საქმე # 050100124008936777
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე 1300აპ-24 ქ. თბილისი
მ. მ. 1300აპ-24 26 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,
პროკურორ – მალხაზ სირაძის,
ადვოკატ – მ. ჩ–ს,
მსჯავრდებულ – მ. მ–ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – მალხაზ სირაძის შუამდგომლობა მ. მ–ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. მ–ს, – პ/ნ ......... – ბრალად ედებოდა:
1.1. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
1.2. მ. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ. მ–იემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და 2024 წლის 17 თებერვალს, „JMC“-ს მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი ......) ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში გამავალ საავტომობილო გზაზე გადაადგილების დროს პირადად, „ADIDAS“-ის მარკის შავი ფერის ქურთუკის ელვაშესაკრავიან მარჯვენა ჯიბეში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის 7 ცალ ვაზნას, რაც 2024 წლის 17 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-ს პოლიციის დეპარტამენტის ლ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა მ. მ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენით:
2.1. მ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. მსჯავრდებულ მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან, კერძოდ, 2024 წლის 17 თებერვლის 17:58 საათიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. გ–მა, რომელიც ითხოვდა მ. მ–სათვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობის შეფასებას.
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. გ–მა მოითხოვა მ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. 2024 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჩ–მა და მიუთითა, რომ ბრალდების მხარესთან მიღწეული იყო საპროცესო შეთანხმება, შეთავაზებული პირობები დაცვის მხარისათვის მისაღები იყო და ტექნიკური საკითხების მოგვარება საჭიროებდა რამდენიმე დღეს (მაქსიმუმ ერთ კვირას).
7. 2024 წლის 18 დეკემბერს ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ მალხაზ სირაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და მ. მ–ს შორის 2024 წლის 17 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
7.1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულ – მ. მ–სთან მიმართებით 2024 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ გაითვალისწინა, რომ მ. მ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან. საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, პროკურორსა და მსჯავრდებულ მ. მ–ს შორის, მისი ადვოკატის მონაწილეობით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
8. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძე შუამდგომლობით ითხოვს:
ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის განაჩენი და მ. მ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს აღნიშნული დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ მ. მ–სა და მისი ადვოკატის მ. ჩ–ს განცხადება, რომლის თანახმადაც, მ. მ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ადვოკატისაგან მიღებული კონსულტაციის შემდეგ მსჯავრდებულმა მ. მ–მ გამოთქვა სურვილი მასთან დაიდოს საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველია ბრალის სრული აღიარება, ხოლო სასჯელის სახით განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. მ. მ–იე გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, მოსალოდნელი განაჩენის არსსა და სამართლებრივ შედეგებს. განმარტებული აქვს, რომ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლების გარეშე. აგრეთვე, საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან, ხოლო საპროცესო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
11. 2024 წლის 26 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. გ–მა, რომელმაც მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რის დამტკიცებასაც ითხოვენ მხარეები, შესაბამისად, გამოთხოვილ უნდა იქნეს საქმეზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი.
12. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მალხაზ სირაძემ, მსჯავრდებულმა მ. მ–მ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჩ–მა.
13. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საკასაციო საჩივართან მიმართებით დაადასტურა ადვოკატ მ. მ–ს განცხადება და მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მ. მ–იის მიმართ.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორ მალხაზ სირაძესა და მ. მ–ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.
2. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველ ნაწილს (საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ); ამავე მუხლის მე-5 ნაწილს (მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება); საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილს (სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი); ამავე მუხლის მე-61 ნაწილს (თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს).
3. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მ. მ–ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მ. მ–ე ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მ. მ–ე ადასტურებს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართალწარმოების (მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების) ფარგლებში დაცვის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია; სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს; მისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს ნასამართლობას, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საპროცესო შეთანხმების განხილვისას მიაწვდის სასამართლოს.
4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მ. მ–ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისიწნებული დანაშაული) და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ მ. მ–სათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ის ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მ. მ–სა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა; მ. მ–ე და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
5. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები) დასტურდება მ. მ–იის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული საქართველოს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
6. მ. მ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით დადგენილი სტანდარტით დასტურდება როგორც მისი აღიარებით, ასევე - მოწმეების: გ. ე., რ. მ–ის, ი. კ–ს, ვ. ჩ–ს, ვ. ი–ს, გ. გ–ა და მ. მ–ს გამოკითხვის ოქმებით; მ. მ–ს პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით; ბალისტიკური ექსპერტიზის №... დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. მ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს (პროკურორი უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე), საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის N881აპ-23 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის N1274აპ-23 განაჩენი), საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მ. მ–ს პიროვნებას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, par. 17, ECtHR, 27/11/2008; Ruciński v. Poland, no. 33198/04, par. 12, ECtHR, 20/02/2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08; 36742/08, ECtHR, 6/07/2010)...საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა" (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no. 9043/05, par.90, ECtHR, 24/04/2014).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრითა და საკასაციო საჩივრითაც სადავოდ არ ხდიდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის (შესაბამისად - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის) განაჩენების დასაბუთებულობას და მსჯავრდებას. დაცვის მხარე ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას და საპროცესო შეთანხმების დადებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის მალხაზ სირაძის შუამდგომლობა მ. მ–ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
12. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა)).
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორი დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ მოთხოვნას – საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
13.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
13.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ნორმალურია, გასაჩივრების უფლება შეიზღუდოს საპროცესო შეთანხმებიდან გამომდინარე, რადგან ბრალდებული უარს ამბობს საქმის არსებითად განხილვაზე (Krombach v. France, no. 29731/96, par.96, ECtHR, 2001-II; Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no. 9043/05, par.96, ECtHR, 24/04/2014).
13.3. შესაბამისად, მ. მ–იის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. გ–ს – საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
13.4. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძესა და მსჯავრდებულ მ. მ–ს შორის;
4. მ. მ–იე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით თავსიუფლების აღკვეთა;
5. მსჯავრდებულ მ. მ–იეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2024 წლის 17 თებერვლიდან;
6. 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის (ნომერი არ იკითხება) პისტოლეტი მჭიდით, 9 მმ
კალიბრის 3 ცალი ვაზნა და მასრები (ინახება შსს გ-ს პოლიციის დეპარტამენტის ლ-ის რაიონულ სამმართველოს ლ-ის პოლიციის განყოფილებაში) საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
7. მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე