Facebook Twitter
3კ-1299-02

3კ-1299-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 21 დეკემბერს მ. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ფ. ჯ.-საგან მის მიმართ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და პრესის საშუალებით ბოდიშის მოხდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა უმოძრაოდ აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის, გადაუხდელობის გამო. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მ. მ.-მ წარმოადგინა განცხადება, სადაც ითხოვდა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ არის ლტოლვილი, განსახილველი საქმე გამომდინარეობს შრომითი ურთიერობიდან, რომლის განხილვაც არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში ასევე შემოვიდა მ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებაზე, რომელზეც აპელანტმა შემოიტანა ანალოგიური შინაარსის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე მ.მ.-მ შეიტანა კერძო საჩივარი იმავე სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი განთავისუფლება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებით მ. მ.-ის კერძო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმეები მ. მ.-ის სარჩელის გამო თ. ნ.-სა და ფ. ჯ.-ს მიმართ, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის მეორე განჩინებით მ. მ.-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლად მ. მ.-მ მიიჩნია ის გარემოება, რომ არის ლტოლვილი და განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. მ.-ე არ უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ს 46-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა)მოსარჩელეები _ ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე; ბ) მოსარჩელეები _ დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე, მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის საზღაურის სარჩელებზე; გ) მოსარჩელეები _ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე; დ) მხარეები _ უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებით დაპატიმრების უკანონოდ გამოყენებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტის მიხედვით იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუკი სარჩელი შეეხება მათი იძულებით გადაადგილებულ პირად და ლტოლვილად ცნობას. საპროცესო კანონმდებლობა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონი მ. მ.-ის მიერ მითითებულ გარემოებების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მიიჩნია მ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად და სწორად დატოვა იგი განუხილველად. ამდენად, არ არსებობს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ივლისის განჩინება მ. მ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.