრმავდა, მაშინ სახეზე იქნება პერსონოლოგიური აშლილობა. ნ. შ-ეს შემთხვევის მომენტში განუვითარდა უეცარი, მწვავე, კრიზისული რეაქცია ოჯახში განვითარებულ მოვლენებზე. მისი მონაყოლი არ ტოვებდა სიმულაციის ან გაზვიადების განცდას და თანხვდენილი იყო საქმის მასალებთან.

13. ასევე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტ-ფსიქოლოგმა მ. ბ-ემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ნ. შ-ე იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და განმარტა, რომ ეს ძლიერი, ხანმოკლე, ფეთქებადი მდგომარეობა, რომელიც სწრაფად ეუფლება პირს, მძვინვარედ მიმდინარეობს და ცნობიერების შევიწროების ფონზე ადგილი აქვს ინტელექტუალურ-ნებითი ფუნქციების მკვეთრ დაქვეითებას. ფიზიოლოგიურ აფექტს ახასიათებს სამფაზიანი მიმდინარეობა: პირველი ფაზა მოსამზადებელი ეტაპია – აღგზნების მომენტი; მეორე ფაზაა აფექტის აფეთქება, ხოლო მესამე – დაცემა. ნ. შ-ის შემთხვევაში სახეზე იყო სამივე ფაზა. მისი აფექტური მდგომარეობა განპირობებული იყო გარკვეული პერიოდის (თვეებისა და წლების) განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ემოციითა და სტრესით, რაც, საბოლოოდ, მსგავს ქმედებაში გამოვლინდა. ნ. შ-ის შემთხვევაში, სახეზე იყო თვეების, წლების განმავლობაში დაგროვილი ემოცია, რამაც შემთხვევის ღამეს მიაღწია პიკს. ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიერ წყლის დაუსრულებელ სმას, უკვე გაუაზრებელ მოქმედებებს, რა დროსაც ნ. შ-ემ იქვე არსებულ დანას მოჰკიდა ხელი და დედას დაარტყა, ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი დაეწყო ასთენიური ფაზა, მოდუნდა, ატირდა, რაც აფექტის მესამე ფაზისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. აფექტს ახასიათებს ალაგ-ალაგ ამნეზიური მომენტებიც, როდესაც პირს უჭირს მომხდარის სრულად გახსენება. პიროვნული ხაზების აქცენტუაციამ კიდევ უფრო გაამწვავა მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ეს ორი მომენტი დაემთხვა ერთმანეთს, რაც იშვიათად ხდება პრაქტიკაში. ხშირად სახეზეა მხოლოდ ორი ფაზა – პირველი და მეორე, მაგრამ არ ახლავს ასთენიის, მოდუნების ფაზა, რაც გამორიცხავს აფექტის არსებობას.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ. შ-ემ დედას დანის გამოყენებით ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ფსიქიკური ძალადობით, მძიმე შეურაცხყოფითა და არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ქცევით. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 111,19,111-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,111-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო დანიშნული სასჯელი კანონიერი, პროპორციული და სამართლიანია. სასამართლოებმა, საქმის გარემოებების გულდასმით შესწავლის შედეგად, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მართებულად გადააკვალიფიცირეს წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 111,19,111-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. შესაბამისად, კასატორმა ვერ დაასაბუთა ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რომელიც ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ მოცემულობას ქმნის.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად („Tortladze v. Georgia“; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე