Facebook Twitter

3კ-1343-02 2 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: შენობიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ...-ის დეპარტამენტის საწარმოთა შენობაში, უნებართვოდ შეჭრილი ლტოლვილების გამოსახლება შემდეგ გარემოებათა გამო: 2002წ. 17 მაისს ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თბილისში ... მდებარე ...-ის დეპარტამენტის შენობაში შეიჭრნენ ლტოლვილები და დაიკავეს შენობა. დეპარტამენტის ადმინისტრაციამ მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის შს განყოფილებას, რათა ადმინისტრაციული წესით გამოესახლებინათ ლტოლვილები, მაგრამ მათი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. მიმართეს ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ მათგანაც უარყოფითი პასუხი მიიღეს. ლტოლვილთა დაუდევარი მოქმედების შედეგად ნადგურდება საიდუმლო და სტრატეგიული მნიშვნელობის უნიკალური მასალა, რომელიც ...-ის დეპარტამენტისათვის სასიცოცხლო დანიშნულებისაა და მათი მთლიანი განადგურების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება მომავალში მათ დაქვემდებარებაში მყოფი რამდენიმე საწარმოს ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს ლტოლვილთა გამოსახლება.

2002წ. 26 ივნისს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, არ წარმოუდგენიათ ცნობა სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ, რაც სასამართლომ სხდომის გაჭიანურების მცდელობად მიიჩნია. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციული და საწარმოო ფართიდან გამოსახლდნენ თვითნებურად შეჭრილი პირები.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი და მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები არ იყვნენ გაფრთხილებულნი სხდომის დანიშვნის თარიღის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად, რაც კანონის დარღვევაა და აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი დარჩა დაუკმაყოფილებელი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

მოპასუხეებმა, ქ.თბილისში ... მცხოვრებმა ლტოლვილებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინება და 2002წ. 26 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს “გ.-იის”, შპს “ი.-ის”, შპს “ჰ.-ო” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ს.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისში, ... შეჭრილი იძულებით გადაადგილებული პირები: ნ.მ.-ძე, ე.კ., მ.ბ. და სხვები თავის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდნენ ზემოხსენებულ მისამართზე არსებული შენობიდან და აღნიშნული შენობა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეებს.

სს “გ.-ის”, შპს “ი.-ის”, შპს “ჰ.-ს”, საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ს.-ს” წარმომადგენელმა 2002წ. 7 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თვითნებურ შეჭრილ პირთა მოქმედებით ნადგურდება გეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად შექმნილი ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის ფასდადებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, ნადგურდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით სს “გ.-ის”, შპს “ი.-ის”, შპს “ჰ.-ს” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ს.-ს” წარმომადგენლის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს “გ.-ის”, შპს “ი.-ის”, შპს “ჰ.-ს”, საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ს.-ს” სარჩელის გამო თბილისში, ... უნებართვოდ შეჭრილი იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე აღსრულდა დაუყოვნებლივ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს თბილისში, ... მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულმა პირებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ ნადგურდება ორგანიზაციის ქონების, ასევე გეოლოგიის კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული ტრადიციული მასალები არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან კერძო საჩივრის ავტორებმა შენობაში ჩაატარეს სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები და მათ მიერ შენობის განადგურებას ადგილი არ ჰქონია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 268-ე მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყონებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა იმ საქმეზე, თუ განსაკუთრებული გარემოებების გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ ... შესახლებული ლტოლვილები საფრთხეს უქმნიან და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ გეოლოგიის კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებულ ტრადიციულ მასალებს, საქმის მასალებით არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ.თბილისში, ... მდებარე შესახლებული პირების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება.

სს “გ.-ის”, შპს “ი.-ის”, შპს “ჰ.-ს”, საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ს.-ს” წარმომადგენლის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.