საქმე N 030100124008693872
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1145აპ-24 25 დეკემბერი, 2024 წელი
ს–ე მ., №1145აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემილიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ს–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ. ს–ე ქ. ფ–ში, ბ–ს ჩიხი N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თუ რატომ იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად ნათლისღების აღსანიშნავ სუფრაზე, სხეულის დასახიჩრებით და ბენზინის შესხმით ცოცხლად დაწვით, დაემუქრა მეუღლეს თ. ძ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენით, მ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაუშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემილიანე ბერაიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ს–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 1 ივლისს, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მ. ს–სათვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შეტყობინებითა და შემაკავებელი ორდერით უტყუარად დადასტურდა მ. ს–ს ბრალეულობა. ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ამასთან, ბრალდების მხარის პოზიციით, გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მ. ს–ს მიმართ ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მ. ს–ს ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა თ. ძ–მა ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა მ. ს–ს მიერ თ. ძ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მ. ს–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.5. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება მ. ს–ს მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.7. აღსანიშნავია, რომ თ. ძ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლზე, სადაც მისი განმარტებით, მ. ს–ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ გამოვლენილა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და უდავო მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.10. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ შემაკავებელ ორდერსა და დაზარალებულის მიერ განხორციელებულ შეტყობინებას, რომლებზეც კასატორი აპელირებს სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით იმის დადგენა, რომ მ. ს–ე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თ. ძ–ს შეუძლებელია, ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობისა და მათში ასახული მწირე ინფორმაციის გათვალისწინებით. მოწმე – ლ. კ–ს ჩვენების თანახმად, დადასტურებულია დაზარალებულსა და გამართლებულს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტი. საქმის ირგვლის დაკითხული სხვა მოწმეები კი, არ არიან ფაქტის თვითმხილველნი, მათ განმარტებები გააკეთეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ირგვლივ, ხოლო მოწმე – ლ. ც–მ დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია განმარტა.
5.11. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ.
5.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემილიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე