გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1435-02 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “მ.” დირექტორის _ მ. ჯ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “მ.” საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილების თაობაზე და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2003წ. 29 ივლისს შპს “მ.” დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების ბათილად ცნობა იმის გამო, რომ იგი მიწვეული არ ყოფილა სასამართლო პროცესზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “მ.” სასამართლო პროცესზე წარმოადგენდა თ. გ-ე, რომელსაც გააჩნდა წარმომადგენლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. გ-ე მონაწილეობდა სასამართლო პროცესში, როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციაში. მისი გამოუცხადებლობის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა ორჯერ გადაიდო. მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო ასევე ორჯერ გადაიდო საქმის განხილვა მეორე ინსტანციის სასამართლოში, ხოლო 2002წ. 27 მაისს მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
შპს “მ.” წარმომადგენლის თ. გ-ის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო ამავე სასამართლოს 2003წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს “მ.” წარომადგენელმა თ. გ-ემ. საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2003წ. 12 მარტს, მაგრამ შპს “მ.” წარმომადგენლის თ. გ-ის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაიდო 2003წ. 19 მარტისათვის. მითითებულ დღეს თ. გ-ე გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მაგრამ მისი შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაიდო 2003წ. 26 მარტისათვის. მას ჩამოერთვა სათანადო ხელწერილი სხდომაზე გამოცხადების თაობაზე.
2003წ. 26 მარტს შპს “მ.” წარომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, რის გამოც თ. გ-ის საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მის დაუსწრებლად.
მართალია, სასამართლო პროცესზე მოწვევა არ გაეგზავნა უშუალოდ შპს “მ.”, მაგრამ მისი წარმომადგენელი, რომლის მიერაც უშუალოდ იყო შეტანილი საკასაციო საჩივარი, დადგენილი წესით მოწვეული იყო სასამართლო პროცესზე.
სს-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
სსკ-ს 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილების თაობაზე მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ხოლო ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სრულყოფილი უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში შპს “მ.” ხელმძღვანელს თ. გ-ეზე მიცემული ჰქონდა სრულყოფილი წარმომადგენლობის უფლება, რომლის საფუძველზეც მან თავისი სახელით შეიტანა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
სსკ-ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილით საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული პირი საქმეში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს, შეტყობინება საქმის ზეპირი განხილვაზე მოწვევის შესახებ ეგზავნება იურიდიული პირის წარმომადგენელს, ვინაიდან უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს “მ.” წარმომადგენელ თ. გ-ეს სათანადო წესით ეცნობა მის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ და მასზე გაცემული რწმუნებით მას შესაძლებლობა ჰქონდა იურიდიული პირის სახელით შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება, იურიდიული პირისათვის ცალკე შეტყობინების ჩაუბარებლობა არ წარმოადგენს იმ დარღვევას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილობა. საწინააღმდეგო მოქმედება იმ განჩინების ბათილობასაც გამოიწვევდა, თუ საკასაციო საჩივრის განხილვაში მოწვეული იურიდიული პირის წარმომადგენელი (სათანადო რწმუნებით) მონაწილეობდა საკასაციო საჩივრის განხილვაში, მაგრამ მისი მარწმუნებელი, იურიდიული პირის წარმომადგენლობის უფლების მქონე პირი არ იყო მოწვეული დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე მოწვევის აუცილებლობა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლო სხდომაზე მოხდეს მხარის კანონით დაცული ინტერესების რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, როცა მხარე იურიდიული პირია და იგი წარმომადგენლის მეშვეობით (სათანადო სრულყოფილი რწმუნების საფუძველზე) ახორციელებს თავისი უფლებების დაცვას, საფრთხე იმის შესახებ, რომ მხარე სასამართლო პროცესზე აღმოჩნდება დაუცველი, გამორიცხულია. საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, როცა იურიდიული პირის სახელით საკასაციო საჩივარი შეტანილი აქვს იურიდიული პირის წარმოადგენელს, ამ წარმომადგენლის ან მისი მარწმუნებლის მოწვევა აუცილებელია (თუკი საკასაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობს საქმის ზეპირი განხილვით). საქმის განხილვაში შესაძლებელია მოწვეულ იქნეს როგორც წარმომადგენელი, ისე წარმომადგენლობის გაცემის უფლების მქონე პირი, მაგრამ წარმომადგენლობის უფლებამოსილების გამცემი პირის მოუწვევლობა არ იწვევს სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტში მითითებულ შედეგებს, ვინაიდან იურიდიული პირის ინტერესები დაცულია მისი წარმომადგენლის მოწვევითაც. მითუმეტეს აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის ზეპირი განხილვის გარეშეც მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება და საერთოდ არ მოიწვიოს არც მხარეები და არც მათი წარმომადგენლები.
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს “მაიას” განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ.” დირექტორის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.