3კ-1359-02 12 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან წილის გამოყოფა და სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წელს მ. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ე. და ზ. მ.-ების წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ბინიდან წილის გამოყოფა და სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
სარჩელში აღნიშნა, რომ 1987 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ზ. მ.-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ მი. მ.-ი. ქორწინების დღიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა, რომელიც რეგისტრირებული იყო მამამთილის, მოპასუხე ე. მ.-ის სახელზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებთან ერთად ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა ავადმყოფ დედამთილს, მაგრამ მეუღლე და მამამთილი ავიწროვებდნენ და აიძულებდნენ, რომ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად წასულიყო სახლიდან. აღნიშნული გარემოებების გამო, მ. მ.-მ, ჯერ კიდევ 1998 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა და ბინაში ჩაწერის რეგისტრაცია. დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში კი, მ. მ.-მ სარჩელით მოითხოვა ბინიდან რეალური წილის გამოყოფა და სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის განჩინებით სადავო ბინას დაედო ყადაღა.
ამავე სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ.-მ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დროს, მოსარჩელე მ. მ.-ის წარმომადგენელმა მ. ნ.-მ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე _ სადავო ბინიდან წილის გამოყოფის შესახებ და ასევე, მოითხოვა მასზე ყადაღის მოხსნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მითითებულ ნაწილში, სარჩელზე უარის თქმის გამო, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება შეწყდა, ასევე, შეწყდა სააპელაციო წარმოებაც და სადავო ბინაზე მოიხსნა ყადაღა.
სააპელაციო პალატის განჩინება მოსარჩელის კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა იმავე სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის განჩინებით და საქმის წარმოება განახლდა.
სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის დროს, მ. მ.-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ მხარეებს, სამივეს ერთად, გაეკეთებინათ პრივატიზაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის განჩინება, ბინაზე ყადაღის დადების შესახებ გაუქმდა.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ.-მ, საჩივარში აღნიშნა, რომ განჩინებაში გათვალისწინებული არ ყოფილა მისი მოთხოვნა, რითაც შეილახა მისი ინტერესები. კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა მოპასუხის შეთ.-ებულ წინადადებაზე სადავო ბინის ერთობლივი პრივატიზაციის შესახებ. მისი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ბავშვის ინტერესები. კერძოდ, ბინის პრივატიზაციის დროს მას ბავშვთან ერთად მიეღო წილი, რაც გასაჩივრებულ განჩინებაში არ ასახულა და მასში მსჯელობა არის სადავო ბინის მხოლოდ სამ ნაწილად გაყოფაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ საქმის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო სადავო ურთიერთობის მორიგებით დამთავრება და ბინის პრივატიზება ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის სახელზე. ამ მიზნით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მხარეთა მოსაზრება, რომ სადავო ბინის პრივატიზებისათვის აუცილებელი იყო მისი ყადაღისაგან გათავისუფლება და დააკმაყოფილა მ. მ.-ის შუამდგომლობა ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს სასამართლოს კოლეგიის წინადადებას საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ მხარეები დაეთანხმნენ. კერძოდ, მოპასუხე ე. მ.-მ განმარტა, რომ თანახმა იყო სადავო ბინიდან, მის შვილს ოჯახის წევრებთან ერთად მიეღო ის წილი, რაც ეკუთვნოდა. მოპასუხის ასეთ წინადადებას დაეთანხმა კერძო საჩივრის ავტორი და აღნიშნა, რომ სურდა გათვალისწინებული ყოფილიყო თავისი შვილის ინტერესები. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო სხდომა გადაიდო და მათ მიეცათ ვადა მორიგების პირობების ჩამოსაყალიბებლად.
ასევე დადგენილია, რომ 2002წ. 4 ოქტომბერს შემდგომ სხდომაზე მ. მ.-ის წარმოამდგენელმა იმ საფუძვლით, რომ მხარეებს მისცემოდათ სადავო ბინის პრივატიზების საშუალება, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ყადაღის მოხსნის შესახებ. როგროც საქმის მასალებიდან ირკვევა, აღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა მ. მ.-ც.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ საოლქო სასამართლომ პრივატიზაციასთან მიმართებაში არ გაითვალისწინა მისი შვილის ინტერესები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბინის პრივატიზაცია წარმოადგენს ისეთ პროცესს, რომელსაც ახორციელებს ამისათვის სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მოახდინა არა წილების განსაზღვრა მხარეთა შორის, არამედ სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნით მათ საშუალება მისცა პრივატიზაციისათვის მიემართათ მის განხორციელებზე უფლებამოსილი პირისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მაგული მ.-ის კერძო საჩივრის მოთხოვნა, რომ საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი შვილის ინტერესები.
სსკ-ს 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასმართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ოქტომბრისა და 28 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.