საქმე N 180100124008540658
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1156აპ-24 24 დეკემბერი, 2024 წელი
გ–ი გ., №1156აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით (შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის და ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 01 დეკემბერს დაახლოებით 14:30 საათზე მ–ს მუნიციპალიტეტ სოფელ წ–ში, შ. კ–ს კუთვნილ ფერმაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ. გ–ი სრულიად უმიზეზოდ შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს ი. წ–ს კერძოდ: მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ი. წ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე მ–ს მუნიციპალიტეტ სოფელ წ–ში, შ. კ–სის კუთვნილ ფერმაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ. გ–ი სრულიად უმიზეზოდ, შეუწყნარებლობის მოტივით, მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის ი. წ–ს, კერძოდ უთხრა რომ დანით ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა, ვინაიდან გ. გ–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, ი. წ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. გ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით, გ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გამართლდა.
2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 2 ოქტომბერს, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3.3. გამართლებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ბ–მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულმა ი. წ–მა სასამართლოში მისცა თანმიმდევრული და სარწმუნო ჩვენება, რაც გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით კერძოდ: 112-ში განხორციელებული ზარით და აუდიოჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, მოწმეების – მ. კ–ს, ა. ბ–ს, თ. გ–ს, ე. დ–ს, ჯ. ხ–სადა შ. კ–ს ჩვენებებით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ–იის ძალადობასა და მუქარაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ი. წ–ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს ყოფით პრობლემებზე კამათი ჩხუბში გადაიზარდა და მეუღლემ მას სახეში მუშტი დაარტა, რაც ეტკინა. შემდეგ გ. გ–მა აიღო დანა და უთხრა, რომ მოკლავდა, რაც მან აღიქვა რეალურად და გაიქცა. მომხდარის გამო შეშინებულმა, დარეკა 112-ში და შეატყობინა მის მიმართ განხორციელებული ქმედების თაობაზე. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში და დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმების შინაარსი.
5.4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობით დადგინდა, რომ დაზარალებულ ი. წ–სთვის სიტყვების არსი და მნიშვნელობა გასაგებია. თუმცა ჯვარედინი დაკითხვის დროს დაზარალებულმა უტყუარად ვერ მიუთითა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტებზე. მათ შორის ვერ მიუთითა კონკრეტულად რომელი დანის დემონსტრირებით განახორციელა მუქარა გ. გ–მა, ეს იყო დასაკეცი დანა (როგორც ჩვენებაში მიუთითა) თუ საყოფაცხოვრებო დანა (რომელზეც იგი ე.წ. ვითარების აღდგენის ოქმში მიუთითებდა და რაც ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას). ამასთან, დაზარალებულმა რამოდენიმეჯერ განსხვავებულად მიუთითა მის მიმართ განხროცილებული ძალადობისა და მუქარის თარიღი. მართალია, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას განსხვავებულად აღწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები აუცილებელია, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყოს სხვა მტკიცებულებებით, რადგან მისი ნათქვამის საპირწონედ წარმოდგენილია გ. გ–ს ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ.
5.5. საკასაციო პალატის შეფასებით, გ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარება ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას – დაზარალებულ ი. წ–ს ჩვენებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ასევე ი. წ–ს განმარტების საფუძველზე გამოცემულ შემაკავებელ ორდერს, მისივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან ხსენებული მტკიცებულებების წყარო არის დაზარალებული ი. წ–ი, რომლის ჩვენების უტყუარობასთან დაკავშირებით არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვი.
5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლდება გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება გ. გ–ს მიერ ძალადობისა და მუქარის განხორციელებას - საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე