Facebook Twitter

საქმე N 010100123007027191

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1169აპ-24 20 დეკემბერი, 2024 წელი

რ–ე მ., №1169აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. რ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 12 თებერვალს, დაახლოების 14 საათზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დ. ს–ს გადაწყვეტილებით გაღიზიანებული მ. რ–ე, სატელეფონო კომუნიკაციისას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა ქ. ბ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე მაღაზია „ბ–ში“ მყოფ დ. ს–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, მ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებაში ყოფნის ვადის (2023 წლის 12 თებერვლიდან 2023 წლის 15 თებერვლამდე) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: 2023 წლის 12 თებერვალს, დღის საათებში, მ. რ–ე, სატელეფონო კომუნიკაციისას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა ქ. ბ–ში, .......ს ქუჩა N..-ში მდებარე მაღაზია „ბ–ში“ მყოფ დ. ს–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 26 აგვისტოს, მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 აგვიტოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. განსახილველ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება, რომ მ. რ–მ განახორციელა რაიმე სახის მუქარა, არის მხოლოდ დაზარალებულ დ. ს–ს არაგულწრფელი ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. რ–ე ზრუნავდა დ. ს–ზე და მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N97აპ-20, N857აპ-22, N1090აპ-22 N767აპ-23 და N480აპ-23 გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ მ. რ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენი ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებებით დადგენილ პრაქტიკას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. რ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. რ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ დ. ს–ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში მეგობრის ოჯახში გაიცნო მ. რ–ე, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა და გახდნენ სექსუალური პარტნიორები. გარკვეული პერიოდი ხვდებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ ოჯახის გამო, გადაწყვიტა დაშორებოდა მ–ს და მათ შეწყვიტეს ურთიერთობა. 2023 წლის იანვრის ბოლოს დაურეკა მ., სთხოვა შეხვედრა, რაზეც მან უთხრა უარი. 2023 წლის 7 თებერვალს, მ. რ–ე მივიდა მის სახლში, დაჟინებით სთხოვა ოჯახის მიტოვება და მასთან ერთად საცხოვრებლად გადასვლა, რაზეც დაზარალებულმა უარი განუცხადა და სთხოვა წასულიყო. მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, მ. კვლავ დაურეკა ტელეფონზე იგივე მოთხოვნით, თუმცა კვლავ უარი მიიღო, ამასთან, მან გააფრთხილა, რომ თუ კიდევ შეაწუხებდა, პოლიციაში დარეკავდა. 2023 წლის 12 თებერვალს, როდესად მაღაზია ,,ბ–ში“ ბავშვისთვის წიგნებს ყიდულობდა, კვლავ დაურეკა მსჯავრდებულმა ტელეფონზე და დაემუქრა, რომ თუ მასთან არ დაბრუნდებოდა, მასაც მოკლავდა, მის ქმარ-შვილსაც, სახლსაც გადაუწვავდა და თავსაც მოიკლავდა. მართალია, მანამდე მ–ს მისთვის ან მისი ოჯახისთვის არაფერი დაუშავებია და არც მის მიმართ უძალადია, მაგრამ არ გამორიცხა, რომ მუქარა საფუძვლიანი შეიძლება ყოფილიყო, შეშინდა და მიმართა პოლიციას.

5.5. შემთხვევის შედეგად დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია მოწმეების – ვ. ბ–ა–ჯ–ს და ს. ბ–ს ჩვენებებში. მათ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მ. რ–სის მიერ განხორციელებული მუქარის შედეგად დ. ს–ე იყო ძალიან შეშინებული და აღელვებული. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა.

5.6. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამხვილებს დ. ს–ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმზე, რომლის თანახად, მობილური ტელეფონის ნომრიდან ......, რომელიც დაზარალებულის განმარტებით ეკუთვნის მ. რ–ს, ფიქსირდება ხუთი შემავალი დაბლოკილი ზარი.

5.7. ზემოხსენებული მტკიცებულებების გათვალიწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ისეთი ერთობლიობა, რაც ადასტურებს, ერთის მხრივ, მ. რ–ს მიერ დ. ს–ს მიმართ მუქარის განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ დაზარალებულში საფუძვლიანი შიშის გაჩენის ფაქტს.

5.8. საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.9. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეების – მ. ლ–ს და ნ. კ–ს ჩვენებებს, სს ,,....... ბანკის“ ანგარიშის ამონაწერს და მისი დათვალიერების ოქმს, მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციასა და მისი დათვალიერების ოქმებს საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არარელევანტურია დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით და ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ჰქონდათ ურთიერთობა, რაც სადავოდ ისედაც არა არის გამხდარი.

5.10. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მისაღწევია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან. ამასთან, კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამასთან, მართალია მ. რ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). შესაბამისად, მის მიმართ ვერ იქნება გავრცელებული ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე