საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №1046აპ-24 თბილისი
ს-ი მ., 1046აპ–24 23 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით მ. ს-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და მ. ს-ს, საბოლოოდ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 5000 ლარი. მ. ს-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2004 წლის 3 ივლისიდან 2005 წლის 3 ოქტომბრამდე და 2008 წლის 8 თებერვლიდან 2008 წლის 15 თებერვლამდე.
ამავე განაჩენით ა. - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 600 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2004 წლის 3 ივლისიდან იმავე წლის 5 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 500 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენით მ. ს-ის მიმართ შეიცვალა: მ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში; მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, რომლის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მ. ს-ს ბრალად დაედო: მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულო პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტები, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); ძარცვის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა (საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის 1-ელი ნაწილი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2004 წლის მაისში მ. ს-ს დაუკავშირდა ნაცნობი – ა. ღ-ი, რომელმაც სთხოვა, დახმარებოდა მოქალაქე ნ. კ-ისაგან თავისი კუთვნილი თანხის – 2000 აშშ დოლარის – დაბრუნებაში, რომელიც ვალად დაედო რ-ის ს-ის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობა „თ-“ ა. ღ-თან ერთად მუშაობისას. მ. ს-ი დასთანხმდა ა. ღ-ს, მათ ერთად განიზრახეს, მოენახათ ნ. კ-ე და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ეიძულებინათ, დაებრუნებინა ვალი.
· თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2004 წლის 6 მაისს მ. ს-მა ა. ღ-თან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, მიაკითხა ნ. კ-ეს თავის საცხოვრებელ სახლში, ქ-ის რაიონის სოფელ დ-ში, მ. ს-ი მას გაეცნო, როგორც „მუხო“, უთხრა, რომ იყო ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენელი, მოსთხოვა ა. ღ-ისათვის ვალის დაბრუნება და, ვითარებაში უკეთესად გარკვევის მიზნით, შესთავაზა ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ წასვლა. ნ. კ-ე ჩაჯდა ა. ღ-ის ავტომანქანაში და სამივე ერთად წავიდა თ-ი, აეროპორტის დასახლებაში, სადაც გამოძიებით დაუდგენელ ადგილას შეხვდნენ ოთხ პირს. მათგან ერთ-ერთი ნ. კ-ეს გაეცნო, როგორც „მ-ა“, უთხრა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“ და მოსთხოვა ფულის უკან დაბრუნება, კერძოდ, ა. ღ-ისათვის ვალის – 2000 აშშ დოლარის – და 2500 აშშ დოლარის – ვითომდა ჯარიმის სახით, თან დაემუქრა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც მოკლავდა და ოჯახსაც ამოუხოცავდა. იმავდროულად, მ. ს-მა და ა. ღ-მა გააგრძელეს ნ. კ-ის მიმართ მუქარა და უთხრეს, რომ „მ-ა“ იყო სერიოზული პიროვნება და, თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა, მას და მის ოჯახს ამოხოცავდნენ. აღნიშნულის შემდეგ ნ. კ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც, იგი დასთანხმდა ფულის გადახდას და ზემოაღნიშნულ პირებს შეჰპირდა თვის ბოლომდე თანხის – 4500 აშშ დოლარის – მიტანას, რის შემდეგაც დაემშვიდობა მათ და წავიდა სახლში.
· იმის გამო, რომ ნ. კ-ემ ვერ შეასრულა დანაპირები და მაისის ბოლოს „მ-ას“ არ მიუტანა დაპირებული თანხა, მ. ს-მა ვინმე „ე-თან“ ერთად, ა. ღ-ის კუთვნილი ავტომანქანით, 2004 წლის 8 ივნისს კვლავ მიაკითხა ნ. კ-ეს ქ-ის რაიონის სოფელ დ-ში, რა დროსაც ნ. კ-ე დედასთან – ი. კ-ესთან – და არასრულწლოვან ბავშვთან ერთად წამოიყვანეს თ-ი. თ-ი ჩამოსვლის შემდეგ მათ დ---ში დატოვეს ნ. კ-ის დედა და შვილი, ხოლო ა. ღ-მა, მ. ს-მა, „ე-ამ“ და ნ. კ-ემ გააგრძელეს გზა ო-ის მიმართულებით. ლ-ის ქუჩაზე მდებარე ს-თან მისვლისას მ. ს-ი, „ე-ა“ და ნ. კ-ე გადმოვიდნენ მანქანიდან, ხოლო ა. ღ-ი დაემშვიდობა მათ და წავიდა სახლში. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მ. ს-მა და „ე-ამ“ ნ. კ-ე შეიყვანეს თ-ი, ი-ის ჩიხის №--ში, იტალიურ ეზოში, პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, რა დროსაც განიზრახეს მისი მძევლად ხელში ჩაგდება ანგარებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. ს-მა, „ე-თან“ შეთანხმებით და მასთან ერთად, თოკით ხელ-ფეხი შეუკრა ნ. კ-ეს და პარკეტის ნაჭრით დაუწყო ცემა თავისა და სახის არეში, იმავდროულად, ორივე ხელზე დაუსვა ხელთარსებული გახსნილი დანა და თან სთხოვდა ფულს – 4500 აშშ დოლარს. ნ. კ-ეს ცხვირიდან და თავიდან წამოუვიდა სისხლი. მ. ს-მა და „ე-ამ“ შეწყვიტეს მისი ცემა და ტელეფონით დაუკავშირდნენ ნ. კ-ის ცოლს – ნ. მ-ეს, რომელსაც, მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვა 4500 აშშ დოლარი, თან უთხრა, რომ, თუ დროზე არ მიუტანდა ფულს ან პოლიციაში წავიდოდა საჩივლელად, მის მეუღლეს ხერხით მოაჭრიდა თავს. ნ. მ-ემ სთხოვა მ. ს-ს, დაელაპარაკებინა ნ. კ-ესთან, რათა დარწმუნებულიყო, რომ ცოცხალი იყო. მ. ს-ი დაჰპირდა, რომ მოგვიანებით დაალაპარაკებდა, თან დაემუქრა, რომ, თუ ოთხ დღეში ფულს არ მოიტანდა, ქმარს ცოცხალს ვეღარ ნახავდა და გაუთიშა ტელეფონი. მ. ს-ს და „ე-“ ნ. კ-ე მძევლად ჰყავდათ ხელში ჩაგდებული 8 საათის განმავლობაში, მაგრამ მისი მეუღლისათვის სასურველი ფულადი თანხის გამოძალვა ვერ მოახერხეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, ნ. კ-ემ ისარგებლა შემთხვევით და იმ დროს, როდესაც მ. ს-ი და „ე-ა“ გასულები იყვნენ სახლიდან, მოახერხა გაქცევა.
· 2008 წლის 31 იანვარს, დაახლოებით, 12:00 საათზე, მ. ს-ი მივიდა თ-ი, ლ-ის ქუჩის №-ში მდებარე, მ. ჯ-ის კუთვნილ აფთიაქ „ჩ-ი“, სადაც ის შეხვდა თავის ნაცნობ მ. ჯ-ს და სთხოვა, მისთვის მიეცა 20 ლარი, რაზეც მ. ჯ-მა უარი განუცხადა. აღნიშნულით განაწყენებულმა მ. ს-მა მ. ჯ-ს ხელი გაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. მ. ს-მა შენიშნა მაგიდაზე დადებული, მ. ჯ-ის კუთვნილი, „მოტოროლას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით – --, რა დროსაც მან განიზრახა, ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. ს-ი გადასწვდა მაგიდაზე დადებულ მ. ჯ-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და ჩაიდო ჯიბეში, რაც შეამჩნია მ. ჯ-მა, რომელმაც ძალის გამოყენებით შეძლო, მ. ს-ის ჯიბიდან ამოეღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რითაც მ. ს-ის განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და ამ მუხლით სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე – მ. ს-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 19,178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის – 5000 ლარის – განსაზღვრა.
3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
4. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
5. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულფასოვნად არ შეაფასა და გამოიტანა დაუსაბუთებელი და უსამართლო განაჩენი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ბრალდების ნაწილში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. მ. ს-ისათვის წარდგენილი ბრალდება დაფუძნებულია საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ნ. კ-ის ჩვენებაზე, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, ეწინააღმდეგება საქმის განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის – თავად ნ. კ-ის გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, არცერთი მათგანი არ არის შემთხვევის შემსწრე და მათი ჩვენებები ირიბია. შესაბამისად, მათზე დაყრდნობით ზემოაღნიშნული მუხლებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო იმავე კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
6. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მ. ს-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ს-ისათვის სასჯელის სახედ ჯარიმის დაკისრება და შემდეგ მისი მოხდისაგან გათავისუფლება (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით) კანონიერი და სამართლიანია.
7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი