გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1297-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სანოტარო ჩანაწერების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სანოტარო ჩანაწერის გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: 1998 წელს გარდაეცვალა შვილი ი. დ-ი, რომლის ერთ-ერთ მემკვიდრედ ითვლებოდა მოსარჩელე. შვილის გარდაცვალებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ მოპასუხე მ. დ-მა და ნოტარიუსმა ა.შ-მა ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის ძალითაც უარს ამბობდა თავისი წილის მიღებაზე შვილიშვილის გ. დ-ის სასარგებლოდ. მისთვის მაშინ გახდა ცნობილი დოკუმენტის შინაარსის შესახებ, როცა მან შეიტყო, რომ მისმა რძალმა – მოპასუხე მ. დ-მა გააქირავა აღნიშნული ბინა და რუსეთში გაემგზავრა. ვ. დ-მა განაცხადა, რომ როდესაც ხელი მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს, იმყოფებოდა ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, იგი ვერ აცნობიერებდა თავის მოქმედებას, კერძოდ, 1998წ. 31 ივლისს გამოთქმულ უარს სამკვიდროს მიღებაზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით ვ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ-მა სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა, ხელი მოაწერა სანოტარო აქტს 1998წ. 31 ივლისს, ე.ი შვილის გარდაცვალებიდან 9 დღის შემდეგ. მხოლოდ ეს ფაქტი კი არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ დღეს იგი იმყოფებოდა დროებითი ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში. გარდა ამისა, სასამართლომ გაიზიარა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ვ. დ-მა გაუშვა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის სადავოდ გახდომის სკ-ს 1450-ე მუხლით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით ვ. დ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რისთვისაც მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
იმავე პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინებით ვენერა დ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, რაც სს-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია სსკ-ს 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება, სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება ან განაწილვადება და მათი ოდენობის შემცირება დაკავშირებულია მხარის ქონერივ მდგომარეობასთან, ამიტომ ასეთი განცხადებით სასამართლოში მიმართვისას აუცილებელია მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადგინდება განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობა. მხოლოდ ცნობის წარმოდგენა, რომ ის პენსიონერია, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების საფუძველს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. დ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება სსკ-ს 47-ე მუხლის თანახმად, რომ არის პენსიონერი და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია გაანთავისუფლოს ბაჟის გადახდისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აგვისტოს განჩინებით ვ. დ-ს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ მას უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით. საქმიდან ირკვევა, რომ მას განჩინება ჩაბარდა 13 აგვისტოს, აქედან გამომდინარე ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 23 აგვისტო. აპელანტმა 2002წ. 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და სსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ პენსიონერია და პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 14 აგვისტოს განჩინებით ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი განუხლველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 14 აგვისტოს უნდა ემსჯელა აპელანტის განცხადებაზე ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ და გადაეწყვიტა საკითხი არსებობდა, თუ არა მოცემულ შემთხვევაში აპელანტის ბაჟისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი.
სასამართლოს მხოლოდ მაშინ უნდა გამოეტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, როცა გავიდოდა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა გამოეტანა 23 აგვისტოს, რადგან 23 აგვისტო იყო ხარვეზის შევსების ბოლო დღე, მან კი 14 აგვისტოს, სასამართლოს მიერ მოცემულ ვადაში, განჩინებით განუხილველად დატოვა ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა დაუნიშნოს აპელანტს ვადა ხარვეზის შესავსებად და თუ მიიჩნია, რომ იგი არ არის გასათავისუფლებელი ბაჟის გადახდისაგან, მხოლოდ მას შემდეგ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, როდესაც უშედეგოდ გავა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.