Facebook Twitter

3კ-1309-02 9 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 30 ოქტომბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ირ. ვ.-გ.-მ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმავე სასამართლოს 2001წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც გ. კ.-ს განცხადების საფუძველზე დადგინდა იურიდიული ფაქტი მისი მეუღლის, ი. ვ.-ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. განმცხადებელმა ასევე 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც გ. კ.-ა ცნობილ იქნა ი. ვ.-ის დანაშთი ქონების, ... მდებარე ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

განმცხადებელმა ირ. ვ.-გ.-მ აღნიშნა, რომ გ. კ.-ს მიერ წარმოდგენილი განცხადება თავისი მამის _ ი. ვ.-ის 2 წლის წინ პოლონეთში ავტოკატასტროფაში გარდაცვალების შესახებ, და ის, რომ იგი 5 წლის წინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა, რომლის საფუძველზეც სასამართლომ ი. ვ.-ი გარდაცვლილად გამოაცხადა, ყალბია, ვინაიდან გ. კ.-ს, რომელიც 1981 წლიდან მამამისის მეორე მეუღლეა, არ შეიძლებოდა სცოდნოდა ი. ვ.-ის ადგილსამყოფელი, რადგანაც მათ შორის ბოლო 11 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო ქორწინება, კ.-ს ჰყავს სხვა მეუღლე და ოჯახი, რაც მან შეგნებულად დაუმალა სასამართლოს, რათა დაუფლებოდა ყოფილი მეუღლის _ ი. ვ.-ის დანაშთ ქონებას, ასევე არ აღნიშნა ის გარემობა, რომ ი. ვ.-ს მისი და თ. ვ.-ს გარდა ჰყავდა კანონიერი მემკვიდრე პირველი ქორწინებიდან, რაც გახდა საფუძველი 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებისა, რომლითაც გ. კ.-ა ცნობილი იქნა მამამისის დანაშთი ქონების მემკვიდრედ. შემდგომში გ. კ.-მ სადავო ბინა მიყიდა მოქალაქე ნ. ა.-ს, რის შესახებაც ირ. ვ.-გ.-მ შეიტყო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც აღნიშნული ბინიდან გამოსახლებული იქნენ მდგმურის უფლებით მცხოვრები ნ. ღ.-ი და ა. რ.-ე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირ. ვ.-გ.-მ, ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ნოემბრის განჩინებით ირ. ვ.-გ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება.

საქმის განხილვის სტადიაზე, სადავო ბინის შემძენმა ნ. ა.-მ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩართვის თაობაზე, რაც სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. კ.-ს მოთხოვნა, რომლითაც ი. ვ.-ი აღიარებული იქნა გარდაცვლილად და მის დანაშთ ქონებაზე, თანაბარ წილად, თითოეული 1/3 ნაწილში, მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ გ. კ.-ა, თ. ვ.-ა და ირ. ვ.-გ.-ე. გ. კ.-ს და თ. ვ.-ს ირ. ვ.-გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრათ ბინის გაყიდვით აღებული თანხის 1/3-ის გადახდა.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 1336 მუხლი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ირ. ვ.-გ.-მ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აპელანტის განმარტებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასწორად მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, დაარღვია სკ-ს 22-ე მუხლი და სსკ-ს 319-ე მუხლი, არასწორი შეფასება მისცა ობიექტურ მტკიცებულებებს და საქმე განიხილა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის განჩინებით ირ. ვ.-გ.-ის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების გამო დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება დაეფუძნა რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმს, რომლის მიხედვით სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ირ. ვ.-გ.-მ. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებული იქნა არა დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი, რაც დასტურდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის წერილობითი ცნობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ირ. ვ.-გ.-მ კერძო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 მაისის განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ ირ. ვ.-გ.-მ გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საოლქო სასამართლომ შეამოწმა რა, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თავისი 2002წ. 2 აპრილის განჩინებით აპელანტს მისცა ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადასახდელად. შემდგომში, 2002წ. 8 აპრილს, გ. კ.-სა და თ. ვ.-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ, საქმის მთავარ სხდომაზე გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც აპელანტს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა.

დასაშვებობის საკითხის გასარკვევად, საოლქო სასამართლომ დანიშნა სხდომა, სადაც დაადგინა, რომ ირ. ვ.-გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო მისი შეტანის ვადის დარღვევის გამო.

სსკ-ს 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის საკითხი წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლომ თვითონ და არა მხარის განცხადების საფუძველზე უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის დაშვება-არდაშვების საკითხი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან საოლქო სასამართლომ 2002წ. 2 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუნიშნა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ამით სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო კანონით დადგენილ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მაშინვე უნდა დაეტოვა განუხილველად.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმსა და საქმის განმხილველი მოსამართლე ც. ხ.-ს ცნობას შორის წინააღმდეგობაა, ამის გამო, სხდომის ოქმს, როგორც საპროცესო დოკუმენტს უპირატესი ძალა უნდა მიენიჭოს. სხდომის ოქმით კი დასტურდებოდა, რომ რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

მოსამართლე ც. ხ.-ა მიერ გაცემული ცნობიდან, რომელიც რეგისტრირებულია და დამოწმებულია ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გერბიანი ბეჭდით, ირკვევა, რომ მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა საქმის განხილვის დამთავრებისთანავე, მაგრამ მხარეთა თანხმობით გამოცხადდა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

აღნიშნულის გამო საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიცემული განმარტება, რაც გამოიხატა ცნობის გაცემაში, საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისათვის, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება მოხდეს მითითებული ცნობის მიხედვით.

სსკ-ს 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო კოდექსის სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და არასწორად მიიჩნია ის ვადის დარღვევით შეტანილად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ირ. ვ.-გ.-ის სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც უნდა გაუქმდეს საოლქო სსამართლოს 2002წ. 25 მაისის და 13 სექტემბრის განჩინებები და ამავე სასამართლოს 2 აპრილის განჩინების თანახმად, აპელანტს უნდა მიეცეს საშუალება სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ირ. ვ.-გ.-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 მაისის და 13 სექტემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.