3კ-1392-02 18 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ.-ის სარჩელი და მოპასუხეებს _ ნ. და ა. ყ.-ებს დაეკისრათY15000 აშშ დოლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.
1999წ. 12 ივლისს დ. კ.-მ ახალი სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ყადაღადადებული ბინიდან მათი გამოსახლება და ვალის დაფარვის მიზნით ბინის აუქციონის მეშვეობით რეალიზაცია.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. კ.-ის (დ. კ.-ე ნ. კ.-ის მეუღლეა და ორივე სესხის გამცემადაა დაფიქსირებული) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს: ნ. და ა. ყ.-ებს დაეკისროთ 1048 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამარლოს 2000წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ა. ყ.-ებმა (ნ. ყ.-ი ზოგ შემთხვევაში მოიხსენიება ნ. ა.-ედ).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ 2000წ. 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. კ.-ის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ა. ყ.-სა და დ. გ.-ს შორის 1996წ. 30 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ... მდებარე ბინაზე. ეს ხელშეკრულება ჩაითვალა “ს.-ო" ბანკსა და ა. ყ.-ს შორის დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებად და საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. ყ.-ზე. ამასთან, დაინიშნა მითითებული ბინის აუქციონის წესით გაყიდვა. დანარჩენ ნაწილში დ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლოს ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მან გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებისათვის 25152 აშშ დოლარის დაკისრება.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ყ.-მაც. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება და დ. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ყ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეებს _ ა. ყ.-სა და ნ. ა.-ს გადასახდელად დაეკისრათ 3129,6 აშშ დოლარი (ამ გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება ა. ყ.-სა და დ. გ.-ს შორის 1996წ. 30 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ამ ხელშეკრულების საქართველოს “... ბანკსა" და ა. ყ.-ს შორის იპოთეკის ხელშეკრულებად მიჩნევისა და თბილისში, ძმები ... მდებარე სახლის ა. ყ.-ის სახელზე აღრიცხვისა და ამ ბინის აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ).
2001წ. 25 დეკემბერს ა. ყ.-მ და ნ. ა.-მ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
განმცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოებით განახლება.
განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით, რომლითაც მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისრათ 15000 აშშ დოლარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილება ყალბი იყო, ხოლო მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა ყალბი გადაწყვეტილება, მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში (მის მიმართ საქმე შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 27 თებერვლის განჩინებით ა. ყ.-ისა და ნ. ა.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა: გაუქმდა მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ. კ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში განახლდა საკასაციო წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 მარტის განჩინებით კი საკასაციო წარმოება შეწყდა საკასაციო საჩივრზე უარის თქმის გამო.
2002წ. 24 იანვარს სააპელაცო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. კ.-მ და ითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოეხსნა ყადაღა სადავო ბინაზე, რათა მომხდარიყო თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაწყვეტილების მითითებული ნაწილი არ იყო გაუქმებული.
პარალელურად, 2002წ. 10 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ა. ყ.-მ, ნ. ა.-მ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული იმ მოტივით, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო თვით 16 მარტის გადაწყვეტილება ყალბი იყო. სიყალბე დადასტურებული იყო საგამოძიებო ორგანოს სათანადო დოკუმენტაციით.
2002წ. 3 ივნისს ა. ყ.-მ და ნ. ა.-მ დაზუსტებული განცხადება შეიტანეს სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც დადგენილი იყო სადავო ბინის აუქციონზე გაყიდვა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის განჩინებით ა. ყ.-ისა და ნ. ა.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილის გაუქმების თაობზე დარჩა განუხილველად.
სხდომაზე გამოცხადებულ იქნა ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო მოტივირებული განჩინების ასლი მხარეს ჩაბარდა 2002წ. 2 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელისათვის რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილების სიყალბე ცნობილი გახდა 2001წ. 27 ნოემბერს, მაგრამ მათ განცხადება შეიტანეს 2002წ. 10 მაისს, რითაც დაარღვიეს განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 8 ივნისის საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა ნ. კ.-ის განცხადება, გააუქმა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 5 აპრილის განჩინება და სადავო ბინაზე მოხსნა ყადაღა.
2002წ. 19 ივლისს ა. ყ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა ზემოთ მითითებულ საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით, რომელშიც მიუთითა, რომ ყადაღის მოხსნა ბანკის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელი იყო და ამ საკითხის განხილვა მოითხოვა ბანკის წარმომადგენლის მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებით ა. ყ.-ის კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს საოქმო განჩინების (ყადაღის მოხსნა) გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თვით ყ.-ი თანახმა იყო ყადაღის მოხსნაზე, არ დაკმაყოფილდა და საქმე კერძო საჩივართან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს.
2002წ. 27 აგვისტოს, 29 აგვისტოს, 3 სექტემბერსა და 13 სექტემბერს ა. ყ.-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი კერძო საჩივრის მოხსნა და ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის საოქმო განჩინების უცლველად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 სექტემბრის განჩიებით ა. ყ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა იმის გამო, რომ მან მოხსნა კერძო საჩივარი. ამავე განჩინეით ა. ყ.-ს განემარტა, რომ მას უფლება არ ჰქონდა, იგივე კერძო საჩივრით მიემართა სასამართლოსთვის.
2002წ. 12 ოქტომბერს ა. ყ.-მ და ნ. ა.-მ ახალი კერძო საჩივრით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს. ამჯერად მათ მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს სათათბირო ოთახში მიღებული განჩინების გაუქმება, რომლითაც მათი განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორთა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ 2002წ. 8 ივლისის განჩინებით იქნა დატოვებული განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო. 1998წ. 15 მარტის გადაწვეტილების სიყალბე განცხადების ავტორისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 27 ნოემბერს, მათ კი განცხადება შეიტანეს 2002წ. 10 მაისს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ა. ყ.-ისა და ნ. ა.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის განჩინება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი _ 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილების სიყალბე განცხადების ავტორებისათვის ცნობილი გახდა 2001წ. 27 ნოემბერს, ხოლო მათ სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებული ნაწილის (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ა. ყ.-სა და გ.-ს შორის სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, იგი ჩაითვალა “... ბანკსა" და ა. ყ.-ს შორის იპოთეკის ხელშეკრულებად, ბინა აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე და დადგინდა მისი რეალიზაცია), ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს 2002წ. 10 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის განჩინებით ამავე საფუძვლით არ იქნა დაკმაყოფილებული კერძო საჩივარი (ამ განჩინებაში რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილება შეცდომით 1998წ. 15 მარტის გადაწყვეტილებად მოიხსენიება).
კერძო საჩივრის ავტორი კი მიუთითებს, რომ რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყეტილება გაუქმდა 2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით. ეს განჩინება საფუძველი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 27 თებერვლისა და 2002წ. 6 მარტის განჩინებებისა, რომლითაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ კი შეწყდა ამ საქმეზე საკასაციო წარმოება. უზენაესი სასამართლოს მოტივირებული განჩინების ჩაბარებიდან მან ერთთვიან ვადაში შეიტანა განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.
აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა უნდა აეთვალა არა 2001წ. 27 ნოემბრიდან, არამედ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ასლების ჩაბარების დღიდან (ასლების ჩაბარების თარიღს კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს, თუმცა მის განცხადებებზე დართული განჩინებების ასლების უკანა გვერდზე, მითითებულია, რომ განჩინების ასლები ჩაბარდა 2002წ. 11 აპრილს, ხოლო მოთავსებულია ხელწერილი, რომლითაც ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს 2002წ. 6 მარტის განჩინების ასლი ა. ყ.-ს ჩაბარდა ჯერ კიდევ 2002წ. 15 მარტს).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ერთთვიან ვადაში და ამ ვადის ათვლა სსკ-ს 426-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა, ანუ 2001წ. 28 დეკემბრიდან, როცა გაუქმდა რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილება, მაგრამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წამროების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადა კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული დროიდან _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 27 თებერვლისა და 6 მარტის განჩინებების ჩაბარების დღიდან, ანუ 2002წ. 15 მარტიდანაც, რომ ათვლილიყო, მის მიერ განცხადების შეტანამდე (2002წ. 10 მაისი) მაინც გასულია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთმითითებული განჩინება ა. ყ.-ს პირველად ჩაბარდა 2002წ. 15 მარტს. თუკი კერძო საჩივრის ავტორის მითითების შესაბამისად, აქედან დაიწყება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა, იგი მაინც გასულია, ვინაიდან განცხადება შეტანილია 2002წ. 10 მაისს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა ათვლილ უნდა იქნეს 2002წ. 11 აპრილიდან. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანცელარიის მიერ ყ.-ს უზენაესი სასამართლოს განჩინებების ასლები ჩაბარდა მითითებილ დღეს, მაგრამ ეს ხელმეორედ ჩაბარებაა, ამიტომ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის გამოსათვლელად იგი მიუღებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გაანხლების შესახებ განცხადების დაგვიანებით შეტანის გამო, მართალია, ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ა. ყ.-სა და დ. გ.-ს შორის 1996წ. 20 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ეს ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა ა. ყ.-ს და “... ბანკს" შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებად, სადავო ბინა აღირიცხა ა. ყ.-ის სახელზე და დადგინდა მისი აუქციონის გზით გაყიდვა ისე, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი _ 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩენილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველიც არ არსებობს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დარჩენილი ნაწილის აღსრულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სადავო საკითხებზე მხარეებს დავა შეუძლიათ გადაწყვიტონ სსკ-ს 2671-ე მუხლის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე, მე-7 მუხლებისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ყ.-ისა და მ. ა.-ის კერძო საჩივარი, როგორც აშკარად უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.