Facebook Twitter

საქმე N 190100122006264136

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1112აპ-24 25 დეკემბერი, 2024 წელი

ნ–ე დ., №1112აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ბ–სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ნ. (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონის, №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი დ. ნ–ე, პირადად, დუტის ჟილეტის გარე მარცხენა ჯიბეში ინახავდა და ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ცივ იარაღს, დანას, რომელიც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენით, დ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 21 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 21 სექტემბრიდან 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდა დანიშნული საჯელი და საბოლოოდ, დ. ნ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ბ–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა მსჯავრდებულ დ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, შ. ბ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2024 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საკასაციო საჩივრით, ასევე მომართა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ნ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, განაჩენი უკანონოა და არ ემყარება გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რისი გათვალისწინებითაც უნდა გაუქმდეს გამამართლებელი განაჩენი და დ. ნ–ე წარდგენილი ბრალდებით ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

4.2. პროკურორის პოზიციით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. დანიშნული სასჯელი მსუბუქი და უსამართლოა, ამასთან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ნასამართლობა, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. ნ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების – ს. თ-ს, ა. ს-სა და ა. მ-ს ჩვენებებზე, რომლებითაც დადასტურებულია, რომ სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში, შეაჩერეს დ. ნ–ე, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა, რის შემდეგაც დააკავეს. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დანა იყო შავი ტარით, გრძელი და წვრილი წვერით. სამართალდამცავთა ჩვენებები თანხვდენილია, მოწმე შ. ჯ–ს ჩვენებასთან, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, ქ. რ–ში, მე-.. მიკრორაიონში გააჩერა პოლიციამ და სთხოვა, რომ დასწრებოდა ჩხრეკას. მივიდნენ დ. ნ–სთან, რომელსაც გამომძიებლებმა წარუდგინეს თავი და ჩაატარეს მისი ჩხრეკა. მოწმის ჩვენებით, ასევე დადასტურებულია, რომ ჩხრეკისას დ. ნ–ს დუტის ჟილეტიდან ამოუღეს დანა. მოწმეთა ჩვენებებს ამყარებს ექსპერტიზის №...... დასკვნა და ექსპერტ ლ. კ–ს ჩვენება, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დ. ნ–ს მსჯავრდება არ ეფუძნება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. საქმეზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი, ხოლო წარსული განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის ფაქტი დადასტურებულია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით.

5.4. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დაცვის მხარემ საკასაციო საჩივარში წარმოადგინა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე მტკიცებულებითი სტანდარტის არსებობის შესახებ. საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი არგუმენტი ან/და წინააღმდეგობა, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი გასცა დაცვის მხარეს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დადასტურდა დ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.5. საკასაციო სასამართლო, ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა დ. ნ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.6. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 62-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, დ. ნ–სეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.9. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისი ნასამართლობა. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამასთან, მართალია დ. ნ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა საკასაციო სასამართლო ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი გამოყენება/არ გამოყენების თაობაზე არ იმსჯელებს, ვინაიდან ზემოხსენებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯარიმის სახით დანიშნულ სასჯელზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ბ–სა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე