Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1030აპ-24 თბილისი

შ. ვ., 1030აპ-24 11 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. შ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 4 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. რ-ში, ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ვ. შ-მა ფიზიკურად იძალადა თავისივე შვილის, გ. შ-ის, გერზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან (10 წლის) ა. მ-ზე (პირი, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას), კერძოდ, მარცხენა ხელი მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ა. მ-ი დაეცა ძირს. როგორც ხელის კისერში მოჭერის, ასევე დაცემის შედეგად არასრულწლოვანმა ა. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ვ. შ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თორნიკე ტატუნაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ვ. შ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №883აპ-24, №527აპ-24, №17აპ-24).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. შ-ის ბრალეულობა. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ვ. შ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

9. ვ. შ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ერთადერთი მტკიცებულება მოწმე რ. მ-ის ჩვენების სახით, რომლის თანახმად, 2023 წლის 4 ივლისს გაიგონა ბრახუნის, დავარდნის, ბავშვის დაცემის აღუწერელი ხმა; გადაიხედა და დაინახა, რომ წაქცეულ ბავშვს შუახნის მამაკაცი მუცელში წიხლს ურტყამდა, შემდეგ კი მუშტი დაარტყა მხრის არეში. ეზოში ჩავიდა, ბავშვი სახლში მიჰყავდათ, ის ტიროდა და სთხოვდა, თავისთან წაეყვანა, იქ არ დაეტოვებინა, თორემ მოკლავდნენ. ბავშვი მან დაბანა და ტანსაცმელი გაუსუფთავა.

10. მოწმის ჩვენებას აშკარად ეწინააღმდეგება თავად დაზარალებულ ა. მ-ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ეზოში, მეზობლის ფარეხში რაღაც დააზიანეს, რის შესახებაც ფარეხის მესაკუთრემ შეატყობინა პაპას – ვ. შ-ს; ვ. მას ხელი მოჰკიდა და უთხრა, ეჩვენებინა, რა გაფუჭდა; ტკივილი ვ-ს გამო არ განუცდია, ეზოში რაღაცას წამოჰკრა ფეხი, დაეცა და სახე დაარტყა. შემდეგ მეზობლებიც მივიდნენ და მამამისის მეგობარმა რ-ამ დაბანა სახე. პაპასთან კარგი ურთიერთობა აქვს და სხვა დროს კონფლიქტი არ ჰქონია.

11. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 24 ოქტომბრის - დასკვნის მიხედვით, ა. მ-ს „...ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები თეძოსა და მარჯვენა, ზედა კიდურის მიდამოებში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. თეძოს მიდამოში არსებული დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს, ხოლო მარჯვენა, ზედა კიდურზე არსებული – უფრო ახალია (1-2 დღის).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები არ წარმოადგენს ბრალდების საფუძველს, რადგან ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ძალადობა გამოიხატა კისერზე ხელის მოჭერით, ხოლო სამედიცინო დასკვნით, ა. მ-ს დაზიანებები აღენიშნება თეძოსა და მარჯვენა, ზედა კიდურის არეში. ამასთან, თუკი მოწმე რ. მ-ის ჩვენებით, ბავშვის დაცემას ჰქონდა ძლიერი ხმა, პაპა წიხლებს ურტყამდა მუცლის არეში და მუშტი დაარტყა მხარში, ლოგიკურად, დასკვნაში ასახული უნდა ყოფილიყო ამ ინტენსივობის ძალადობით გამოწვეული შედეგი, რასაც ადგილი არ აქვს. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გამართლებულის მხრიდან დაზარალებულზე კისრის არეში ხელის მოჭერით ძალადობის ფაქტი. საგულისხმოა ა. მ-ის მეგობრების ჩვენებებიც, რომელთა მიხედვით, მათ პოლიციაში იმიტომ დარეკეს, რომ შეეშინდათ, სახლში წაყვანის შემთხვევაში, ა-სთან ჩხუბის, რადგან მათ მანამდე ერთად დააზიანეს მეზობლის ფარეხი.

13. ამდენად, გარდა მოწმე რ. მ-ის ჩვენებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ვერც ერთი ვერ ადასტურებს ვ. შ-ის მხრიდან ა. მ-ზე ძალადობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ. შ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც, პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ – გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვ. შ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე