Facebook Twitter

საქმე N 170100123008219503

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1106აპ-24 20 დეკემბერი, 2024 წელი

კ–ი ა., №1106აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. კ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) საქართველოს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – 3 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – 3 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 3 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ - 3 ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის ივლისში, დღის საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის გამო, მუშტის სახეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. ზ–სის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ძალადობის ფაქტს შეესწრო ა. კ–სა და ა. ზ–სის არასრულწლოვანი შვილი ა. კ–ი.

1.3. 2022 წლის ივლისში, დღის საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–ი, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის გამო სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ა. ზ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2022 წლის ივლისში, დღის საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, თავისი დედის ძალდობისგან დაცვის მცდელობის გამო, იცოდა რა მისი ასაკი, მუშტის სახეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის – ა. კ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2022 წლის ივლისში, დღის საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–ი, თავისი დედის ძალადობისგან დაცვის მცდელობის გამო, იცოდა რა მისი ასაკი, სიტყვით – „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ა. კ–ის, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2023 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის გამო, მუშტის თავის, მუცლისა და ფეხების არეში მრავალჯერადი დარტყმების გზით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის ა. ზ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო ა. კ–იისა და ა. ზ–ს არასრულწლოვანი შვილი – ა. კ–ი.

1.7. 2023 წლის 3 სექტემბერს, 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–ი, ალკოჰოლური სასმელის საყიდელი ფულის მიცემაზე უარის გამო სიტყვით – „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – ა. ზ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.8. 2023 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–იმა, დედის ძალადობისგან დაცვის მცდელობის გამო, იცოდა რა მისი ასაკი, მკლავში ხელის მოკიდებისა და საწოლზე მოსროლით ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის – ა. კ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.9. 2023 წლის 3 სექტემბერს, 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–ი, დედის ძალადობისგან დაცვის მცდელობის გამო, იცოდა რა მისი ასაკი, სიტყვით – „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილს – ა. კ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.10. 2023 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა ალკოჰოლური სასმელის ყიდვასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, ხელების მაჯებზე მოჭერითა და ამოტრიალებით, მუშტის თავისა და თირკმელების არეში მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის – ა. ზ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო ა. კ–სა და ა. ზ–ს არასრულწლოვანი შვილი – ა. კ–ი.

1.11. 2023 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–ი, ალკოჰოლური სასმელის ყიდვასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, სიტყვით – „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ა. ზ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.12. 2023 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–მა, ალკოჰოლური სასმელის ყიდვასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, იცოდა რა მისი ასაკი, მარჯვენა ხელის მუშტის მარცხენა ხელის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის – ა. კ–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.13. 2023 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე კ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა. კ–ი, ალკოჰოლური სასმელის ყიდვასთან დაკავშირებული კონფლიქტისას, სიტყვით – „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ა. კ–ის, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. კ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით, ა. კ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.

2.3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. კ–ს დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 18 სექტემბერს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ა. კ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს N561აპ-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლოს შეეძლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი გამოეყენებინა როგორც დამოუკიდბელი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. კ–ს ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა – ა. ზ–მა და ა. კ–მა, ასევე მოწმე – დ. კ–მა უარი განაცხადეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. კ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე ა. ზ–მა, ა. კ–იმა და დ. კ–მა სასამართლოში არ დაადასტურეს.

5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას მისი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.

5.5. მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელ ორდერში დაფიქსირებული ინფორმაციის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად შეფასების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მასში დაფიქსირებული ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავს ქმედების კონკრეტულ აღწერას, იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია საკმარისად იქნეს მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით – არასაკმარისია ერთის მხრივ მუქარის (რამოდენიმე ეპიზოდი) განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის, ხოლო მეორეს მხრივ ძალდობის (რამოდენიმე ეპიზოდი) და შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად.

5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხსენებული წარმოადგენს მხოლოდ გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის განმეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულად ცნობილმა პირებმა უარი განაცხადეს. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა ვითარების აღდგენა, ხოლო როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის განმეორებას, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამგვარ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1ივნისის განჩინება, საქმე №49აპ-20).

5.8. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება ა. კ–ს მიერ ძალადობისა და მუქარის არაერთი ფაქტის განხორციელებას საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.10. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მისაღწევია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან. ამასთან, კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს №561აპ-15 გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე