საქმე N 330141224010138109
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1761-24 3 დეკემბერი, 2024 წელი
გ–ი ა., N1761-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №. პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. გ–ს (პირადი ნომერი: .............) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით, ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, ა. გ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ა. გ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 9 თვითა და 15 დღით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ა. გ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი სასჯელის მოხდისგან.
ა. გ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 27 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულმა ა. გ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის განახევრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ა. გ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ამ მუხლის მოქმედება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ა. გ–ი არის განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე, ამასთან, მას მსჯავრი ასევე დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, ა. გ–ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრულ სასჯელს – ჯარიმას, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა. გ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გავრცელება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირება არის კანონიერი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე