Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1045აპ-24 თბილისი

შ. ი., 1045აპ-24 24 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. შ-ის ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. შ-ეს ბრალად დაედო:

· თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით;

· უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი, უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o სს „გ-ის“ გენერალურმა დირექტორმა – რ. რ-მა – თავის ახლობელ ი. შ-ესთან ერთად განიზრახა თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, სს „გ-ის“ საკუთრებაში არსებული, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით მოტყუებით დაუფლება და შემდეგ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული უკანონო ქონებისაგან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

o 2007 წლის 8 აგვისტოს სს „გ-ის“ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და გენერალურ დირექტორს – რ. რ-ს – დაავალა, თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, სს „გ-ის“ საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთის საზოგადოებისათვის ხელსაყრელი პირობებით გამიჯვნა და ამ ტერიტორიაზე კომპანია „კ-თან“ სამშენებლო ამხანაგობის შექმნა. განზრახვის შესასრულებლად, რ. რ-მა და ი. შ-ემ, ისარგებლეს აღნიშნული გარემოებით, სს „გ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენდნენ დამფუძნებელთა უმრავლესობას, თითქოსდა მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად, 2007 წლის 4 დეკემბერს, შექმნეს ი.ბ. ამხანაგობა „გ-ი -“, რომელსაც გადაეცა თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, სს „გ-ის“ კუთვნილი, 16410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რაც 2007 წლის 19 დეკემბერს დარეგისტრირდა ამხანაგობის საკუთრებად. მითითებული უძრავი ქონების სს „გ-ის“ საკუთრებიდან ი.ბ. ამხანაგობა „გ-ი 2007-ისათვის“ გადაცემით, რ. რ-მა და ი. შ-ემ სრულად დაიქვემდებარეს და ამ ხერხით, მოტყუებით დაეუფლნენ თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, 903026 ლარად ღირებულ, 16410 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სს „გ-ს“ მიადგა დიდი ოდენობით ზიანი;

o 2014 წლის 26 ივნისს, სს „გ-ის“ სამეთვალყურეო საბჭომ, შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო, 2010 წლის 16 ნოემბერს სს “ს--სა“ და შპს “ა. პ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებების საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად, გადაწყვიტა სს “ს--თან“ ხელშეკრულების გაფორმება თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე 15992 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იპოთეკით დატვირთვის შესახებ;

o 2015 წლის 16 ნოემბერს, სს „გ-ის“ აქციონერთა კრებამ, საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის გენერალურ დირექტორს – რ. რ-ს – მისცა, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, მოლაპარაკებებისა და ნებისმიერი გარიგების უფლება, საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილობრივ ან მთლიანად გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ გარემოებით ისარგებლეს რ. რ-მა და ი. შ-ემ და იმავე მიზნითა და საერთო განზრახვით, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის წევრებისგან მოტყუებით მიღებული თანხმობით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, 2015 წლის 19 ნოემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს სს „გ-მა“ ი. შ-ის კომპანია შპს “ტ-ს“, 18 თვით განვადებით გადახდის პირობით, მიჰყიდა, ჯამურად 875000 აშშ დოლარად ღირებული (ეკვივალენტი 2104462 ლარი), თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე: 8630 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით და 7292 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. რეალურად, შპს “ტ-მა“ გადაიხადა მხოლოდ 148800 ლარი და უძრავი ქონებები – განვადების პირობის შესრულებამდე, 2015 წლის 20 ნოემბერს დარეგისტრირდა შპს “ტ-ის“ საკუთრებად;

o სს „გ-ის“ საკუთრებიდან უძრავი ქონებების შპს “ტ-ისათვის“ ვითომდა მიყიდვით, მათ სრულად დაიქვემდებარეს და მოტყუებით დაეუფლნენ 2100088 ლარად ღირებულ, თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, ჯამურად – 15922 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სს „გ-ს“ მიადგა დიდი ოდენობით ზიანი;

o რ. რ-მა და ი. შ-ემ, განზრახვისამებრ, მოტყუებით დაუფლებული, სს „გ-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე 16410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, ი. შ-ისა და მასთან დაკავშირებული პირების ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2009-2010 წლებში იპოთეკით დატვირთეს. აღნიშნული უძრავი ქონება, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2015 წლის 22 დეკემბერს იძულებით გაიყიდა საჯარო აუქციონზე, ხოლო თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე: 8630 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით და 7292 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 2015 წლის 4 დეკემბერს, ი. შ-ემ, მასთან დაკავშირებული პირების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, მიჰყიდა სს “ს--ს“, რითაც ი. შ-ემ და რ. რ-მა ჯამურად მიიღეს 3234616 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:

§ ი. შ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებისათვის;

§ ი. შ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 50000 ლარი.

4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

o სს „გ-ის“ გენერალურმა დირექტორმა – რ. რ-მა – თავის ახლობელ ი. შ-ესთან ერთად განიზრახა სს „გ-ის“ საკუთრებაში არსებული, თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით მოტყუებით დაუფლება;

o 2007 წლის 8 აგვისტოს სს „გ-ის“ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და გენერალურ დირექტორს – რ. რ-ს – დაავალა, თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, სს „გ-ის“ საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთის, საზოგადოებისათვის ხელსაყრელი პირობებით გამიჯვნა და ამ ტერიტორიაზე კომპანია „კ-თან“ სამშენებლო ამხანაგობის შექმნა. განზრახვის შესასრულებლად, რ. რ-მა და ი. შ-ემ, ისარგებლეს აღნიშნული გარემოებით, სს „გ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენდნენ დამფუძნებელთა უმრავლესობას, თითქოსდა მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად, 2007 წლის 4 დეკემბერს, შექმნეს ი.ბ. ამხანაგობა „გ-ი 2007“, რომელსაც გადაეცა თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, სს „გ-ის“ კუთვნილი, 16410 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რაც 2007 წლის 19 დეკემბერს დარეგისტრირდა ამხანაგობის საკუთრებად. მითითებული უძრავი ქონების სს „გ-ის“ საკუთრებიდან ი.ბ. ამხანაგობა „გ-ი --ისათვის“ გადაცემით, რ. რ-მა და ი. შ-ემ სრულად დაიქვემდებარეს და ამ ხერხით, მოტყუებით დაეუფლნენ თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, 903026 ლარად ღირებულ, 16410 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სს „გ-ს“ მიადგა დიდი ოდენობით ზიანი;

o 2014 წლის 26 ივნისს, სს „გ-ის“ სამეთვალყურეო საბჭომ, შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო, 2010 წლის 16 ნოემბერს სს “ს--სა“ და შპს “ა. პ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულებების, საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად, გადაწყვიტა სს “ს--თან“ ხელშეკრულების გაფორმება თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე 15992 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იპოთეკით დატვირთვის შესახებ;

o 2015 წლის 16 ნოემბერს, სს „გ-ის“ აქციონერთა კრებამ, საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის გენერალურ დირექტორს – რ. რ-ს – მისცა, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, მოლაპარაკებებისა და ნებისმიერი გარიგების უფლება, საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილობრივ ან მთლიანად გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ გარემოებით ისარგებლეს რ. რ-მა და ი. შ-ემ, იმავე მიზნითა და საერთო განზრახვით, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის წევრებისგან მოტყუებით მიღებული თანხმობით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, 2015 წლის 19 ნოემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს სს „გ-მა“ ი. შ-ის კომპანია შპს “ტ-ს“, 18 თვით განვადებით გადახდის პირობით, მიჰყიდა, ჯამურად 875000 აშშ დოლარად ღირებული (ეკვივალენტი 2104462 ლარი), თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე: 8630 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით და 7292 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. რეალურად, შპს “ტ-მა“ გადაიხადა მხოლოდ 148800 ლარი და უძრავი ქონებები – განვადების პირობის შესრულებამდე, 2015 წლის 20 ნოემბერს დარეგისტრირდა შპს “ტ-ის“ საკუთრებად;

o სს „გ-ის“ საკუთრებიდან უძრავი ქონებების შპს “ტ-ისათვის“ ვითომდა მიყიდვით, მათ სრულად დაიქვემდებარეს და მოტყუებით დაეუფლნენ 2100088 ლარად ღირებულ, თ-ში, -- ქუჩის №--ში მდებარე, ჯამურად – 15922 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სს „გ-ს“ მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ი. შ-ის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ ი. შ-ის ადვოკატმა – ა. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ი. შ-ის სრულად გამართლება;

Ш საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა – გიორგი გაგნიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ი. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და თავისუფლების აღკვეთის სახით, ხანგრძლივი ვადით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. შ-ის ადვოკატმა – ა. ბ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ი. შ-ის სრულად გამართლებას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, ი. შ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებისათვის უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. შ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე – ჯარიმაზე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. შ-ის ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე