Facebook Twitter
3კ-1430-02

3კ-1430-02 24 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. მ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თ. დ.-ის წინააღმდეგ შვილის _ გ. მ.-ის ნახვის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ.მ.-ის სარჩელი და მას შვილთან გ. მ.-თან ურთიერთობისათვის დაუწესა ნახვის დღეები კვირაში 2-ჯერ. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა თ.დ.-ის შეგებებული სარჩელი და შ. მ.-ს გ.მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა. ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება თ.დ.-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მხარეები მორიგდნენ და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა. მხარეთა შეთანხმება დადასტურდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 სექტემბრის განჩინებით და საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული განჩინების გაუქმება მოთხოვნილ იქნა შ. მ.-ის კერძო საჩივრით იმ მოტივით, რომ იგი შეცდომაში შეიყვანა თ. დ.-ის წარმომადგენელმა ი. გ.-მ, ხოლო იგი თავად არ გასცნობია მორიგების აქტს, ისე მოაწერა ხელი. შესაბამისად, მორიგების აქტში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინებით შ.მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო რა საქმის მასალებს, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილი დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე ამკვიდრებს მხარეთა უფლებას საქმის წარმოების მორიგებით დამთავრებაზე, რაც გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ ურთიერთდათმობის შედეგად სადავო ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგებას და ეფუძნება მორიგების აქტით გამოხატულ მხარეთა ნებას შეთანხმებაზე. ამდენად, სასამართლოსმიერი მორიგება თავისი იურიდიული ბუნებით მხარეთა ნების გამოვლენაა გარიგებაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით.

შ.მ.-ს მიაჩნია, რომ იგი შეცდომაში შეიყვანა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა და მორიგების აქტს გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი. სსკ-ს 274-ე მუხლი აწესებს რა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, კანონი უშვებს ისეთ გარემოებებსაც, რომლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მორიგება გაუქმდეს. ასეთ გარემოებებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი გარიგების ბათილობის გამომწვევი გარემოებები, რომელთა არსებობა კერძო საჩივრით არ დასტურდება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შედგენილი მორიგების აქტის სისწორე და სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნა დადასტურებულია თვით კერძო საჩივრის ავტორის შ.მ.-ის მიერ და მხარეებს განემარტათ საქმის მორიგებით დამთავრების შედეგები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სასამართლო კოლეგიის 2002წ. 4 სექტემბრის სხდომის ოქმით დადგენილია ის გარემოებაც, რომ სადავო მორიგების აქტი გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე.

მოდავე მხარეთა შორის მორიგება სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტით წარმოადგენს რა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებით შ.მ.-ის სარჩელზე საქმის წარმოება კანონიერად იქნა შეწყვეტილი.

აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ შ.მ.-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, ქუთაისის საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილი განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სსკ-ს 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 სექტემბრისა და 25 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.