საქმე N 330100124008512887
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1247აპ-24 18 დეკემბერი, 2024 წელი
გ–ე დ., №1247აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. გ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ. გ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ძალადობა განახორციელა მეუღლის ა. ჩ–ს მიმართ, კერძოდ მარჯვენა ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ა. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2023 წლის 28-30 აგვისტოს, თ–ში, ა–ში, თ–ს ქუჩა №..-ში, დ. გ–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ძალადობა განახორციელა მეუღლის ა. ჩ–ს მიმართ, კერძოდ ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ა. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 8-9 ნოემბერს, თ–ში, ა–ში, თ–ს ქუჩა №..-ში, დ. გ–მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ძალადობა განახორციელა მეუღლის ა. ჩ–ს მიმართ, კერძოდ ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ა. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.5. 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დ. გ–ე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ა. ჩ–ს, კერძოდ ემუქრებოდა, რომ გადააგდებდა მტკვარში და მოკლავდა, ასევე მოუკლავდა დედას და ძმას, რის შედეგადაც ა. ჩ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.
1.6. 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ში, ქ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფი დ. გ–ე, მობილური ტელეფონის ნომრით ....... დაუკავშირდა მეუღლის დედას ე. ბ–ს ტელეფონის ნომერზე ...... და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ დაემუქრა, რომ ცოცხალს არავის დატოვებდა მისი ოჯახიდან, რის შედეგადაც ე. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის განაჩენით, დ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 დეკემბერის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ე. ბ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 28-30 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 8-9 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
დ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ს–მ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
დ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქარველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქარველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 8 დეკემბერის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქარველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ე. ბ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 28-30 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 8-9 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
დ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
მსჯავრდებული დ. გ–ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დ. გ–ს მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 8 თვითა და 6 დღით. დ. გ–ს აეკრძალა დაზარალებულებთან – ა. ჩ–სთან და ე. ბ–სთან, მათ შორის, მათ საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოვება, სადაც შეიძლება ა. ჩ–ი და ე. ბ–ი იმყოფებოდნენ და მათთან რაიმე ფორმით ურთიერთობა, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მობილური საშუალებისა და სოციალური ქსელის გამოყენებით.
3.2. 2024 წლის 16 ოქტომბერს, მსჯავრდებულმა დ. გ–მ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის დამცავი ორდერი და მოითხოვა მისი გაუქმება.
3.3. 2024 წლის 1 ნოემბერს, მსჯავრდებულმა დ. გ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული დამცავი ორდერი უნდა გაუქმდეს, რადგან იმ პირობებში, როდესაც მას შეურიგდა დაზარალებული და სურს ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელება დამცავი ორდერით იზღუდება მათი თანაცხოვრების შესაძლებლობა, რაც უარყოფითად აისახება როგორც დაზარალებულ ა. ჩ–ზე, ასევე მათ არასრულწლოვან შვილებზე, რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს.
4.2. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაშვებული უნდა იქნეს განსახილველად, რადგან საქმე მოიცავს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომლითაც აღარასდროს მოხდება მამაკაცთა დისკრიმინაცია თითქოსდა სუსტი სქესის წარმომადგენლების დაცვის მიზნით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები კი, რომლითაც ხდება ქმედების ოჯახურ დანაშაულად კვალიფიკაცია არის უკანონო და არაკონსტიტუციური, ვინაიდან სტამბოლის კონვენციაში არ წერია, რომ ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში უნდა მოხდეს მხოლოდ მამაკაცების გასამართლება, სუსტი სქესის წარმომადგენლები, კი გამოდიან ხშირად დაზარალებულები. სახელმწიფოს კი, არ აქვს არანაირი უფლება ჩაერიოს ოჯახში. ამასთან, მამის გასამართლებით და დაკავებით ზიანი ადგებათ შვილებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, რადგან დაზარალებულ ა. ჩ–ს გამოკითხვა მოხდა მაშინ როცა იგი იყო მეტად აღელვებული, მწვავე სტრესში და ტიროდა. ეს მდგომარეობა კი გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მას არ სურდა გამოძიებისთვის ინფომაციის მიწოდება, არ სურდა პირადი ინფორმაციის გამჟღავნება. ასევე მწვავე ემოციურ სტრესში იმყოფებოდა ე. ბ–ი, თუმცა ამის მიუხედავად იგი ფსოქოლოგიური ზემოქმედებით გადაყვანილი იქნა ..... პოლიციის პირველ სამმართველოში. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კასატორს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწმეები არ დაკითხულან სასამართლოს წინაშე მათი გამოკითხვების ოქმებში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გაზიარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულების მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომ არ სურდა ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნული მტკიცებულბების დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობა კი, განპირობებული იყო საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის მოსამართლის მინიშნებით, რაც დაცვის მხარის მიერ აღქმული იქნა როგორც საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შანსი, რაც მის ერთადერთ სურვილს წარმოადგენდა, რადგან ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალია. ამასთან, მან ვერ გაუძლო საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ შემთხვევის დღეს ფიზიკური დაპირისპირება იყო ორმხრივი, რა დროსაც პირველადი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მომდინარეობდა დაზარალებულისგან და შემდგომში მოხდა მისი შეჩერება, თუმცა დაზარალებულს ტკივილი არ განუცდია. ამასთან, სასამართლომ დაცვის მხარეს უარი უთხრა დაეკითხა მის მიერ დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი პირები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გენდერული ნიშნით დანაშაულების ჩადენის ფაქტიც. საკასაციო საჩივარში მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს N914აპ-20 და N741-22 გადაწყვეტილებები, რომელთაც დაცვის მხარის მოსაზრებით ეწინააღმდეგება ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი ითხოვს, რომ მის მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ. გ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ. გ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა. ჩ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ დ. გ–სთან ექვსწლიანი ურთიერთობის განმავლობაში იგი მუდმივად იყო, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, მას ფიზიკური ტკივილიც არაერთხელ განუცდია. მისივე განმარტებით, იგი მეუღლის გარეშე ვერსად გადიოდა, მათ შორის მეგობრებთან შეკრებაზეც, რადგან დ. გ–ს მიაჩნდა, რომ ქმრის გარეშე ცოლი არსად უნდა წასულიყო. მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე დ–ი უკან მიყვებოდა ავტომანქანით. მეუღლემ მას ცალსახად უთხრა, რომ თუ იმუშავებდა, მხოლოდ მასთან ერთად. 2022 წლის დაახლოებით 8-9 ნოემბერს, ა–ში, თ–ს ქუჩა №..-ში, დ–მა მასზე ფიზიკურად იძალადა. კერძოდ, ჩხუბისას ხელი სახეში გაარტყა, რა დროსაც დაუზიანდა მარცხენა თვალი და ჩაულურჯდა. აღნიშნულის ამსახველი ფოტოები ინახება მის მობილურ ტელეფონში. აღნიშნული ძალადობის შემსწრენი იყვნენ დედამთილი და დედა. 2023 წლის 28-30 აგვისტოს, დ–სის მიერ წამოწყებული ერთ-ერთი ჩხუბისას, თ–ში, ა–ში, თ–ს ქუჩა №..-ში, ხელი ისე ძლიერად გაარტყა სახეში, რომ მომდევნო დღეებში ყბა-სახის მარცხენა მხარე თითქმის პარალიზებული ჰქონდა, ვერ ჭამდა და მარცხენა ყურში არ ესმოდა. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობით განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი დედამთილი. მეორე დღეს დ–სმა თვითონ მიიყვანა ექიმთან – ნ. შ–სთან, რომელმაც გამოუწერა რეცეპტი, რაც შენახული აქვს. 2023 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 15:00-16:00 საათისთვის, როდესაც თვითონ და დ–სი მარტო იმყოფებოდნენ საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე დ–მა დაუწყო ლანძღვა, შემდეგ კი გადავიდა მისი ოჯახის წევრების ლანძღვაზე. ყვირილით, მბრძანებლური ტონით მიმართავდა ეძახდა უწმაწურ სიტყვებს, მისი, მისი ძმის და დედის მოკვლით დაემუქრა და უთხრა, რომ მას მტკვარში გადააგდებდა, დედამისს კი დახვდებოდა ლიფტში და მოვკლავდა. ვინაიდან დ. გ. მუდმივად ძალადობდა მის მიმართ და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჰქონდა აგრესია, მუქარა აღიქვა რეალურად და იფიქრა, რომ ნათქვამს სისრულეში მოიყვანდა. ჩხუბისა და მუქარისას, მოულოდნელად მეუღლემ მთელი ძალით მარჯვენა ხელი თავში, მარცხენა ყურიდან ზედა მხარეს შემოარტყა. აღნიშნული ქმედებით მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ტკივილისგან ღამით ვერც დაიძინა. მან დარტყმის გამო, ყვირილი დაიწყო და ოთახში მათი ბავშვები, დედამთილი – ქ. გ–ი და დედამთილის დისშვილი – დ. ც–ე შევიდნენ. მან ერთი შვილი ხელში აიყვანა და ოთახიდან გამოვიდა, ხოლო მეორე ბებიას ეხუტებოდა. დაზარალებულის განმარტებით, მისი ოთახიდან გამოსვლის შემდეგ, მეუღლემ დაურეკა დედას – ე. ბ–ს, თუმცა მათი საუბარია არ გაუგია. შემდეგ დედამ გადმოურეკა, რომელიც საუბრისას გახდა ცუდად.
5.5. დაზარალებულ ე. ბ–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2023 წლის 8 დეკემბერს, დ. გ–მ ტელეფონის ნომრიდან ........, დაურეკა ტელეფონის ნომერზე ........ და ყვირილით უთხრა, რომ მისულიყო და მისი შვილისთვის მიეხედა, თორემ თუ მათი ოჯახი დაინგრეოდა, ცოცხალს არავის დატოვებდა. მან აღნიშნული აღიქვა მუქარად, რადგან დ–სის მიერ მისი შვილის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობების გამო, მუდმივ სტრესშია და სჯერა, რომ დ–სი ნათქვამის შემსრულებელია. იმ მომენტში კი, მისი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით რეალურად ეჩვენა მისი მხრიდან ქმედების სისრულეში მოყვანა. დ–ს ზარის შემდეგ ა–ს გადაურეკა, რომელიც შეშინებული, ხმის კანკალით და ტირილით ელაპარაკებოდა და ჩურჩულით უთხრა, გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია და თვითონაც მისულიყო, რადგან დ–მა თავში ძლიერად ჩაარტყა, რის გამოც თავი საშინლად სტკიოდა. ვინაიდან აქვს შაქარი და წნევამაც აუწია, წასვლა ვერ შეძლო და ვერც პატრული გამოიძახა. საღამოს დ–მა თავად მიიყვანა ა–ა მის სახლში. 2023 წლის ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში, ა–ა დ–ს ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ წამოსული იყო და მასთან ცხოვრობდა. ამ პერიოდში დ–ი ა–ს შვილებს არ აკარებდა. ე. ბ–მა დაარწმუნა ა–ა, რომ დ–სთვის ერთი შანსი კიდევ მიეცა და ანა შვილების ხათრით დაბრუნდა. მოგვიანებით გაიგო, რომ 29-30 აგვისტოს, დ–ს ა–სთვის ისე გაურტყამს ყბა-სახის მარცხენა მხარეს ხელი, რომ ექიმის დახმარება დასჭირვებია და ექიმთან თვითონ დ–სს მიუყვანია. ე. ბ–ს განმარტებით, 2022 წლის 8-9 ნოემბერს დ–მა ა–ს ხელი გაარტყა და მარცხენა თვალი ჩაულურჯა. დ–ი არა მარტო ა–ზე ძალადობდა ფსიქოლოგიურად, არამედ მასზეც. ყოველი კომუნიკაციისას ხან რით იყო უკმაყოფილო და ხან რით. იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით აფიქსირებდა მისადმი უკმაყოფილებას. მანამდე ა–ს ემუქრებოდა ხოლმე, გამოკითხვის დღესა და მის წინა დღეს მის მიმართაც დააფიქსირა უწმაწური სიტყვებით მუქარა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დ–ს მიერ მუქარისა და შეურაცხყოფების ფაქტები ჩაწერილი და შენახული აქვს მობილურ ტელეფონში.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების ა. ჩის და ე. ბ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად მიუთითეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულების მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა.
5.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებულია დაზარალებულების ჩვენებებთან და ავსებენ მათ. მოწმეების – ნ. შ–ს და ნ. თ–ს ჩვენებები, ც. ტ–ს და კ. გ–ს გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, ა. ჩ–ს მიერ წამოდგენილი ფოტოსურათები, შემაკავებელი ორდერები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულების მოწოდებულ ინფორმაციას.
5.8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეული ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
5.9. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ საქმე განხილული იქნა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით - ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მართალია დაზარალებულებმა სასამართლოში წარადგინეს განცხადებები, რომ მათ არ სურდათ დ. გ–ს მამხილებელი ჩვენების მიცემა, თუმცა შემდგომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის დაზარალებულების ა. ჩ–სა და ე. ბ–ს გამოკითხვის ოქმები და შესაბამისად, მათში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. საგულისხმოა, რომ დაზარალებულების მიერ წარდგენილი განცხადებები, ვერ ჩაანაცვლებს სასამართლოს წინაშე გაცხადებულ ნებას – ჩვენება არ მისცეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ, ამასთან ვერ დაუკარგავს მტკიცებულებით ძალას მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ გამოკითხვის ოქმებს.
5.10. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მან მტკიცებულებები მოსამართლის მინიშნების საფუძველზე სცნო უდავოდ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომის ოქმით დგინდება, რომ მხარეები პროცესის დაწყებამდე იყვნენ შეთანხმებულნი მტკიცებულებათა უდავოდ ცნობაზე. მოსამართლემ უდავოდ ცნო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის დაცვის მხარის მტკიცებულებებიც. საკასაციო პალატას გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ მსჯავრდებული დ. გ–ე თავად არის ადვოკატი (საერთო სპეციალიზაციით), ამასთან მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდნენ უფლებადამცველები, შესაბამისად საფუძველსაა მოკლებული მისი პოზიცია, რომ მან მოსამართლის მინიშნების გამო (რასაც ადგილი არ ჰქონია) მიიჩნია მტკიცებულებები უდავოდ, ვინაიდან დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევის სამართლებრივი შედეგები.
5.11. რაც შეეხება, დ. გ–ს მოთხოვნას მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის გაუქმების შესახებ - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მსჯავრდებულის წინასწარი თანხმობით, როგორც რისკის დამზღვევი მექანიზმი. საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. გ–მ 2024 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა თანხმობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრის (რომლითაც ითხოვს დამცავი ორდერის გაუქმებას) ცალკე განხილვის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ვინაიდან დამცავი ორდერი გამოიცემა მხოლოდ ამნისტიის კანონის გავრცელებისას, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე და წარმოადგენს განაჩენის განუყოფელ ნაწილს. ამასთან, დამცავი ორდერი გამოიცემა მსჯავრდებულის წინასწარი თანხმობით, რა დროსაც მისთვის განჭვრეტადია შესაძლო შეზღუდვები.
5.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს №914აპ-20 და №741აპ-22 გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე