საქმე # 330100124008967909
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1218აპ-24 ქ. თბილისი
მ. გ. 1218აპ-24 4 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–ს, – (პ/ნ .........), – ბრალად ედებოდა:
1.1. გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
1.2. გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, 2024 წლის 12 თებერვალს მ. მ–ი სოციალური ქსელით დაუკავშირდა დ–ს რაიონის სოფელ გ–ში მყოფ დას – მ. მ–ს, რომელსაც დაემუქრა მისი და მისი შვილის მ. დ–ის სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა მ. მ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, 2024 წლის 12 თებერვალს, მ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დ–ს რაიონის სოფელ გ–ში მყოფ დას – მ. მ–ს – და თ..... ბინაში მყოფ დისშვილს – მ. დ–ს. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა მ. დ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 6 თვე ჩაეთვალა პირობითად;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 თვე – ჩაეთვალა პირობითად და, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი.
3.4. მსჯავრდებულ მ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 14 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, რომელმაც მოითხოვა მ. მ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის – სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის – შეფარდება.
4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ხ. ლ–ამ. ადვოკატმა მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, რომელიც ითხოვს მ. მ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 26 ნოემბერს შემოვიდა მსჯავრდებულ მ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ხ. ლ–ას –განცხადება, თანდართული, ნოტარიული წესით დამოწმებული, მ. მ–ის განცხადებით, რომლის თანახმად, მ. მ–ი აცხადებს, რომ იგი თანახმაა მ. მ–ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს მ. მ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
2.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარებს შორის დავის საგანია მ. მ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებისა და იმის შესახებ, რომ მ. მ–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სრულად საპატიმრო სასჯელი, ნაცვლად – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული – განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. მ–ს გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვე – განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა – 6 თვე ჩაეთვალა პირობითად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულებისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ერთ-ერთი, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთა, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ხანგრძლივობით – 1 წლით.
6.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, ისევე, როგორც მუხლის სანქციით გათვალისწინებული – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში.
6.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დროსაც, სასჯელის სახის ან/და ხანგრძლივობის გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მ. მ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორცილებას, იმავდროულად, დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის არმქონე პირი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა ზედმეტად მსუბუქი სახის სასჯელი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
6.4. შესაბამისად, არ არსებობს კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების, მ. მ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების და გასაჩივრებული განაჩენის ამ ნაწილში შეცვლის საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე), ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე) და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ამ ნაწილში არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია მ. მ–ის მიმართ ამ ნაწილში სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობას.
9. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
9.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 თვე ჩაეთვალა პირობითად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროისათვის მ. მ–ი იყო ნასამართლობის არმქონე პირი, თუმცა იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი პირის – მ. დ–ის თანხმობა, რომ მ. მ–ზე გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია), ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა) და ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს (ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად; ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული). შესაბამისად, მიაჩნია, რომ მ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით – განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.
10.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 14 თებერვლიდან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, დღეის მდგომარეობით სრულად მოხდილი აქვს და მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტი ვერ გავრცელდება (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან მ. მ–ი თავისუფლების აღკვეთას 6 თვით (რეალურ სასჯელს) იხდიდა 2024 წლის 14 თებერვლიდან და შესაბამისად, იგი 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ იყო პირობით მსჯავრდებული პირი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დანაწესი.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 თვით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 10 თვე.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შევიდეს ცვლილება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. მ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათი;
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 1 წელი;
3.1.2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. მ–ის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, დღეის მდგომარეობით, მოხდილია (სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 14 თებერვლიდან);
3.2. მ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი, შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 10 თვე;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 10 თვე;
3.4. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე