Facebook Twitter
3კ-1374-02

3კ-1374-02 25 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ჩ.-მა 1922 წელს ქ. ბათუმში, ... შეიძინა ერთსართულიანი 58,83კვ.მ საცხოვრებელი სახლი. ა. ჩ.-ი გარდაიცვალა 1940 წელს. მისი სამკვიდრო ქონება, მდებარე ..., 2001წ. 7 მაისს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ვ. ჩ.-ის სახელზე. თავის მხრივ, ვ. ჩ.-მა 2001წ. 6 ივნისს დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული სახლი აჩუქა შვილს _ ალ. ჩ.-ს. თ. და ც. ჩ.-ებმა, რომლებმაც სადავოდ გახადეს აღნიშნული ფაქტი, სარჩელით მიმართეს სასამართლოს. მიუთითეს რა, რომ მათმა მამამ _ მ. ჩ.-მ, მიიღო მამის _ ა. ჩ.-ის სამკვიდრო ქონება, მოითხოვეს ა. ჩ.-ის კანონისმიერ მემკვიდრეებად ცნობა თანაბარ წილად მოპასუხე ვ. ჩ.-თან ერთად; ასევე მათ მოითხოვეს 2001წ. 4 ივნისს შესრულებულ სანოტარო მოქმედებაში ცვლილებების შეტანა იმდაგვრად, რომ ვ. ჩ.-ის მიერ თავის შვილზე ნაჩუქრად ჩათვლილიყო სახლთმფლობელობის 1/2 წილი, ხოლო დანარჩენი 1/2 წილი აღრიცხულიყო მათ სახელზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ბათუმში, ... მდებარე, აწ გარდაცვლილ მ. ჩ.-ის სამკვიდრო ქონებიდან 1/2 წილი მიღებულად ჩაეთვალა შვილს, აწ გარდაცვლილ მ. ჩ.-ს და აღნიშნული სამკვიდრო ქონების მიხეილ ჩ.-ის 1/2 წილზე მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ შვილები _ თ. და ც. ჩ.-ები. ნაწილობრივ გაუქმდა და ცვლილება იქნა შეტანილი 2001წ. 7 მაისს ნოტარიუს მ. ჯინკველეიშვილის მიერ შესრულებულ სანოტარო მოქმედებაში და მოსარჩელეები ვ. ჩ.-თან ერთად ცნობილ იქნენ მემკვიდრეებად თანაბარწილად. ასევე, ნაწილობრივ გაუქმდა და შეტანილ იქნა ცვლილება ნოტარიუსის მიერ 2001წ. 4 ივნისს შესრულებულ ჩუქების ხელშეკრულებაში, საიდანაც ამოირიცხა 1/2 ნაწილი. ზემოთ აღნიშნული სახლთმფლობელობის 1/2 ნაწილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ აღირიცხა თ. და ც. ჩ.-ების საკუთრებად.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჩ.-მ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით ვ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული და იგი დატოვებულ იქნა განუხილველად იმის გამო, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეეები და მათი წარმომადგენელი, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, 2002წ. 5 სექტემბერს.

ვ. ჩ.-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლოს სხდომაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა და დღემდე მიღებული არა აქვს გადაწყვეტილების ასლი, იგი 2002წ. 7 აგვისტოს გაეგზავნა ადვოკატს, რომლის შინაარსიც მისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის შემდეგ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული და დატოვებულ იქნა განუხილვლელად, რადგან აპელანტმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჩ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და, მიუხედავად მისი არაერთგზის მცდელობისა, გადაწყვეტილების ასლი დღემდე არ მიუღია; იგი მხოლოდ 2002წ. 7 აგვისტოს გაეგზავნა ადვოკატს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილია 5 სექტემბერს, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაცვით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თ. ჩ.-ის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა 15 და 16 ივლისს. სხდომის ოქმის მიხედვით ორივე დღეს გამოცხადნენ მხარეები _ მოსარჩელეები და მოპასუხეები, ადვოკატი მ. დ.-ე. გადაწყვეტილება გამოცხადდა იმავე დღეს. თ. ჩ.-მ სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2002წ. 9 ოქტომბერს, თანახმად სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე და ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება. ამდენად, თ. ჩ.-მ სააპელაციო საჩივრის შეტანისას გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც, სსკ-ს 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

პალატა თვლის, რომ არ არსებობს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.